სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაში კომიკური არაკომპეტენტურობისთვის რაიმე ჯილდო რომ არსებობდეს, ბრიტანეთი მოიგებდა, თანაც – უპრობლემოდ.
2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ კუნძულები ზედმიწევნით დაუდევრად ახორციელებს ბრექსიტს. ქვეყნის ეკონომიკა დღეს, პრაქტიკულად, სტაგნაციაშია, ხოლო ის, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირთან განქორწინების დრამატურგია, კვლავ იდუმალებით რჩება მოცული. კონსერვატორთა მთავრობა იმდენად უუნაროდ იქცევა, რომ ყველაზე წარმოუდგენელიც კი შეიძლება, მოხდეს: მომდევნო პრემიერ- მინისტრად, შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ანტიამერიკელი, ანტისემიტი, მავნე მარქსისტი ლიდერი, ჯერემი ქობრინი მოგვევლინოს (მისი შხამიანი შეხედულებების გამო, პარლამენტის შვიდმა ლეიბორისტმა წევრმა ამას წინათ პარტია დატოვა).
არადა, შვეიცარიის, ჰონკონგისა და სინგაპურის საუკეთესო პრაქტიკების კომბინირებით, ქვეყანას ჰქონდა შანსი, საკუთარი თავი გლობალურ ეკონომიკურ გიგანტად ექცია, მზარდი წარმატება კი ევროკავშირის ქვეყნებს დაუძლეველ ჟინს აღუძრავდა, გაერთიანებული სამეფოს ნაწილი ყოფილიყვნენ. ნაცვლად ამისა, კონსერვატორთა მმართველობამ ზედაპირზე ტივტივი, დაბნეულობა და „ემპათიური“ ხარჯვისა და მეტი რეგულაციების პოლიტიკა არჩია. ბარაკ ობამა რომ წყალში თევზივით იგრძნობდა თავს, ისეთი.
• არაეფექტიანი მეამბოხეები. რეფერენდუმისა და დევიდ კამერონის გადადგომის შემდეგ, – პრემიერ-მინისტრისა, რომელსაც სწამდა, რომ ბრექსიტი ვერ შედგებოდა და, შედეგად, მისთვის კენჭის ყრა შესაძლებელი გახადა, – კონსერვატორებმა ქვეყნის ახალ ლიდერად ბრექსიტის მოწინააღმდეგე პირი აირჩიეს; ბრექსიტის მომხრე მთავარი კონსპირატორები ერთმანეთთან კინკლაობაში ჩაეფლნენ და ვერ შეძლეს ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება. მას მერე ერთობ არასაკადრის არეულობას აქვს ადგილი. არაკომპეტენტურობის თითქოს განზრახ უარეს ფორმებში წარმოსაჩენად, ტერეზა მეიმ ვადამდელი არჩევნები დანიშნა: მიაჩნდა, რომ მისი პარტია ხმათა სრულ უმრავლესობას მიიღებდა. ნაცვლად ამისა, სრული უმრავლესობით წააგო.
• შემცირებების მოშიში მთავრობა. საშემოსავლო გადასახადების მკვეთრი შემცირება? ან მთლად პროპორციულ საგადასახადო სისტემაზე გადასვლა, როგორც ეს რიგმა ცენტრალურმა და აღმოსავლეთევროპულმა ქვეყნებმა გააკეთეს? გაბერილი ბიუროკრატიის კვლავინდებური შეკვეცა, როგორც ამას კამერონი წარმატებით აკეთებდა 2010-ში თანამდებობის დაკავების შემდეგ? ბიზნესზე, მეტადრე, სტარტაპებზე, წნეხის შესუსტება? ღმერთო, დაგვიფარე! მსგავსი გონივრული ზომები ხომ კრიტიკას გამოიწვევდა – მდიდრებს ეხმარებით, ბიზნესის სასარგებლოდ და ანტიეკოლოგიურად ხართ განწყობილებიო. ტერეზა მეისა და მის გაუბედავ გუნდს მარგარეტ თეტჩერისთვის დამახასიათებელი ზრდაზე მომართული სითამამის ნასახი არ აღმოაჩნდათ; თითქმის ოცდაათი წელია გასული, რაც ეს უკანასკნელი დაუნინგ- სტრიტის 10-იდან წავიდა და მას მერე, ლამის პერსონა ნონ გრატად არის ქცეული საკუთარ პარტიაში.
უდავოა, რომ ბრიტანეთი ახლოსაც ვერ მივიდა იმასთან, ეკონომიკურ დინამოდ რომ ქცეულიყო და ამისათვის ერთიანად გაეუქმებინა, პრაქტიკულად, ყველა ტარიფი და სავაჭრო ბარიერი, როგორც ეს ჰონკონგმა გააკეთა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – ნაბიჯი, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, იქაურობა ღარიბი, ყოველგვარ ბუნებრივ რესურსს მოკლებული, ჭარბად დასახლებული ერთი ბეწო შენობებიანი მიწიდან პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა რომ გამხდარიყო. და ზედმეტია იმის თქმა, რომ ბრიტანეთი ვერც ევროპის – ან, სულაც, მსოფლიოს – სწორუპოვარი ფინანსური დედაქალაქის სტატუსსაც ვერ მიუახლოვდა, რისთვისაც მას გირვანქა სტერლინგი ოქროს სადარ ვალუტად უნდა ექცია, ანუ გაეკეთებინა ის, რაც ისააკ ნიუტონმა გააკეთა 1717-ში, როცა Royal Mint-ს თაოსნობდა. სწორედ ოქროს გირვანქა დაედო საფუძვლად იმას, რომ ბრიტანეთმა ინდუსტრიული რევოლუცია წამოიწყო და ისტორიაში უდიდესი იმპერია შექმნა.