რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

რა უჯდებათ მსოფლიო ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკას კონფლიქტები

საქართველოს მშპ-ზე ძალადობისა და კონფლიქტების გავლენა 13%-ითაა შეფასებული.

მსოფლიოში კონფლიქტებისა და ძალადობის მშპ-ზე გავლენას “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი” (IEP) აფასებს. კვლევის მიხედვით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკას კონფლიქტები $14.7 ტრილიონი დაუჯდა (PPP – პარიტეტული მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით). ეს კი გლობალური მშპ-ს 12%-ია და ერთ სულ მოსახლეზე $1.9-ს უდრის. 

მსოფლიოში შეიარაღებასა და უსაფრთხოებაზე გაზრდილი დანახარჯების პარალელურად, აღნიშნული თანხა 2017 წელს 2%-ით გაიზარდა. სირიაში განვითარებული მოვლენების გამო კი 2012 წლიდან დღემდე, მსოფლიო ეკონომიკაში ძალადობის გავლენა 16%-ით გაიზარდა. 

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ძალადობის ეკონომიკური გავლენა მკვეთრად განსხვავდება, თუმცა ბუნებრივია, რომ მისი პირდაპირი და ზუსტი დათვლა შეუძლებელია. IEP-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტ გავლენას სამხედრო დანახარჯები ახდენს, რომელმაც მსოფლიოში PPP გათვალისწინებით, $5.5 ტრილიონს მიაღწია. 

კვლევის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე მეტად შეამცირა კონფლიქტებსა და ძალადობაზე დახარჯული თანხის მოცულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში. კერძოდ, ეკონომიკაში კონფლიქტების დანახარჯი 21%-ით შემცირდა. მეზობელ რუსეთსა და სომხეთში კი 17% და 24%-ით გაიზარდა. 

163 ქვეყანას შორის კი საქართველო ძალადობისა და კონფლიქტების ეკონომიკაზე გავლენით, 34-ე ადგილზეა (კვლევაში პირველ ათეულში მსოფლიოს ის ქვეყნები შედიან, სადაც არასტაბილურობა ყველაზე მაღალია, ბოლო პოზიციებს კი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები იკავებს). 

კვლევის მიხედვით, კონფლიქტები საქართველოს ეკონომიკას 13%-ით აზიანებს, რაც თითქმის $2 მლრდ გამოდის. 

მსოფლიოში კონფლიქტები ყველაზე მეტ გავლენას სირიის ეკონომიკაზე ახდენს, – მშპ-ს 68%, მას მოსდევს ავღანეთი 63%-ით და ერაყი 51%-ით. ყველაზე „მშვიდობიან“ ქვეყნად კი შვეიცარია სახელდება, რომლის მშპ-ზეც კონფლიქტებისა და ძალადობის გავლენა მხოლოდ 1%-ია. საქართველოს მეზობელი ქვეყნების მშპ-ში კონფლიქტების წილი შემდეგია: რუსეთი 17%; თურქეთი 13%; სომხეთი 9%, აზერბაიჯანი 15%. 

კონფლიქტების ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნებში, კონფლიქტების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, მკვლელობების რაოდენობა, მიგრანტების რაოდენობა, ძალადობრივი დანაშაულების რაოდენობა, სამხედრო დანახარჯები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.