გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრია ზრდას კვლავ მძლავრი ტემპებით განაგრძობს. წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, მწარმოებლები პროცესებს წარმატებისკენ სრული სვლით მიმართავენ. გასული კვირაც კვლავინდებურად ნაყოფიერი აღმოჩნდა. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: Honda-ს მიერ ჩინურ ბაზარზე ახალი ავტომობილის წარდგენა, BMW-ს განახლებული ბიზნესმოდელის თავისებურებები, სასიამოვნო სიახლეები Tesla Cybertruck-ის წარმოებასთან დაკავშირებით, Nikola-ს საწარმოო შესაძლებლობების მიმოხილვა, Polestar-ის ინვესტიციების ახალი რაუნდის დეტალები, რუსული ბაზრის დაღმასვლის ტენდენციები და სხვა.

Honda-მ ჩინეთში ახალი ელექტრომობილი წარადგინა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Honda-მ ჩინეთში რიგით მეორე ელექტრომობილი წარადგინა. ამ ნაბიჯით მწარმოებელმა მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.

REUTERS/Athit Perawongmetha

ჩინური ბაზარი პრიორიტეტად Honda-მ ჯერ კიდევ გასულ წელს დასახა და იქ GAC-თან და Dongfeng-თან პარტნიორობით ელექტრომობილების ბრენდი e:N Series-ი დააფუძნა. საკუთარი პირველი ელექტრომობილის ჩინეთში გაყიდვა კი იაპონურმა მწარმოებელმა აპრილიდან დაიწყო.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტოშიჰირო მიბეს განცხადებით, Honda ჩინეთში ელექტრომობილების ბრენდად პოზიციონირებას აპირებს და ბაზარს ისეთ ავტომობილებს შესთავაზებს, რომლებიც მხოლოდ Honda-სთან არის ასოცირებული.

Honda-სა და სხვა იაპონური მწარმოებლების, Toyota-სა და Nissan-ისათვის ყველაზე დიდ გამოწვევას Tesla-სა და ადგილობრივ მწარმოებლებთან კონკურენცია წარმოადგენს. Honda-ს მიზანი 2030 წლისთვის გლობალურად 30 ელექტრომოდელის წარდგენაა. გარდა ამისა, კომპანია ამ დროისათვის ყოველწლიურად 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს.

BMW-ის CFO: კომპანია საკუთარი ავტომობილების პირდაპირ, დილერების გარეშე გაყიდვას გეგმავს

გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის ფინანსური დირექტორის მიერ გერმანული გაზეთისათვის მიცემული ინტერვიუს თანახმად, კომპანია საკუთარი ავტომობილების პირდაპირ, დილერების გვერდის ავლით გაყიდვას გეგმავს. ნიკოლას პეტერის განმარტებით, მომავალში მომხმარებლებს ავტომობილის შეკვეთა პირდაპირ მწარმოებლისთვის, დილერის დახმარების გარეშე შეეძლებათ.

REUTERS/Bob Strong

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ახალი მოდელი 2024 წლიდან ამოქმედდება და ის თავდაპირველად Mini-ს მოდელებს შეეხება. BMW-ის მოდელებისათვის მსგავსი მიდგომა კი 2026 წლიდან დაინერგება. კომპანიის ინფორმაციით, BMW პარტნიორ დილერებთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს.

Cybertruck-ის მასობრივ წარმოებას Tesla 2023 წლის ბოლოს დაიწყებს

როგორც ცნობილი გახდა, Cybertruck-ის მასობრივ წარმოებას Tesla თავდაპირველად დასახულ მიზანზე ორი წლით გვიან, 2023 წლის ბოლოს დაიწყებს. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, კომპანიის პირველი ელექტროპიკაპის წარმოების დაწყება ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა.

REUTERS/Jeenah Moon

ილონ მასკის განცხადებით, Cybertruck-ის წარმოების დასაწყებად სამუშაოები უკვე ბოლო ფაზაშია. გასულ თვეში Tesla-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ახალი მოდელის გამოსაშვებად ოსტინში მდებარე ქარხანა თითქმის სრულად მზად არის.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ამ ეტაპისთვის თავისი პირველი ელექტროპიკაპის არც საბოლოო ფასი დაუკონკრეტებია, არც მანქანის საწარმოო ვერსია და არც პიკაპის ელემენტთან დაკავშირებული დეტალები. 2019 წელს კომპანიამ Cybertruck-ის სავარაუდო ღირებულება $40,000-ად შეაფასა, თუმცა ამის შემდგომ როგორც Tesla-ს, ასევე სხვა ავტომწარმოებლების მანქანების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

წყაროთა ნაწილის ინფორმაციით, Cybertruck-ი Tesla-ს პოპულარულ, 4680 ელემენტს გამოიყენებს. თუმცა Guidehouse Insights-ის ანალიტიკოსი სემ აბულსამიდი ირწმუნება, რომ Tesla-მ ელემენტების შიდა წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა ვერ შეძლო, რამაც შეიძლება, 2023 წლის ბოლოს პიკაპის გამოშვების კიდევ ერთხელ გადავადება გამოიწვიოს.

მისივე განცხადებით, Tesla-ს შესაძლოა, Cybertruck-ისთვის ელემენტების გადაკეთება და მისი ჩვეულებრივ, 2170 ელემენტებზე გადაყვანა მოუწიოს.

EV-ების მწარმოებელი Nikola ელექტროსატვირთოების მიწოდების წლიურ მიზანს ჩამორჩება

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების მწარმოებელი Nikola Corp-ი საკუთარ წლიურ საწარმოო მიზანს ჩამორჩება. კომპანიას წელს მომხმარებლებისათვის 300 ერთეული ელექტროსატვირთოს მიწოდება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა დაუზუსტებელი მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს.

REUTERS/Fabian Bimmer

საინტერესოა ისიც, რომ Nikola-მ არც ახალი საწარმოო პროგნოზის გაკეთება ისურვა. შედეგად, სიახლეების გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციათა ფასი 3%-ით შემცირდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, კომპანიამ წელს 125 ერთეული სატვირთო აწარმოვა, მომხმარებლებს კი 111 მიაწოდა. მხოლოდ მესამე კვარტალში Nikola-მ 75 ერთეულის წარმოება და 63 მათგანის მიწოდება შეძლო.

EV-ების მწარმოებელმა Polestar-მა მთავარი მეწილეებისაგან $1.6 მლრდ მიიღო

ელექტრომობილების მწარმოებლის, Polestar-ის განცხადებით, კომპანიამ ორი მთავარი მეწილისგან ინვესტიციის სახით დამატებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. კომპანიის განცხადებით, 800 მილიონი დოლარი სესხის სახით Polestar-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შვედურმა Volvo-მ გასცა. ხოლო დანარჩენი ინვესტიცია არაპირდაპირი და პირდაპირი ფინანსური აქტივების სახით PSD Investment-მა განახორციელა.

REUTERS/Victoria Klesty

შვედური ავტომწარმოებლის, Volvo-ს განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია კომპანიას 2023 წლის ფინანსურ საჭიროებებს დაუკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ Volvo Polestar-ის 48%-ის მფლობელია. საინტერესოა, რომ Volvo Polestar-ში ინვესტირების გარდა ელექტრომობილების საკუთარი ხაზის განვითარებაზეც ბევრს ფიქრობს. კომპანიის მიზანი 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილებზე გადასვლაა.

ცნობისათვის, ივნისში Polestar-მა საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე SPAC-ის პრინციპით განათავსა. კომპანია 2026 წლისთვის დამატებით 3 ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

ადგილობრივი წარმოების შეფერხების ფონზე რუსეთი ავტომობილების იმპორტს იაპონიიდან განიხილავს

Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ავტომობილების იმპორტს იაპონიიდან გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსული ბაზარი თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა დატოვა. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა მიწოდების გარეშე დარჩა.

REUTERS/Toru Hanai

მიუხედავად ადგილობრივი წარმოების დაწყებისა და საბჭოთა Moskvich-ების გაცოცხლებისა, რუსეთის მთავრობას ალტერნატიული გზების ძიებაც უწევს. დასავლური სანქციების ფონზე კი ერთ-ერთ ვარიანტად კრემლი ავტომობილების იაპონიიდან იმპორტირებას განიხილავს.

ცნობისათვის, ომამდე რუსეთის საავტომობილო ბაზრის მეხუთედს სწორედ იმპორტირებული პროდუქცია წარმოადგენდა, ამ სექტორის შემოსავლების ნახევარს ასევე იმპორტი განაპირობებდა. რუსული ანალიტიკური სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში იმპორტირებული ავტომობილების 76% ომამდეც სწორედ იაპონიაზე მოდიოდა. მეორე ადგილზე კი 5.3%-ით ბელარუსი იმყოფებოდა.

საინტერესოა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ იაპონიის მთავრობას რა პოზიცია ექნება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე. დააწესებს თუ არა რაიმე შეზღუდვებს იაპონიის მთავრობა ავტომობილების რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.

დედოფალ ელისაბედ II-ის Jaguar X-Type-ი აუქციონზე გაიყიდება

ბრიტანეთის აწ განსვენებული მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის კუთვნილი Jaguar X-Type-ი აუქციონზე გაიყიდება. 2009 წელს გამოშვებულ ზურმუხტისფერ „იაგუარს” სამეფო ოჯახისათვის 75,000 მილი (120,000 კმ) აქვს გავლილი, რაც მას კოლექციონერებისთვის ისტორიულ და სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს.

Yahoo.com

ეს ფურგონის ტიპის ავტომობილი 3 ლიტრის მოცულობის, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც დაახლოებით 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ Jaguar-ის ეს მოდელი ავტომოყვარულთა კეთილგანწყობით არასოდეს სარგებლობდა, რაზეც მისი მკვეთრად შემცირებული ფასიც მიუთითებს, რომელიც ამჟამად დაახლოებით 10,000 დოლარის ფარგლებშია.

მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ 26 ნოემბერს დაგეგმილ აუქციონზე Jaguar-ის ეს კონკრეტული ზურმუხტისფერი მოდელი აუცილებლად იქნება როიალისტთა და კოლექციონერთა ყურადღების ცენტრში. დედოფლის ავტომობილის აუქციონზე განთავსებას Historics Auctioneers-ი უზრუნველყოფს და ფსონების მიღება 1 დოლარიდან დაიწყება.

ცნობისთვის, სამეფო ოჯახის კოლექცია არაერთ ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ ავტომობილს მოიცავს, მათ შორის, სპეციალურად მონარქისთვის შექმნილ Rolls-Royce-სა და Bentley-ს.

EU-ში მესამე კვარტალში გაყიდული ახალი ავტომობილების 43%-ს EV-ები და ჰიბრიდები შეადგენენ

ავტომობილების მწარმოებლების ევროპული ასოციაციის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე მესამე კვარტალში გაყიდული ახალი ავტომობილების 43%-ს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები შეადგენენ.

REUTERS/Eric Gaillard

ასოციაციის ინფორმაციით, გასული წლის იმავე პერიოდში სრულად ელექტრო, დამუხტვადი და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები საერთო მოცულობის 40%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა.

საინტერესოა, რომ სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვებმა მესამე კვარტალში 11.9% შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე კვარტალის მონაცემებზე 22%-ით მაღალი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკავშირმა შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე ახალი აკრძალვა დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, 2035 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები იწარმოება და გაიყიდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *