ბოლო 12 წლის განმავლობაში დსთ-ს წევრმა და რეგიონის ქვეყნების საბანკო სისტემამ არაერთი ეკონომიკური შოკი გამოიარა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი საბანკო სისტემებში არსებული დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების მაღალი ტემპი და სუსტად ჰეჯირებული მსესხებლების რაოდენობაა. Fitch რეგიონის საბანკო სისტემის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ 2014-2015 წლებში, როდესაც რეგიონის ვალუტები მკვეთრად გაუფასურდა უკრაინის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საბანკო სისტემაში გაიზარდა საკრედიტო დანაკარგები. ეს რისკები დღესაც საკმაოდ მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონის ქვეყნებში უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება კვლავაც მაღალია. კერძოდ: აზერბაიჯანში 40%; უკრაინაში 48%; ბელარუსში 49%; უზბეკეთში 55%; საქართველოში 56%; სომხეთში 58%.
მეორე პრობლემად სახელდება სუსტი ზედამხედველობა და ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ქვეყნებში გაკოტრეული, თუ გაკოტრების პირას მყოფი ბანკების „გადასარჩენად“ სახელმწიფო რესურსის მიმართვა ხდება. ამის მაგალითად სახელდება რუსეთი და ყაზახეთი. სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში ამ მიზნით დღემდე დაახლოებით 80 მილიარდი დოლარია დახარჯული.
“ყაზახეთში BTA-ს, უკრაინაში Privatbank-ის, ხოლო აზერბაიჯანში კი “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის” შემთხვევაში, ხელმძღვანელობამ ბანკების ტვირთის გაზიარება უცხოელი კრედიტორების დახმარებით გადაწყვიტა, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია. ჩვენი გათვლებით BTA-ში უცხოელმა კრედიტორებმა $13 მლრდ დაკარგეს. ყაზახეთშიც, აზერბაიჯანშიც და უკრაინაშიც ბანკების რეიტინგებზე გავლენას ახდენს სახელმწიფოს მხრიდან პროცესებში თანამონაწილეობა, უკრაინაში კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკებისადმი დახმარება კვლავ აქტუალურია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
კიდევ ერთ რისკად სახელდება საცალო დაკრედიტების ზრდის ტემპი. აღნიშნული რისკის შესამცირებლად საკრედიტო სააგენტო ქვეყნებს შემოსავლისა და ვალის მომსახურებაზე ლიმიტების დაწესებას ურჩევს.
ჯამში, რეგიონის საბანკო სისტემის ყველაზე რთულ რისკად მაღალი დოლარიზაცია სახელდება.
Fitch-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ქართული ბანკებისადმი და პროგნოზი შემდეგნაირია:
- პროკრედიტ ბანკი: BB+; სტაბილური
- ქართუ: B; სტაბილური
- ბაზისბანკი: B+; სტაბილური
- ხალიკ ბანკი: BB-; პოზიტიური
- ლიბერთი ბანკი: B+; სტაბილური
- საქართველოს ბანკი: BB-; სტაბილური
- TBC: BB-; სტაბილური
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში ბანკების რეიტინგის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, თუ დოლარიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო, ეს რეიტინგებზე პოზიტიურად აისახება.
ბანკების საკრედიტო რეიტინგები მათ ფინანსურ მდგრადოაბსთან ერთად, დაკავშირებულია როგორც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან, ასევე მათი მფლობელი კომპანიის რეიტინგთან. Fitch საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, ხოლო მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური.