"რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში" ხანძარი საუნის ტერიტორიაზე გაჩნდა – მიზეზი უცნობია

"რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში" ხანძარი საუნის ტერიტორიაზე გაჩნდა – მიზეზი უცნობია

“რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში” ხანძარი საუნის ტერიტორიაზე გვიან ღამით გაჩნდა, ცეცხლის ლიკვიდირება მალევე გახდა შესაძლებელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც Forbes Georgia-ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები დღეს დადგინდება. ექსპერტიზა მუშაობს დილიდან.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. შეიძლება ითქვას რომ საქართველოში არცერთ სასტუმროს არ აქვს ამ დონის აპარატურა. სწორედ ამიტომაც მოხდა წამებში განგაშის ზარი, კერის იდენტიფიცირება და ევაკუაცია. ჩვენი თანამშრომლები იყვნენ ძალიან მობილიზებულები. ეს იყო საუნის ბლოკი და მთელი სამი თვის განმავლობაში იყო სრულიად გათიშული და გუშინაც რა თქმა უნდა. არც ჩაგვირთავს იმიტომ რომ რეგულაციების გამო, საუნის გამოყენება არ შეიძლებოდა. ძალიან უცნაურია. დენიც კი არ შედიოდა. არავინ ყოფილა იქ”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ხანძრის დროს დაახლოებით 30 სტუმარი იმყოფებოდა სასტუმროში, ისინი გადაყვანილი არიან წინანდლის მამულში მდებარე მეორე სასტუმრო “პარკ ჰოტელ წინანდალში”.

“ყველა სტუმარი უზრუნველვყავით საკვებით, სასმელით და რა თქმა უნდა, ახალი ოთახებით. მათ წუხანდელი ღამის სრულ კომპენსაციას გადავუხდით. დღევანდელი ექსპერტიზის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი სამოქმედო გეგმა”, – აღნიშნა ელენე ოთარაშვილმა.

ჯერჯერობით ზუსტად უცნობია რა ფართობის ტერიტორია დაიწვა. 

სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული” 141–ნომრიანი სასტუმროა. პროექტი კახეთში “სილქ როუდ ჯგუფმა” განახორციელა.