რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ავიაინდუსტრიაში?

რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ავიაინდუსტრიაში?

მაშინ როდესაც აეროპორტები და საზღვრები გაიხსნება და დაიწყება ავიამიმოსვლა ქვეყნიდან ქვეყანაში, საინტერესოა რამდენად მზად არის თითოეული ჩვენგანი ფრენის დროს გასათვალისწინებელი წესების და ჩვევების შესაცვლელად.

ავიაკომპანიების ნაწილმა უკვე აღადგინა რეისები და ახალი წესებიც შემოიღო, რათა უსაფრთხო იყოს ფრენა კორონავირუსის პირობებში. სფეროს ანალიტიკოსების ნაწილმა პანდემიას “ახალი ტერორიზმიც“ კი უწოდა, ვინაიდან ამან ყველაზე მასშტაბური კრიზისი გამოიწვია ავიაინდუსტრიაში, რაც კი ოდესმე ყოფილა. საინტერესოა რა პროგნოზები აქვთ მათ ამ სექტორში?

დავიწყოთ რეისზე რეგისტრაციის პროცედურით, რაზეც ექსპერტები ამბობენ, რომ ამისათვის საჭირო ხანგრძლივობა 4 საათამდე გაიზრდება, ვინაიდან საჭიროა უფრო მეტი წესის დაცვა, მათ შორის სანიტარული ნორმების დაცვა მგზავრებისა და ბარგის კუთხით, ასევე სოციალური დისტაცირება, მოცდის დრო და ა.შ.

10–დან 9 ექსპერტი ელოდება, რომ ფრენებს შორის გადაჯდომის პროცედურები შენელდება, რათა საჭირო იქნება ბორტზე სკამების და ყველაფრის გაწმენდა და სანიტარული ზომების მიღება. ასევე თავდაპირველად ელოდებიან, რომ არ იქნება მგზავრთნაკადი დიდი, რის გამოც ავიარეისების გადადების შემთხვევებიც შემცირდება.

რას უნდა ველოდოთ?

ბორტზე არ იქნება ბარგის ატანა დაშვებული, არ იქნება ე.წ ლაუნჯები, ყველას ეკეთება პირბადე და ქირურგიული ხელთათმანი, საჭირო იქნება ე.წ იმუნიტეტის პასპორტები, აეროპორტშივე აუღებენ მგზავრებს ანალიზს. გაჩნდება სადეზინფექციო კორიდორები და ა.შ.

ციფრული ტექნოლოგები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამომავლოდ. შემცირდება შეხების წერტილები აეროპორტებში. სავალდებულო გახდება “ბიომეტრიული ჩასხდომა“, რა დროსაც მგზავრებს მხოლოდ სახის ჩვენება მოუწევთ ბორტზე ასვლისთვის. ამ ტექნოლოგიას უკვე იყენებს British Airways-ი, Qantas-ი და EasyJet-ი.

მსოფლიო ტურიზმის საბჭოს (WTTC) ინფორმაციით, მთავარ აეროპორტებში, მაგალითად, ლონდონის „ჰითროუს“, JFK-ის და სინგაპურის Changi-ს აეროპორტებში იქნება ონლაინ-ჩექინი და უკონტაქტო გადახდები უზრუნველყოფილი.

აეროპორტებში მონიშნული იქნება სოციალური დისტანცირების ნიშნები, იქნება უფრო გრძელი რიგები, ასევე დამცავი ბარიერები, ხელის სადეზინფექციო კუთხეები, თერმული სკრინინგი და ა.შ. ბორტზე ასატან ხელჩანთას დეზინფექცია ბორტზეც ჩაუტარდება.

როგორც “ტელეგრაფი“ წერს, შესაძლოა, ახლა ძალიან ფუტურისტულად ჟღერდეს, თუმცა, სანიტარული ზომების ულტრაიისფერი ტექნოლოგიებით გატარება, შესაძლოა მსოფლიოს აეროპორტებში ჩვეულებრივი გახდეს.

ბორტზე ასვლის პროცესიც გახდება “უკონტაქტო“ სახის ამომცნობი სისტემის გამოყენებით, რაც ამერიკის აეროპორტებში საერთაშორისო რეისებზე გამოუყენებიათ. თვითმფრინავებში იქნება გაუქმებული სავარძლებიც, ასევე იქნება ელექტროსტატიკური სპრეი, პერსონალი დამცავი აღჭურვილობით და რა თქმა უნდა, პირბადეები. ევროპულმა ავიაკომპანიებმა, მაგალითად Air France-მა და KLM-მა ეს ყველაფერი უკვე სავალდებულო გახადა. მოსალოდნელია რომ იმავეს გააკეთებს სხვა ავიაკომპანიებიც.

რაც შეეხება საკვების სერვისს ბორტზე, ტენდენცია ასეთია: ხანმოკლე ფრენებზე ეს სერვისი გაუქმდება, ხოლო მსუბუქად წახემსების სერვისი იქნება ხანგრძლივ ფრენებზე. ჰონგ-კონგის ავიახაზებმა მაგალითად, საერთოდ შეწყვიტა საკვების სერვისი ბორტზე.

რეისის დასრულების შემდეგ, მგზავრებს აეროპორტში კიდევ ერთხელ გაუზომავენ ტემპერატურას და შესაძლოა ანალიზიც აუღონ ცალკეულ აეროპორტებში. მაგალითად, ჰონგ-კონგსა და ვენაში ამოწმებენ მგზავრებს კორონავირუსის ტესტით მანამ ვიდრე ისინი ქვეყნის საზღვარს გადაკვეთენ.

IATA-ს რეკომენდაციაა ასევე თერმული ტესტირება. თუმცა, არ არსებობს რაიმე სტანდარტი, რაც თერმოსკრინინგსა და კორონავირუსის ტესტებს სავალდებულოს ხდის, ასევე უცნობია ჯერ პროცედურულად ვინ იქნება პასუხისმგებელი მგზავრებისთვის ტემპერატურის და კორონავირუსის სხვა სიმპტომების შემოწმებაზე. ავიასექტორში სტრატეგიული მარკეტინგული კომპანიის SimpliFlying-ის პროგნოზით, ახალი ჯანდაცვის უწყება შეიქმნება იმისათვის, რომ ჯანდაცვის საკითხების კოორდინირება მოახდინოს აეროპორტებში.

“იქნება ახალი პროტოკოლები მგზავრების რეგისტრაციის კუთხით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ხელების სადეზინფექციო წერტილების განთავსების, უკონტაქტო გადახდების, ლიფტების მუშაობის შეზღუდვის და მათ ნაცვლად კიბეების გამოყენების კუთხით“, – წერს WTTC ბოლო მოხსენებაში.

საერთაშირისო ინსტიტუტის განცხადებით, თავდაპირველად ფრენები აღდგება ქვეყნების შიგნით, შემდეგ მეზობელი ქვეყნების მიმართულებით და გაფართოვდება რეგიონში. ბოლოს კი უკვე ხანგრძლივი საერთაშორისო რეისებიც განახლდება. WTTC-ში ფიქრობენ, რომ 18-35 წლის მოგზაურები უფრო ნაკლებად არიან მოწყვლადები ვირუსის მიმართ და შესაძლოა, თავდაპირველად მოგზაურობები სწორედ ამ ასაკობრივ სეგმენტში იყოს აქტიური.

როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა გლორია გუევარამ განაცხადა, ახალ ეპოქაში მოგზაურობა საჭიროებს კოორდინირებულ ქმედებებს, მათ შორის ახალი სტანდარტებისა და პროტოკოლების შემუშავებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *