რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ მოგზაურობისას? – II კვარტალის სტატისტიკა

რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ მოგზაურობისას? – II კვარტალის სტატისტიკა

ფოტო: mandstravelmoney.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 685.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.6%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ 571.9 ათასი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის II კვარტალთან შედარებით 1.4%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, ერთი ვიზიტის საშუალო ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2026 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ერთი ვიზიტისას საშუალოდ 1,198.7 ლარი დაიხარჯა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით მეტია.

წყარო: საქსტატი

მოგზაურობის ხანგრძლივობა კი თითქმის უცვლელი დარჩა. II კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.36 ღამე შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 6.40 ღამეს შეადგენდა.

საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების უმრავლესობა განმეორებითი ხასიათის იყო. ასეთი ვიზიტების წილმა 98.3% შეადგინა.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.9%, მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების ყველაზე პოპულარული მიმართულებები თურქეთი და სომხეთი იყო. თურქეთში 201.1 ათასი, ხოლო სომხეთში 112.9 ათასი ვიზიტი განხორციელდა.

საზღვარგარეთ მოგზაურობის აქტივობით ყველაზე დიდი წილი 31-50 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა. ამ ასაკის ვიზიტორებმა ყველა ვიზიტის 47.4% განახორციელეს, ხოლო ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების წილმა მთლიანი რაოდენობის 46.3% შეადგინა.

საერთო ჯამში, 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6%-იანი ზრდაა. მათგან 571.9 ათასი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდიოდა.


  • ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.
  • ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).
  • ვიზიტი არის ვიზიტორების გადაადგილება.
  • ტურისტული ვიზიტი – იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე გაათენა ვიზიტის ადგილზე; ექსკურსიული ვიზიტი – იგულისხმება ისეთი ვიზიტი, რომლის დროსაც ვიზიტორმა ღამე არ გაათენა ვიზიტის ადგილზე.