X-XIII საუკუნეების თბილისი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქს წარმოადგენდა კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში, თუმცა თბილისის განსაკუთრებული ზრდა მაინც XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოხდა, როდესაც ქვეყანას თამარ მეფე მართავდა.
იმდროინდელი ისლამური სამყაროს წარმოსახვაში თბილისი ისლამის გავრცელების უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენდა. მაგალითად, X საუკუნეში ერთ-ერთი არაბი ავტორი თბილისს ისლამის ერთგვარ საზღვრად აღწერს. ამ მოსაზრებას სხვა არაბი მწერლებიც იზიარებდნენ. მაგალითად, იაკუთი (XIII ს.) წერს, რომ თბილისი ისლამური სამყაროს უკიდურეს წერტილს წარმოადგენს.
თბილისის არაბულ ქალაქად წარმოდგენა შესაძლოა იმ ფაქტით ყოფილიყო განპირობებული, რომ 1122 წლის შემდეგ აქ არაბების დიდი რაოდენობა ცხოვრობდა, რასაც მოწმობს როგორც ქართველ ისტორიკოსთა ნაშრომები, ისე უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები.
X საუკუნიდან თბილისის განსაკუთრებული ეკონომიკური დაწინაურება ქალაქის სტრატეგიული ადგილმდებარეობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. თბილისს უკავშირდებოდა ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო- სატრანზიტო გზა: 1. თბილისი- ბარდავი- ზენჯანი; 2. თბილისი- დვინი- მარაღა. ამ მიმართულებებით თბილისი, X საუკუნიდან, თუმცა შეიძლება უფრო ადრეული პერიოდიდანაც, მიბმული იყო თანამედროვე სომხეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ირანში არსებულ საქარავნო გზებთან, რადგან ეს გზები დაკავშირებული იყო მახლობელ აღმოსავლეთში გამავალ ძირითად სავაჭრო მაგისტრალებთან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უშუალოდ თბილისი მჭიდროდ იყო დაკავშირებული აბრეშუმის სავაჭრო გზებთან.
X-XIII საუკუნეებში თბილისში წარმოებული პროდუქცია მარტივად გადიოდა საქართველოდან მახლობელი აღმოსავლეთის დიდ ბაზრებზე. თბილისის, როგორც “არაბული ქალაქის”, სავაჭრო მიბმას ისლამურ სამყაროსთან უნდა გამოეწვია მისი საგრძნობი ეკონომიკური ზრდა. X საუკუნის თბილისი სამხრეთ კავკასიის სხვა დიდი ქალაქების (დარუბანდი, ბარდავი) თანაბარ ქალაქად არის მოხსენიებული.
არაბი ისტორიკოსები/გეოგრაფოსები თბილისის აღწერას, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ეს კი მახლობელ აღმოსავლეთში თბილისის მზარდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.
თბილისიდან ბევრ სხვა პროდუქციასთან ერთად გაჰქონდათ აბრეშუმი, ვერცხლისწყალი, არყის ხე, წაბლი, ტანსაცმელი, ფაქიზი ნოხები, შალი, მონები და სხვა. მონა ვაჟებსა და ქალებზე ყურადღებას ამახვილებს XIII საუკუნის ნაშრომი “აჯაიბ ად- დუნიას” ანონიმი ავტორიც. სპარსი ისტორიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისიდან ექსპორტზე გაჰქონდათ უნაგირები, სპილოს ძვლით გაწყობილი ლაგმები, კაპარჭები, ხილიფები, მინა, ფიალები და ბროლის ნაწარმი.
როგორც ჩანს, X-XIII საუკუნეების თბილისში აბრეშუმის წარმოება მაღალ დონეზე იყო განვითარებული. თითქმის ყველა აღმოსავლური წყარო თბილისიდან გატანილი პროდუქციის ჩამონათვალში სწორედ აბრეშუმს ახსენებს. განსაკუთრებით საინტერესო ცნობაა შემონახული იბნ- ისფანდიარისთან, როდესაც თაბარისთანის მბრძანებელმა არდაშირ იბნ ჰასანმა ხორეზმშაჰ თექეშს სხვა საჩუქრებთან ერთად საპალნეებით ძღვნად გაუგზავნა ბიზანტიური, ბაღდადური და თბილისური ქსოვილები. დიდი ალბათობით, თბილისიდან წამოღებული ქსოვილები “აბრეშუმი” უნდა ყოფილიყო. ბაღდადურთან და ბერძნულ ნაწარმთან ერთად თბილისის აბრეშუმის ხსენება უდავოდ მის მაღალ ხარისხზე უნდა მეტყველებდეს. ქართული ხარისხიანი ქსოვილების (და, შესაბამისად, ქართული ექსპორტის) შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული ბიზანტიელ ისტორიკოსებთან. ერთ- ერთი ჟამთააღმწერლის მიხედვით, XII საუკუნის ბოლოს კონსტანტინოპოლში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მსურველ ანდრონიკე კომნენოსს ქართული ქსოვილებისგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვა.
საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში აბრეშუმის წარმოების ტექნოლოგიების განვითარება თანამედროვე სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიების ქალაქებთან მჭიდრო კავშირის ერთ-ერთი შედეგი უნდა ყოფილიყო. სავაჭრო ურთიერთობებს იდეების გაცვლა-გამოცვლა და ტექნოლოგიების განვითარება მოჰყვებოდა. რადგან განჯა და ბარდავი მჭიდრო კონტაქტში იყო თბილისთან, არ არის გამორიცხული, რომ აბრეშუმის წარმოების მაღალი ხარისხი და წარმოების მეთოდები თბილისში სწორედ სამხრეთთან ვაჭრობისას შემოსულიყო.
აქვე უნდა აღინიშნოს ქართული ნოხების ფართო გავრცელება მეზობელ ქვეყნებში. ქართული ნოხების მაღალ ხარისხზე მეტყველებს მათი მაღალი რანგის პირებისთვის საჩუქრად ხშირი გადაცემა.
დიდი ალბათობით, თბილისიდან განჯამდე და ბარდავამდე ჩასული სხვადასხვა პროდუქცია მარტივად გადიოდა თანამედროვე სომხეთის, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ ირანის მთავარ ქალაქებში. იქიდან კი მსხვილი სავაჭრო მაგისტრალებით უფრო შორეულ ქვეყნებში ხვდებოდა. ქართველი მწერლებიც აღნიშნავდნენ თბილისისა და ზოგადად საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს. მაგალითად, უცნობი მემატიანის მიერ “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში” ნახსენებია თამარ მეფის დროს ალექსანდრიიდან საქართველოში შემოტანილი ძვირფასი მატყლი, რაც, დიდი ალბათობით, ჯერ მახლობელი აღმოსავლეთის ცენტრალური სავაჭრო მაგისტრალებით, შემდგომ კი უკვე საქართველოსთან ახლოს, ან მის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო გზებით შემოვიდა თბილისში.
რაც შეეხება იმპორტს თბილისსა და დანარჩენ საქართველოში, წერილობით წყაროებში შემონახული მონაცემები საკმაოდ მწირია. თუმცა ცნობილია, რომ მატყლის შესახებ ზემოთ მოყვანილი ცნობის გარდა, საქართველოში ირანიდან და ცენტრალური აზიიდან ძვირფასი ქვები შემოდიოდა.
თამარ მეფის თბილისი ნამდვილად მნიშვნელოვანი ქალაქი გახლდათ. მისი სიდიადის მანიშნებელი ერთ- ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი წისქვილი იყო. საქმე ისაა, რომ წისქვილები X-XIII საუკუნეების მახლობელი აღმოსავლეთის მხოლოდ დიდ და ეკონომიკურად აქტიურ ცენტრებში არსებობდა. X საუკუნეში, ისეთი დიდი ქალაქების მსგავსად, როგორიცაა მოსული და რაქა, წისქვილები თბილისშიც იყო.
როგორც ჩანს, თბილისი მართლაც იყო განთქმული თავისი წისქვილებით, რადგან XIII საუკუნის პირველ ნახევარში თბილისურ წისქვილებზე ისევ არის გამახვილებული ყურადღება. იმ დროს მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, ბაღდადში, 30,000 წისქვილი არსებობდა.
თბილისის შთამბეჭდავ სავაჭრო-ეკონომიკურ ზრდაზე კიდევ ერთი ობიექტი მეტყველებს – ცნობილი თბილისური აბანოები. უცხოურ წყაროებში შემონახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ XII-XIII საუკუნეების განმავლობაში თბილისის აბანოების რაოდენობა 40-დან 65-მდე გაიზარდა. ასევე ბევრი სავაჭრო ბაზარი იყო გამართული როგორც თბილისის გარშემო, ასევე თვით ქალაქში, – იქ, სადაც დღეს გორგასლის მოედანი, რიყე და მიმდებარე ტერიტორიებია.
ამრიგად, X-XIII საუკუნეების თბილისი მიერთებული იყო ცნობილ სავაჭრო გზებზე, რასაც ჩვენ დღეს აბრეშუმის გზებს ვუწოდებთ.