რატომ არის ვაკუუმური ბომბების გამოყენება სამხედრო დანაშაული?

რატომ არის ვაკუუმური ბომბების გამოყენება სამხედრო დანაშაული?

მიმდინარე კვირის დასაწყისში ადამიანის უფლებადამცველმა ჯგუფებმა და უკრაინის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთი უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ თერმობარული იარაღის, იმავე ვაკუუმური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ეს იარაღი მსოფლიოს რამდენიმე ორგანიზაციის მიერაა დაგმობილი.

ვაკუუმური ბომბი მაღალტემპერატურული აფეთქების გამოსაწვევად მის გარშემო არსებულ ჟანგბადს იყენებს. ამ დროს აფეთქების პროცესი ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს. გამაოგნებელია თერმობარული იარაღის სიმძლავრეც. მას ადამიანის სხეულის მყისიერად აორთქლება შეუძლია. ვაკუუმური ბომბი აფეთქებისას მიმდებარედ მყოფი ადამიანების ფილტვებიდან ჰაერს ისრუტავს და მათ შინაგან ორგანოებს აზიანებს.

თერმობარული იარაღი ხშირად აირის ან მცირე ზომის ნაწილაკების შემცველ ღრუბლებს წარმოქმნის, რომლებიც ფეთქდებიან და ცეცხლის ალის სახით იფრქვევიან. მათ აალებას, რა დროსაც სითბო და წნევა წარმოიქმნება, დამღუპველი შედეგები მოჰყვება. პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანებისა და სხვა ცოცხალი არსებების დაცვა კატასტროფისგან, რომელსაც ეს იარაღი იწვევს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა დარწმუნებულია, რომ მის სამშობლოში ვლადიმირ პუტინმა ვაკუუმური ბომბები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში თერმობარული იარაღის გამოყენების შესახებ ცნობებს გადახედა, თუმცა მოცემული დროისთვის ფაქტის უპირობოდ დადასტურება არ შეუძლია.

თერმობარული იარაღი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ შექმნა. დასავლეთის ქვეყნებმა და საბჭოთა კავშირმა მისი გამოყენება 1960-იანი წლებიდან დაიწყეს. როგორც ვარაუდობენ, ის საბჭოთა კავშირმა 1969 წელს, ჩინეთთან კონფლიქტის დროს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ავღანეთში გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ეს იარაღი 2000 წელსაც გამოიყენა, კერძოდ კი ქალაქ გროზნოსთვის ალყის შემორტყმისას. სწორედ ამ წლიდან აღადგინა რუსეთმა ჩეჩნეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი და მოგვიანებით მას ფედერალური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქი კი გროზნო გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.