მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ტრანზაქციები აკრძალეს და დაახლოებით 300 მილიარდი აშშ დოლარის რუსული აქტივები გაყინეს.
სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, რუსეთის ცენტრალურ ბანკს თავისი რეზერვების ნაწილი ლიკვიდურ აქტივებში აქვს განთავსებული, როგორიცაა ძირითადი ვალუტები, ოქრო და სახელმწიფო ობლიგაციები. ამ რეზერვების დაახლოებით ნახევარი სწორედ დასავლეთშია თავმოყრილი.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურა, რომ დასავლეთში დაახლოებით 300 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებია გაყინული. შედარებისთვის, რუსეთის მთლიანი უცხოური ვალუტა და ოქროს რეზერვები იმ დროისთვის 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
პუტინმა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და რეზერვების გაყინვას ქურდობა უწოდა. ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა კი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან დასავლეთის მიერ ამ მოცულობის რეზერვების გაყინვა დაუშვა.
რუსეთის ცენტრალურ ბანკს არ გაუსაჯაროებია დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი აქტივები იყო გაყინული, თუმცა Reuters-მა მიახლოებითი მონაცემების მოპოვება 2022 წლის დასაწყისში რუსული ჰოლდინგების მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან შეძლო.
როგორც გაირკვა, იმ პერიოდისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკი ფლობდა დაახლოებით $207 მილიარდის აქტივებს ევროში, $67 მილიარდს აშშ დოლარში და $37 მილიარდის აქტივებს ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში. მას ასევე ჰქოდა $36 მილიარდის იაპონური იენი, $19 მილიარდის კანადური დოლარი, $6 მილიარდის ავსტრალიური დოლარი და $1.8 მილიარდის სინგაპურული დოლარი. მისი აქტივები შვეიცარიულ ფრანკში კი დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს აქტივები ძირითადად უცხოურ ფასიან ქაღალდებს, საბანკო დეპოზიტებსა და ნოსტრო კორესპონდენტ ანგარიშებს მოიცავდა.
რაც შეეხება კონფისკაციასა და მის სავარაუდო შედეგებს, რუსი ოფიციალური პირები მუდმივად აფრთხილებენ დასავლეთს, რომ სახელმწიფო აქტივების კონფისკაცია თავისუფალი ბაზრის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება. მათი ნაწილის განცხადებით, თუ რუსული აქტივების კონფისკაცია მოხდება, უცხოელი ინვესტორების აქტივებს, რომლებიც ჩარჩენილია ეგრეთ წოდებულ C-ტიპის ანგარიშებზე რუსეთში, შეიძლება იგივე ბედი ეწიოს.
ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა თანხაა ამ ანგარიშებზე, თუმცა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ C-ანგარიშებზე მნიშვნელოვანი თანხები იყო განთავსებული. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ასევე გასულ კვირას განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსეთი კონფისკაციის ნებისმიერ შემთხვევას სასამართლოში გაასაჩივრებს.