ფოტო: CNBC
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა კომპანიის ახალი მოდელების პრეზენტაციისთვის, ტრადიციისამებრ, სექტემბრის პირველი ნახევარი შეარჩია. 9 სექტემბერს, კალიფორნიის სათავო ოფისში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით „Surprise And Shine“, Apple-მა საზოგადოებას თავისი უახლესი სმარტფონები, iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max-ი, ასევე კომპანიის ისტორიაში პირველი დასაკეცი სმარტფონი iPhone Duo წარუდგინა.
თუმცა გუშინ გამართული ღონისძიება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მხოლოდ ახალი სმარტფონებისა და გაჯეტების გამო არ მოქცეულა. არანაკლებ საინტერესო იყო ის, რომ ეს პრეზენტაცია პირველი გახლდათ Apple-ის ახლადარჩეული აღმასრულებელი დირექტორისთვის, ჯონ ტერნუსისთვის, რომელმაც 15-წლიანი მმართველობის შემდეგ პოზიციაზე ტიმ კუკი ჩაანაცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ პირველად, სექტემბრის ღონისძიებაზე, Apple-მა სმარტფონებისთვის მხოლოდ პლუს ზომის მოდელები წარადგინა, ხოლო სტანდარტულ ვერსიებს, მათ შორის iPhone 18-ს, მომავალ გაზაფხულზე ვიხილავთ.
აქვე საინტერესოა, რომ ახალი მოდელების გამოჩენასთან ერთად, Apple-მა არსებული ძველი iPhone-ების (iPhone 16, iPhone 17, iPhone 17E, iPhone Air-ი) ფასები $100-ით გაზარდა.
iPhone Duo — Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონი
ამერიკულმა კომპანიამ წლევანდელ ღონისძიებაზე თავისი პირველი დასაკეცი სმარტფონი, iPhone Duo, წარადგინა. Duo-ს გაყიდვები ოფიციალურად ოქტომბერში დაიწყება, ხოლო 256-გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი $1,999 იქნება. სმარტფონს 5.4-დუიმიანი გარე ეკრანი აქვს, ხოლო გახსნილ მდგომარეობაში ის ყველაზე თხელი iPhone-ია, 7.6-დიუმიანი შიდა ეკრანით. iPhone Duo-ს შიდა ეკრანი მქრქალი საფარითაა დაფარული, რაც ეკრანის არეკვლას ამცირებს, მოწყობილობას IP68-ის წყლისა და მტვრისგან დაცვის სტანდარტი აქვს, ხოლო ეკრანის გადაბმულობის ნაწილი თითქმის შეუმჩნეველია.
მიუხედავად თავდაპირველი სპეკულაციებისა, რომ მოწყობილობა ორი გვერდიგვერდ განთავსებული iPhone Air-ის მსგავსი იქნებოდა, მისი 1.4:1 გვერდების თანაფარდობა უფრო ოთხკუთხედია. მსგავსი ფორმა 7.6-დუიმიან შიდა ეკრანს უფრო განიერსაც ხდის და ვიდეოების ჰორიზონტალურ ფორმატში საყურებლადაც უკეთესია. გარდა ამისა, დიზაინის ეს გადაწყვეტა და პროგრამული უზრუნველყოფა შიდა ეკრანზე ერთდროულად ორი აპლიკაციის გაშვებასაც უზრუნველყოფს. სმარტფონი A20 Pro-ს პროცესორზე მუშაობს, 48-მეგაპიქსელიანი ორმაგი ძირითადი კამერის სისტემა და 24-მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს.

iPhone Duo ორ ფერში იქნება ხელმისაწვდომი — Star White (თეთრი) და Night Sky (მუქი ლურჯი / შავი). წლის ბოლოსთვის ორივე ეკრანზე შესაძლებელი გახდება Apple Pencil-ის (USB-C) გამოყენება ჩანაწერებისა და ესკიზების შესასრულებლად.
iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max-ი
Apple-ის ფლაგმანური მოდელები გასული წლის ვერსიებთან შედარებით წელს $100-ით ძვირი იქნება. Duo-სგან განსხვავებით, ორივე სმარტფონი გაყიდვაში 18 სექტემბერს ჩაეშვება, წინასწარი შეკვეთები კი შაბათს, 12 სექტემბერს დაიწყება. 6.3-დუიმიანი iPhone 18 Pro-ს საწყისი ფასი $1,199-ია, რაც, როგორც აღინიშნა, $100-ით მეტია შარშანდელ მოდელზე. 6.9-დუიმიანი iPhone 18 Pro Max-ის ფასი კი $1,299-ს აღწევს — რაც ასევე $100-იანი ნამატია.
ახალი სმარტფონების დიზაინი პრაქტიკულად გასული თაობის იდენტურია, თუმცა განსხვავებულია ფერები. iPhone 18 Pro-ს მოდელები უახლოეს თაობაში სამის ნაცვლად კომპანიამ ოთხ ფერში — შავი (black), ვერცხლისფერი (silver), ყინულისფერი (glacier) და ბორდოსფერი (burgundy) — შემოგვთავაზა. ცნობისთვის, ორივე სმარტფონი TSMC-ის უახლეს ორნანომეტრიან A20 Pro-ს ჩიპზე იმუშავებს. ინოვაციურია გაგრილების სისტემაც, რომელიც ორთქლის გამოყოფით ტემპერატურას დაახლოებით 40%-ით ამცირებს.

გასულ ვერსიებთან შედარებით, iPhone 18 Pro-ს მოდელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კამერის განახლებული ვერსიაა. მათ შორის 48MP Fusion-კამერის სისტემაა, რომელშიც პირველად გამოიყენეს ცვალებადი დიაფრაგმა. ექვსი ლაზერული პირისგან შემდგარი მექანიზმი ავტომატურად ან მექანიკურად არეგულირებს შუქის ნაკადს, რაც ღამის გადაღებასა და კონტროლს მკვეთრად აუმჯობესებს.
ახალი ფლაგმანური მოდელები მაღალ წარმადობას 2-ნანომეტრიანი A20 Pro ჩიპი უზრუნველყოფს, რომელიც 40%-ით სწრაფი 7-ბირთვიანი GPU-სა და ახალი Dual 16-core Neural Engine-ის საშუალებით მუშაობს. დიზაინში გაუმჯობესდა Dynamic Island-იც, რომელიც ზომაშიც დაპატარავდა და ახლა ერთდროულად სამი Live Activity-ის ჩვენება შეუძლია. გარდა ამისა, iPhone 18 Pro Max-ს iPhone-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე ელემენტი აქვს — 45 საათამდე ვიდეოს დაკვრის მუშაობითა და სწრაფი დამუხტვით (50%-მდე 15 წუთში).
iOS 27-თან ინტეგრირებული Siri AI და Apple Intelligence-ი კი მოწყობილობას პერსონალურ ციფრულ ასისტენტად აქცევს, რომელიც ეკრანის შინაარსსა და მომხმარებლის კონტექსტს უკეთ აღიქვამს.
AirPods 5, Apple Watch Series 12 და Apple Watch Ultra 4
სმარტფონების გარდა, წლევანდელ ღონისძიებაზე, ტრადიციულად, Apple-მა კომპანიის ახალი თაობის გაჯეტებიც წარადგინა. მათ შორისაა AirPods 5, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და დიზაინერული განახლებით. ესენია: სრულიად ახალი აკუსტიკური არქიტექტურა, რომელიც ხმას აუმჯობესებს; წინა ვერსიასთან შედარებით, ხმაურის დახშობის 50%-ით უფრო ეფექტიანი სისტემა და ა.შ. AirPods 5-ის საბაზისო ფასი $129-ია, ხოლო უსადენო ქეისის მქონე ვერსიის ღირებულება $149-მდე იზრდება. საერთო ჯამში, ქეისის დახმარებით, ყურსასმენები დაახლოებით 20 საათს მუშაობს.

დამატებით, Apple-მა თავისი ჭკვიანი საათების განახლებული ვერსიებიც წარადგინა. მათ შორისაა Apple Watch Series 12, რომელიც ახალი კერამიკული კორპუსითა და Pearl White და Night Blue ფერებშიც იქნება წარმოდგენილი. Apple Watch Series 12-ის საწყისი ფასი $399-ია.
Apple Watch Series 12 კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი და ფუნქციურად დატვირთული ჭკვიანი საათია. ახალი მოდელი S11-ჩიპსა და Health Sensing System-ს იყენებს, ახალი ოპტიკური სენსორების წყალობით კი გულის ცემას მთელი დღის განმავლობაში ყოველ 5 წამში ზომავს. Apple-ის სმარტსაათს ახალი ფუნქცია Readiness Score-იც დაემატა, რომელიც მომხმარებლის ვარჯიშის დატვირთვას, ძილის ხარისხსა და ორგანიზმის მაჩვენებლებს აანალიზებს, ყოველდღიურად 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს.

გარდა ამისა, საათი აღჭურვილია Audio Intelligence-ფუნქციებით, რომლებიც გარშემო მნიშვნელოვან ხმებს (მაგალითად, განგაშს ან კარის ზარს) აფიქსირებს და მომხმარებელს აფრთხილებს, ასევე საუბრის ბოლო 15 წამის გაშიფვრაც შეუძლია.
რაც შეეხება Apple Watch Ultra 4-ს, ის კვლავ წინამორბედი მოდელის დიზაინს ინარჩუნებს. გაჯეტი ახალი S11-პროცესორითაა აღჭურვილი და სპეციალურად არის ოპტიმიზებული watchOS 27-ისა და განახლებული Siri AI-სთვის. სმარტსაათი დაახლოებით 50 საათს მუშაობს, ხოლო 18 საათით მუშაობისთვის სულ რაღაც 15-წუთიანი დამუხტვა ჰყოფნის. Apple Watch Ultra 4-ის საწყისი ფასი $799-ია. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, ხოლო ორივე გაჯეტი ოფიციალურად გაყიდვაში 18 სექტემბრიდან ჩაეშვება.

9 სექტემბრის ღონისძიებაზე Apple-მა დეტალურად განმარტა, თუ როგორ მოხდება მისი უახლესი Audio Intelligence-ფუნქციებით მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა. კომპანიის ინფორმაციით, ტექნოლოგიური უსაფრთხოების მთავარი გარანტი S11-ჩიპში ჩაშენებული Secure Exclave-არქიტექტურაა.
Siri-ს ახალი ფუნქციები Siri Recap-ი, Live Rewind-ი, Sound Recognition-ი და Music Recognition-ია. ისინი გარემო ხმებსა და საუბრებს აღიქვამს, თუმცა კომპანია კონფიდენციალურობას 3 მარტივი პრინციპით იცავს:
Live Rewind-ი Digital Crown-ზე ორმაგი დაჭერით აჩვენებს ბოლო 15 წამის განმავლობაში ნათქვამ ტექსტს. ეკრანის ჩაქრობიდან დაახლოებით 30 წამში ეს ტექსტი ავტომატურად იშლება, თუ მომხმარებელი მას Siri-ის აპლიკაციაში არ შეინახავს. Siri Recap-ი საუბრის სრულ ტრანსკრიპტს არ ქმნის, ის მხოლოდ მოკლე შეჯამებას აგენერირებს და შეუნახავი ჩანაწერები 7 დღეში ავტომატურად იშლება. Sound-ი და Music Recognition-ი კი ხმებსა და მუსიკას სრულად მოწყობილობაზე ამუშავებს, რითაც პერსონალური მონაცემების გაჟონვის რისკს ამცირებს.
















