რამდენიმეთვიანი კლების შემდგომ, Netflix-ს 2.4 მილიონი ახალი გამომწერი შეემატა

რამდენიმეთვიანი კლების შემდგომ, Netflix-ს 2.4 მილიონი ახალი გამომწერი შეემატა

Netflix-ის მესამე კვარტალის მონაცემებით, გამომწერთა რაოდენობაში რამდენიმეთვიანი კლების შემდგომ, სტრიმინგ-სერვისს 2.4 მილიონი ახალი გადამხდელი აბონენტი შეემატა. გამომწერთა მატებამ გადააჭარბა როგორც თავად კომპანიის, ასევე Wall Street-ის პროგნოზებსაც. შეგახსენებთ, რომ ბოლო ათწლეულში პირველად, სტრიმინგ-სერვისის გამომწერების რაოდენობა აპრილში 200,000-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად Netflix-ის ზრდის სისწრაფე მის წარსულ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, ფაქტია, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სატელევიზიო ქსელი პოზიტიურ ტრაექტორიას დაუბრუნდა. როგორც აქციონერთათვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, Netflix-ი სამომავლოდ გლობალურად კიდევ 4.5 მილიონი მომხმარებლის დარეგისტრირებას ელოდება.

ამჟამად Netflix-ის პლატფორმაზე 223.09 მილიონი გამომწერი ფიქსირდება, მაშინ როდესაც ივლისში სტრიმინგ-სერვისის გამომწერთა რაოდენობა 220.67 მილიონს შეადგენდა. გარდა ამისა, მესამე კვარტალის მონაცემებით, კომპანიამ $1.4 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო (4%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით), ხოლო კვარტალურმა შემოსავალმა, 5.9%-იანი ზრდის შემდგომ, $7.9 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ როგორც გამომწერთა რაოდენობის, ასევე შემოსავლების ზრდის შემთხვევაში, სტრიმინგ-სერვისმა კომპანიის პროგნოზებს გადააჭარბა. გამომწერთა ზრდის დიდი ნაწილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის, სადაც Netflix-ს მესამე კვარტალში 1.4 მილიონი ახალი გადამხდელი აბონენტი შეემატა.

სამშაბათს, ბირჟის დახურის შემდგომ, Netflix-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა და საღამოს რვა საათის მდგომარეობით $275.40 შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *