რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოსისტემა - ქვეყანა WEF-ის რეიტინგში დაწინაურდა

რამდენად მდგრადია საქართველოს ენერგოსისტემა - ქვეყანა WEF-ის რეიტინგში დაწინაურდა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ენერგიის ეფექტურობის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა.

ინდექსი მსოფლიოს 115 ქვეყანას აფასებს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მზად არიან უსაფრთხო, მდგრად და ხელმისაწვდომ ენერგოსისტემაზე გადასასვლელად. WEF აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ენერგოსისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთან გამკლავებაც დამოუკიდებლად მხოლოდ სახელმწიფოს ან კერძო სექტორს არ შეუძლია. მთავარი გამოწვევა ენერგიის გამოყენების ეფექტურობის ზრდაა. სწორედ ამიტომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ქვეყნებს ენერგოპოლიტიკის დახვეწისკენ მოუწოდებს.

2019 წლის ანგარიში რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მსოფლიოში ენერგოპოლიტიკის „უპრეცედენტო ტრანსფორმაციას“ იწვევს. მთავარ გამოწვევად კი ე.წ. სუფთა ენერგიის მოპოვება და გავრცელება სახელდება.

კვლევის მიხედვით, 2014-2016 წლების პერიოდში მსოფლიოში ელექტროენერგიაზე წვდომა დამატებით 135 მლნ ადამიანს მიეცა. გაზრდილი ენერგო მოხმარებისა და მოთხოვნის ფონზე კი გარემოსდაცვით პოლიტიკას, კვლევის ავტორების აზრით, იმაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე ზოგადად მასზე მოთხოვნაა.

პროგნოზის მიხედვით, 2040 წლისთვის მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 25%-ით გაიზრდება. ზრდის ყველაზე დიდი წილი კი განვითარებად ეკონომიკებზე მოდის, უფრო კერძოდ კი ამ ქვეყნებში წარმოების და კერძო სექტორის განვითარების პარალელურად იმატებს მოთხოვნა როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე ხდება ე.წ. უშუქო ტერიტორიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. დღეს მსოფლიოში ელექტროენერგია მილიარდზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება.

ენერგოეფექტურობით, საქართველო 115 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზეა, გასული წლის 48-ე ადგილის ნაცვლად. სამი ძირითადი კრიტერიუმიდან, საქართველოს საუკეთესო შედეგი „ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში“ აქვს – 100-დან 67 ქულა და მსოფლიოში 31-ე ადგილი. აღნიშნული კრიტერიუმი ფარავს როგორც ელექტროენერგიის ფასებს ქვეყანაში, ასევე მის კონკურენტუნარიანობას. ამასთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ფასებს.

ყველაზე ცუდი შედეგი კი ქვეყანას „ენერგიაზე წვდომისა და მისი მდგრადობის“ კრიტერიუმში აქვს, რომელიც ზომავს თუ რამდენ ადამიანს აქვს კონკრეტულ ქვეყანაში წვდომა ელექტროენერგიაზე, რამდენად დივერსიფიცირებულია ენერგიის საიმპორტო წყაროები და რამდენად ხარისხიანად ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზეა. გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით კი საქართველო 59-ე ადგილზეა.

რაც შეეხება უშუალოდ ქვეყნის მზაობას ენერგო პოლიტიკის გარდამავალ პერიოდში, ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგულაციების კუთხით აქვს. თუკი ბიზნეს გარემოს კუთხით, ქვეყანა მსოფლიო რეიტინგებში წამყვან ადგილებს იკავებს, ენერგეტიკულ სფეროში რეგულაციების კუთხით 72-ე ადგილზეა. კიდევ უფრო ცუდი შედეგი აქვს საქართველოს ინფრასტრუქტურის კუთხით – მსოფლიოში 89-ე ადგილი. ამის მთავარი მიზეზი კი მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს შედეგებია.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკამოდ ცუდი პოზიციას აქვს ქვეყანას მოხმარებულ ელექტროენერგიაში იმპორტის წილის მიხედვით. ეს მოცულობა იმაზე მეტია, ვიდრე მსოფლიოს სხვა 92 ქვეყნის შემთხვევაშია და კვლევით საქართველოზე მეტ იმპორტს მხოლოდ 22 ქვეყანა ახორციელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *