რა ვიცით ჩინეთის უმკაცრესად გასაიდუმლოებული კოსმოსური სამხედრო ხომალდის შესახებ?

რა ვიცით ჩინეთის უმკაცრესად გასაიდუმლოებული კოსმოსური სამხედრო ხომალდის შესახებ?

ფოტო: Satellite Image ©2026 Vantor

 

2024 წელს ამერიკული კომერციული სატელიტის მიერ ჩინური კოსმოსური ხომალდისთვის გადაღებული ფოტოსურათი ოქტომბრის ბოლოს პირველად გასაჯაროვდა. ფოტოსურათი ორბიტაზე მოძრავ ჩინურ საიდუმლო საფრენ აპარტს ასახავს, რომელიც თითქმის ამერიკული სამხედრო კოსმოსური ხომალდის, X-37B-ს იდენტურია.

ჩინური ხომალდი თავისი აგებულებით, ტექნიკური შესაძლებლობებით, ფრთების დიზაინითა და სხვა კრიტერიუმებით თითქმის ზუსტად იმეორებს ამერიკული ანალოგის ფორმებსა და ზომას.

მისი ერთადერთი ფოტო კომერციულმა სადაზვერვო თანამგზავმა გადაიღო, რომელიც კომპანია Vantor-ს ეკუთვნის (2024 წლიდან ცნობილი, როგორც Maxar-ი). Vantor ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ძალებსა და სადაზვერვო უწყებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილის სადაზვერვო გამოსახულებებით ამარაგებენ. ამავე თანამგზავრებს თავიანთი ტელესკოპების კოსმოსში არსებული ობიექტებისკენ მიმართვაც შეუძლიათ.

ჩინური კოსმოსური ხომალდის ოფიციალური სახელწოდება უცნობია. დასავლურ პუბლიკაციებში მას ხშირად „შენლონს“ (Shenlong) უწოდებენ.

X-37B-ის მსგავსად, ჩინური კოსმოსური ხომალდი ორბიტაზე ჩვეულებრივი რაკეტის სატვირთო განყოფილებაში მოთავსებული ადის, რის შემდეგაც, ორბიტაზე მოხვედრისას, ის უკვე როგორც თანამგზავრი, ისე ფუნქციონირებს. ეს აპარატი NASA-ს Space Shuttle-ის მინიატურულ, უპილოტო ვერსიას ჰგავს. მისიის დასრულებისას იგი ატმოსფეროში ბრუნდება და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ავტონომიურად ეშვება. ამის შემდეგ, სახმელეთო ჯგუფები მას მომდევნო ფრენისთვის ამზადებენ.

ჩინური ხომალდისა და X-37B-ის ტიპის აპარატებს, მათი სატვირთო განყოფილებიდან, მცირე ზომის თანამგზავრების გაშვებაც შეუძლიათ. სულ ახლახან ჩინეთმა, სავარაუდოდ, რობოტის გამოყენებით ორბიტაზე ობიექტის დაჭერის შესაძლებლობაც გამოავლინა.

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (DIA) კოსმოსური საფრთხეების შეფასების ანგარიშის თანახმად, ჩინეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს შექმნას თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები, ე.წ. Counterspace-იარაღი. დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჩინეთის სამხედრო უწყება ამ მიზნის მისაღწევად, სავარაუდოდ, „მიმართული ენერგიის იარაღს (DEW)“ იგივე „ლაზერულ იარაღს“ იყენებს, რადგან მისი საშუალებით თანამგზავრის მწყობრიდან გამოყვანაა შესაძლებელი. კოსმოსში ლაზერების გამოყენების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი მოწინააღმდეგის თანამგზავრზე არსებული სენსორების დაბრმავებაა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.