ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება, რასაც როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. აღნიშნული აუცილებელს ხდის, თანამედროვე საზედამხედველო რეგულირების განვითარების მოდელი გახდეს უფრო მოქნილი, დინამიკური და რისკებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული. ფინანსური ტექნოლოგიების პარალელურად რეგულირების განვითარებას ქვეყნის ფინანსური სექტორის კონკურენტული უპირატესობისა და სტაბილურობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ფინანსური სექტორი მთელ მსოფლიოში რჩება ყველაზე მეტად რეგულირებად ეკონომიკის სექტორად. აღნიშნულის აუცილებლობა ფინანსური სექტორის სპეციფიკური რისკებიდან გამომდინარეობს. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ მოცულობითი, ტექნიკური და კომპლექსურია, რაც არაპროპორციულ გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე.
როგორც წესი, რეგულირებას არსებული ფინანსური ინსტიტუტები და არსებული ტექნოლოგიები გაცილებით უკეთ ერგებიან, ვიდრე ახალი სტარტაპები და ინოვაციური ტექნოლოგიები. შესაბამისად, წამყვანი ზედამხედველები იმის ძიებაში არიან, თუ როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, რისკებსა და მომხმარებელთა დაცვასა და, მეორე მხრივ, ინოვაციასა და კონკურენციას შორის ოპტიმალური ბალანსის მიღწევა. რეგულირების ლაბორატორია (RegLab-ი იგივე Sandbox-ი) ერთ- ერთი მექანიზმია, რომელიც ამ გამოწვევას პასუხობს. ის საშუალებას იძლევა, რეგულირების ადაპტირება და განვითარება ინოვაციების განვითარების პარალელურად მოხდეს.
რეგულირების ლაბორატორია ფინანსურ ინოვატორებს ახალი ტექნოლოგიური სერვისებისა და მოდელების რეალურ გარემოში გამოცდის საშულებას აძლევს. შესაბამისი შეზღუდვები და ზედამხედველობის მექანიზმები ტესტირების გარემოს და რისკების კონტროლს უზრუნველყოფს. რეგულირების ლაბორატორია განსაკუთრებით საინტერესოა ფინტექ- სტარტაპებისა და სხვა ტექნოლოგიური ფირმებისათვის, რომლებიც ფინანსური სერვისების სექტორში შესვლას ცდილობენ.
საქართველოს ეროვნულ ბანკში, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, აქტიური სამუშაოები ჩატარდა აღნიშნული ჩარჩოს განვითარების მიმართულებით. გავითვალისწინეთ საერთაშორისო პრაქტიკა, ადგილობრივი ბაზრის თავისებურებები და 19 თებერვალს საზოგადოებას განსახილველად ახალი საზედამხედველო ჩარჩო წარვუდგინეთ. მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რატომ არის აღნიშნული ფუნდამენტურად ახალი მიდგომა. ტრადიციულად, რეგულირების განვითარება ხდება ე.წ. “პროგნოზირებადი“ მეთოდით.
მარეგულირებელი შეისწავლის საკითხს, ხშირად ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არარსებული პრაქტიკის პირობებში, ასევე სხვა განსხვავებული სპეციფიკის ქვეყნების მაგალითზე და აკეთებს პროგნოზს ამ რეგულირების შედეგის შესახებ.
აღნიშნულ მეთოდს თავისი უპირატესობები აქვს, თუმცა საკმაოდ დიდი პრობლემები ვლინდება სწრაფად განვითარებად და ცვალებად გარემოში, როდესაც პროგნოზირებადი შედეგი შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს რეალიზებული შედეგისაგან. შესაბამისად, ასეთი მიდგომა ვერ პასუხობს ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისაგან მომდინარე გამოწვევას. რეგულირების ლაბორატორია წარმოადგენს რეგულირების განვითარების ე.წ. “ადაპტირებად“ მიდგომას.
აღნიშნული გულისხმობს ფინანსური სექტორის, კერძოდ, ფინანსური ნოვატორების როლის წინ წამოწევას და რეგულირების განვითარებაში მათ აქტიურ მონაწილეობას. რეგულირების ლაბორატორიაში ხვდება ის ტექნოლოგიები, რომელთა დანერგვას და პრაქტიკულ გამოყენებას კერძო სექტორი პერსპექტიულად მიიჩნევს. თუკი “პროგნოზირებადი“ მიდგომა გულისხმობს, რომ პრაქტიკა უნდა მოერგოს რეგულირებას, „ადაპტირებადი“ მიდგომისას თავად რეგულირება უნდა მოერგოს პრაქტიკას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მარეგულირებელი იყოს პრინციპებზე დაფუძნებული და რისკებზე ორიენტირებული. ინოვაციებისადმი გახსნილობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ტექნოლოგიურად ნეიტრალურობის პრინციპის გამოყენება.
საზედამხედველო მიდგომის რისკებისადმი ტექნოლოგიურად ნეიტრალურობა გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ აისახება ესა თუ ის გადაწყვეტა ფინანსური სისტემის რისკებზე და არა ის, თუ რა ტექნოლოგიური საშუალების გამოყენება ხდება. შესაბამისად, ერთსა და იმავე რისკზე ერთნაირი საზედამხედველო მოთხოვნა ვრცელდება, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნოლოგიურ პროცესს ეფუძნება ფინანსური ინსტიტუტის ბიზნესმოდელი. რეგულირების ლაბორატორია სწორედ ასეთი რისკის შეფასებას ემსახურება და ტექნოლოგიურად ნეიტრალურობის პრინციპის გამოყენებას შესაძლებელს ხდის.
რეგულირების ლაბორატორიისადმი მიმართვა შეუძლია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად ნებისმიერ სუბიექტს ან არარეგულირებად ფინტექ- სტარტაპს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ფინტექ- კომპანია უნდა გეგმავდეს დამოუკიდებლად ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად რეგულირებად ფინანსურ ბაზარზე შემოსვლას.
პროდუქტი უნდა იყოს ინოვაციური და მნიშვნელოვნად უნდა აუმჯობესებდეს ფინანსური სერვისების ეფექტიანობასა და ხელმისაწვდომობას. ასევე უნდა საჭიროებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას ან საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებას. რეგულირების ლაბორატორიის გამოყენებისათვის რეგულირებადმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა მიმართოს უშუალო ზედამხედველს. არარეგულირებად ფინტექ- კომპანიას შეუძლია, ჩვენ მიერ ახლად შექმნილ ფინანსური ინოვაციების ოფისს მიმართოს.
ფინანსური ინოვაციების ოფისი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსური ტექნოლოგიების ინოვატორთა საზოგადოებას შორის კომუნიკაციის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. რეგულირების ლაბორატორია მოიცავს სამ ეტაპს: იდეის ტესტირებას, კონცეფციის ტესტირებას, რეალურ გარემოში ტესტირებას. იდეის ტესტირების პროცესში ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ტექნოლოგია ინოვაციურობის კრიტერიუმს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას სისტემურ რისკზე. კონცეფციის ტესტირება მოიცავს საცდელი მოდელის აგებას და მისი სამუშაო ვერსიის დემონსტრირებას. ამ პროცესში უნდა გაიტესტოს სისტემის ძირითადი პარამეტრები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ე.წ. ფოკუს- ჯგუფები, რომლებიც ტექნოლოგიის საწყის ტესტირებასა და სტრეს- ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
დაბოლოს, რეალურ გარემოში ტესტირება მოიაზრებს პროდუქტის გაშვებას შეზღუდული მასშტაბით და შეზღუდულ დროში. აღნიშნულ პერიოდში ხდება შესაბამისი რეგულირების მუხლების შემსუბუქება ან პირობითი თანხმობის მიღება. საჭიროების შემთხვევაში, ეს ეტაპი, თავის მხრივ, შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ქვეეტაპს, რომელთა განმავლობაშიც ხდება პროცესის არეალის გაფართოება და რისკებზე დაკვირვება. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია ფინანსური ტექნოლოგიის სრულფასოვან დანერგვაზე საზედამხედველო თანხმობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში საზედამხედველო ჩარჩოსა და მიდგომებში ცვლილებების შეტანა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს განვითარების პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივი ფინტექ-კომპანიებისა და მთლიანად ფინანსური სექტორის ხილვადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.
ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ჩართულია გლობალური ფინანსური ინოვაციების ქსელში (GFIN), რომელიც ნოვატორი ზედამხედველების თანამშრომლობის წამყვანი პლატფორმაა. აქ ერთ- ერთი მთავარი ჯგუფი მუშაობს რამდენიმე იურისდიქციაში ფინანსური ტექნოლოგიის ერთობლივ ტესტირებაზე და საერთაშორისო რეგულირების ლაბორატორიის/ სენდბოქსის შექმნაზე. გლობალური ფინანსური ინოვაციების ქსელთან თანამშრომლობა ქართული ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექ- კომპანიებისთვის ტექნოლოგიების საერთაშორისო დონეზე გატანის დამატებითი იოლი შესაძლებლობაა.
ყველა ინოვატორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი ღირებულება აჩვენოს, აღიარება მოიპოვოს და ჩვენი ფინანსური ბაზარი უკეთესი გახადოს. საზედამხედველო გახსნილობა ფინტექ- -ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც საქართველოს ფინანსური სექტორის დინამიკურობის, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება.