რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოს ონლაინ-ბეთინგის ბიზნესს?

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოს ონლაინ-ბეთინგის ბიზნესს?

საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპებით იზრდებოდა. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი ვებგვერდი, რომლებზეც წლიური ბრუნვა მილიარდობით ლარია.

ონლაინკაზინოს შემოსავალი არის ფსონების სახით მიღებულ თანხას გამოკლებული გაცემული მოგება. ამ მაჩვენებელს GGR ეწოდება. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში მოქმედი 5 ონლაინკაზინოს ჯამურმა შემოსავალმა 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

შესაბამისად, ეს თანხა ამ კომპანიების GGR-ს წარმოადგენდა, ანუ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობას. მაგალითად, თუკი აღნიშნული კოეფიციენტი 10%-ს შეადგენდა, მაშინ გამოდის, რომ სექტორში მოთამაშეებმა 12 მილიარდის ფსონები განათავსეს და 10.8 მილიარდის მოგება დაიბრუნეს. თუმცა ზუსტი კოეფიციენტი საჯაროდ ცნობილი არაა.

2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი დიდი გადაწყობის წინაშე აღმოჩნდა, რადგანაც 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოხელეებსა და სოცდაუცველებს თამაში აეკრძალათ. პარალელურად, აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც. რეკლამის აკრძალვა ონლაინკაზინოებს ახალი თამაშების თუ ინოვაციების დანერგვას გაურთულებს. ასევე მარკეტინგის გარეშე ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა და ამ მხრივ კონკურენციის ზრდა გართულდება.

გასულ წლებში არსებული მაღალი ზრდის გათვალისწინებით, საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორში მსხვილი ინვესტიციები განახორციელეს საერთაშორისო კომპანიებმა. მათ შორის, ირლანდიურმა გიგანტმა Flutter-მა “აჭარაბეთი” შეიძინა, ბრიტანულმა Entain-მა კი “კრისტალბეთში” ჩადო ინვესტიცია. ამასთანავე, შვედური კომპანია Betsson-ი “ევროპაბეთის” მფლობელია.

6 ძირითადი ონლაინკაზინოდან 5-ს 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოქვეყნებული აქვს. მათ შორის, ყველაზე დიდი, 453-მილიონიანი შემოსავალი “კრისტალბეთს” ჰქონდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტი იყო. “კრისტალბეთს” ჰქონდა ყველაზე დიდი წმინდა მოგებაც, რაც 196 მილიონ ლარს შეადგენდა. 147 მილიონის წმინდა მოგებით მეორე პოზიციას “აჭარაბეთი” იკავებს, მესამეზე კი 59 მლნ ლარის მოგებით “კროკობეთია”.

საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის შედეგები – შემოსავლების მიხედვით
წყარო: კომპანიების 2021 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *