ჩოგბურთის სერბმა ვარსკვლავმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობის ფინალში რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა და დიდი სლემის 24-ე ტიტული მიითვალა. ჯოკოვიჩმა მეტოქეს სამივე სეტში აჯობა და შეხვედრა საერთო ანგარიშით 3:0 დაასრულა.
წლევანდელი US Open-ის წყალობით, კარიერის განმავლობაში მოგებული დიდი სლემის ტურნირებით, კაცთა შორის ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ცნობისთვის, მის უახლოეს მდევარს, ესპანელ რაფაელ ნადალს მსგავსი რანგის 22 ტურნირი აქვს მოგებული.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ღია პირველობის ტიტულის დაუფლებით სერბმა ქალთა ჩოგბურთის ვარსკვლავ სერენა უილიამსს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 23 დიდი სლემია. გარდა ამისა, ის ავსტრალიელ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდა, რომელსაც კარიერის განმავლობაში ასევე დიდი სლემის 24 ტურნირი აქვს მოგებული. თუმცა ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით ჯოკოვიჩი კარიერას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, რომ მალე ზოგადი (ქალთა და მამაკაცთა შორის) რეკორდსმენი გახდეს.
მოპოვებული მნიშვნელოვანი ტიტულის გარდა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლევანდელი US Open-ის მოგების წყალობით, კარიერის განმავლობაში გამომუშავებული საპრიზო თანხაც მნიშვნელოვნად გაზარდა. აშშ-ის ღია პირველობის ტიტულთან ერთად სერბმა ჩოგბურთელმა ტურნირის გამარჯვებულისთვის დაწესებული 3 მილიონი აშშ დოლარიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამდენივე თანხა ერგო ქალთა US Open-ის გამარჯვებულს, კოკო გაუფს, შაბათს მიღწეული წარმატების წყალობით.
შედეგად, ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ კარიერის განმავლობაში მოგებულმა საპრიზო თანხამ 175 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით იგი ჩოგბურთელებს შორის საუკეთესოა. მეორე ადგილს $134.6 მილიონით რაფაელ ნადალი სჯერდება, მესამე პოზიციაზე კი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, რომელმაც კარიერის განმავლობაში საპრიზო თანხის სახით დაახლოებით $130.6 მილიონის მოგება შეძლო.