რისი ყიდვაა შესაძლებელი ძვირად ღირებულ უძრავი ქონების ბაზრებზე $1 მილიონად?

რისი ყიდვაა შესაძლებელი ძვირად ღირებულ უძრავი ქონების ბაზრებზე $1 მილიონად?

მსოფლიო მასშტაბით, უძრავი ქონების ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარი მონაკოშია. Knight Frank-ის მონაცემებით, ევროპულ ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს იზიდავს, $1 მილიონად უძრავი ქონების ბაზარზე მხოლოდ 16 კვადრატული მეტრი კერძო საკუთრების შეძენაა შესაძლებელი. მეორე ადგილზე ჰონგ-კონგია – 22 კვადრატული მეტრით, ხოლო მესამე ადგილზე სინგაპური – 32 კვადრატული მეტრით.

გასულ წელს, მაღალი საპროცენტო განაკვეთების გავლენით, ძვირად ღირებული უძრავი ქონების გლობალურმა გაყიდვებმა იკლო. მიუხედავად ამისა, მიწოდების შეზღუდვიდან გამომდინარე, ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. შედეგად, Knight Frank-ის ანგარიშით, უძრავი ქონების ბაზრის ყველაზე ძვირად ღირებულ 5%-ზე $1 მილიონი არცთუ ისე დიდი თანხაა. ნიუ-იორკში $1 მილიონი მხოლოდ 34 კვადრატული მეტრის, პარიზში – 40 კვადრატული მეტრის, ხოლო შანხაიში – 42 კვადრატული მეტრის ღირებულებაა.

რეიტინგში მონაკოს ლიდერობა მულტიმილიონერების მხრიდან ქალაქ-სახელმწიფოში ქონების შეძენაზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. მონაკო მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს კაზინოებით, ცხოვრების წესითა და დაბალი გადასახადებით იზიდავს. მულტიმილიონერებისგან მაღალი მოთხოვნა კი მონაკოში უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს. შედეგად, მონაკოში, უძრავი ქონების მიხედვით უმდიდრეს 1%-ში მოსახვედრად, სულ მცირე $12.8 მილიონის ინვესტიციაა საჭირო.

რაც შეეხება დუბაის, ქალაქში მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ემიგრანტების მაღალი ნაკადის წყალობით გაიზარდა. დუბაიში მილიონდოლარიან სახლებზე დიდი მოთხოვნისა და რიგების მიუხედავად, ქალაქში შედარებით შეღავათიან ფასად ბევრად დიდი ქონების ყიდვაა შესაძლებელი, ვიდრე უფრო მომწიფებულ პრაიმ-ბაზრებზე. მაგალითად, Knight Frank-ის თანახმად, $1 მილიონი, ლონდონთან შედარებით დუბაიში სამჯერ დიდი ფართობის ღირებულებაა.

უძრავი ქონების ყველაზე ძვირად ღირებულ ბაზრებზე $1-მილიონიანი ქონება ასე გამოიყურება:

  1. მონაკო – 16 კვადრატული მეტრი
  2. ჰონგ-კონგი – 22 კვადრატული მეტრი
  3. სინგაპური – 32 კვადრატული მეტრი
  4. ლონდონი – 33 კვადრატული მეტრი
  5. ჟენევა – 34 კვადრატული მეტრი
  6. ნიუ-იორკი – 34 კვადრატული მეტრი
  7. ლოს-ანჯელესი – 38 კვადრატული მეტრი
  8. პარიზი – 40 კვადრატული მეტრი
  9. შანხაი – 42 კვადრატული მეტრი
  10. სიდნეი – 43 კვადრატული მეტრი
  11. მაიამი – 60 კვადრატული მეტრი
  12. ტოკიო – 64 კვადრატული მეტრი
  13. დუბაი – 91 კვადრატული მეტრი
  14. მადრიდი – 96 კვადრატული მეტრი
  15. მუმბაი – 103 კვადრატული მეტრი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *