რამდენ წელიწადში გამოიმუშავებს საშუალოსტატისტიკური ქართველი მილიონ აშშ დოლარს

რამდენ წელიწადში გამოიმუშავებს საშუალოსტატისტიკური ქართველი მილიონ აშშ დოლარს

ადამიანები ათწლეულები მუშაობენ ისე, რომ არ უფიქრდებიან, რამდენს გამოიმუშავებენ მთლიანობაში. Picodi.com-ის ანალიტიკოსებმა დათვალეს, თუ რამდენი წელი მოუწევთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მუშაობა, რათა ერთი მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშაონ. მკვლევრებმა ამისთვის თითოეული ქვეყნის საშუალო ხელფასი აიღეს.

რეიტინგი 102 ქვეყანას მოიცავს. სიის სათავეში შვეიცარიაა. 13 წელი და 4 თვე – სწორედ ეს პერიოდი დასჭირდება რიგით შვეიცარიელს ერთი მილიონი აშშ დოლარის გამოსამუშავებლად. რეიტინგში მეორე ავსტრალიაა, 20 წლითა და ერთი თვით. მილიონის დასაგროვებლად, სულ რაღაც ერთი თვით მეტი მუშაობა მოუწევთ სინგაპურელებს – 20 წელი და 2 თვე. მეოთხე ლუქსემბურგია – 20 წელი და 4 თვე. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იგი რეიტინგში მეხუთეა, რადგან შტატების მოქალაქეებს 23 წელი და 1 თვე დასჭირდებათ მილიონის მოსაგროვებლად.

რეიტინგის აუტსაიდერი პაკისტანი (427 წელი და 6 თვე), ნიგერია (435 წელი და 6 თვე) და უგანდაა (515 წელი და 1 თვე).

რაც შეეხება საქართველოს, 102 ქვეყანას შორის იგი 83-ე ადგილს იკავებს. ერთი მილიონი აშშ  დოლარის გამოსამუშავებლად რიგით ქართველს 230 წელი და 2 თვე მოუწევს მუშაობა.

რეიტინგში რუსეთი 70-ე ადგილზეა (191 წელი და 9 თვე), სომხეთი – 79-ე ადგილზე (215 წელი და 4 თვე), თურქეთი – 82-ე (229 წელი და 3 თვე) და აზერბაიჯანი – 89-ე (257 წელი და 1 თვე).

საშუალო ხელფასების მონაცემები კვლევის ავტორებმა numbeo.com-დან აიღეს, ხოლო კონვერტაციისთვის Google Finance-ის 2022 წლის მარტის საშუალო გაცვლითი კურსი იქნა გამოყენებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *