ფოტო: AFP/Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად პეკინში ჩავიდა. ის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სადაც, სავარაუდოდ, ტარიფების ნაწილობრივ შემცირებასა და ორ ქვეყანას შორის „მართვადი ვაჭრობის“ ახალი მექანიზმის შემუშავებას განიხილავენ. საუბარია დაახლოებით $30 მილიარდის ღირებულების იმპორტზე, რომელზეც ვაშინგტონი და პეკინი სავაჭრო ბარიერების შემცირებას გეგმავენ ისე, რომ შეთანხმება ეროვნული უსაფრთხოების „წითელ ხაზებს“ არ შეეხოს.
მოლაპარაკებების საფუძველი ე.წ. „ვაჭრობის საბჭოს“ იდეაა, რომელიც პირველად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა ჯერ კიდევ მარტში დაასახელა, როგორც მიმდინარე სამიტის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების კონკრეტული ფორმა ჯერ ბოლომდე განსაზღვრული არ არის, უკვე ნათელია, რომ ვაშინგტონის მიდგომა ჩინეთის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, აშშ ახლა აღარ ცდილობს პეკინი აიძულოს შეცვალოს საკუთარი სახელმწიფო-კონტროლირებადი და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელი. ახალი სტრატეგია უფრო პრაქტიკულ მიდგომას ეფუძნება – მხარეები ცდილობენ განსაზღვრონ ისეთი არასენსიტიური სექტორები, სადაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაშინ როცა ტექნოლოგიებსა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე არსებული შეზღუდვები ძალაში დარჩება.
გრირმა ცოტა ხნის წინ Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკური სისტემის გარდაქმნა რეალისტური მიზანი აღარ არის. მისი თქმით, აშშ ცდილობს იპოვოს გზები, სადაც ორი განსხვავებული ეკონომიკური მოდელის „დაკავშირება“ იქნება შესაძლებელი. მან ეს პროცესი სხვადასხვა სისტემისთვის განკუთვნილ „ადაპტერს“ შეადარა.
სამიტამდე მოსამზადებელი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩეონში, სადაც აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი ერთმანეთს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა ამერიკულ მედიასთან საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მხარეები დაახლოებით $30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების შემცირების საწყის ჩარჩო-შეთანხმებაზე მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად შემცირდა. აშშ-ის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის საქონლით ვაჭრობამ 2025 წელს 29%-ით იკლო და $415 მილიარდი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი $582 მილიარდი იყო. ამავე პერიოდში ამერიკის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან თითქმის 32%-ით შემცირდა და $202 მილიარდამდე დაეცა, რაც ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა იქნება. ვაშინგტონი ჩინეთში ამერიკული ენერგორესურსებისა და აგროპროდუქციის ექსპორტის გაზრდას ცდილობს. ამჟამად ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ ნავთობზე დამატებით 10%-იან ტარიფს აწესებს, თხევად ბუნებრივ აირზე – 15%-იანს, ქვანახშირზე – 15%-იანს, ხოლო საქონლის ხორცზე გადასახადი ზოგიერთ შემთხვევაში 55%-საც აღწევს.
თავის მხრივ, აშშ კვლავ ინარჩუნებს 2019 წელს, ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში დაწესებულ 7.5%-იან ტარიფებს ჩინურ სამომხმარებლო პროდუქციაზე. შეზღუდვები ეხება ტელევიზორებს, მეხსიერების მოწყობილობებს, Bluetooth-ყურსასმენებს, თეთრეულს, პრინტერებსა და ფეხსაცმლის მრავალ კატეგორიას. ამას დამატებული აქვს დროებითი 10%-იანი გლობალური ტარიფი, რომლის მოქმედების ვადა ივლისში იწურება.
ამასთან, განხილვის საგანია ზოგიერთი პროდუქტის ტარიფებისგან გათავისუფლების პროგრამის აღდგენაც. ტრამპმა 2025 წლის ნოემბერში ერთი წლით გაახანგრძლივა გამონაკლისები მზის ენერგიის ინდუსტრიისთვის საჭირო მოწყობილობებზე, ელექტროძრავებზე, სამედიცინო ტექნიკასა და სხვა ინდუსტრიულ პროდუქციაზე.
ეკონომიკური თანამშრომლობის პარალელურად, მხარეები ე.წ. „ინვესტიციების საბჭოს“ შექმნასაც განიხილავენ, რომელიც საინვესტიციო საკითხებზე იმუშავებს. თუმცა გრირის თქმით, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ჯერ იმ ეტაპზე არ არის, რომ ფართომასშტაბიან საინვესტიციო პროგრამებზე დაიწყოს საუბარი.
ამერიკელი კანონმდებლები, ავტომწარმოებლები, ფოლადის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ტექნოლოგიური კომპანიები ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებენ, რომ ჩინური ინვესტიციებისთვის ამერიკული ავტოინდუსტრიის გახსნა ქვეყნის საწარმოო სექტორს დააზარალებს და ადგილობრივი წარმოების პოზიციებს შეასუსტებს.
სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სავარაუდოდ, ტექნოლოგიური კონკურენცია და ხელოვნური ინტელექტის სექტორი იქნება, რასაც აშშ-ის დელეგაციაში ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელების მონაწილეობაც ადასტურებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ჯენსენ ჰუანგის პეკინში ვიზიტი, რადგან Nvidia ბოლო თვეებში აქტიურად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია დაარწმუნოს, გადახედოს ჩინეთისთვის AI-ჩიპების ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ზედმეტად მკაცრმა კონტროლმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკუთარი ტექნოლოგიური ეკოსისტემის უფრო სწრაფ განვითარებას შეუწყოს ხელი. ამ ფონზე, პეკინის სამიტი შესაძლოა არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობების, არამედ AI-ინდუსტრიაში გლობალური ძალთა ბალანსის განსაზღვრისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
იხილეთ ასევე: ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც ტრამპს ჩინეთში ვიზიტისას შეუერთდებიან











