საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ყოველწლიურად 5 მილიარდ ლარზე მეტს ხარჯავს, რომლის უდიდესი ნაწილიც გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი წერეთელმა Forbes Infrastructure-სთან აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.
გიორგი წერეთლის განცხადებით, უცვლელია გეგმა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ბოლოს რიკოთის მონაკვეთი დასრულებული უნდა იყოს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ 2024 წლისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი უკვე ექსპლუატაციაში შევიდეს. თუმცა ავტობანის კონკრეტული მონაკვეთები არაერთწლიანი ვადაგადაცილებებით შენდება – ამ მხრივ გამორჩეულია სამტრედია-გრიგოლეთის გზა, სადაც ურჩ კონტრაქტორებთან მთავრობა საარბიტრაჟო დავაშიც იყო ჩართული. ასევე დაბალი ტემპით შენდება ბათუმის შემოვლითი გზა და გრიგოლეთი-ქობულეთის საგზაო მონაკვეთები, რომელთაც ნახევარ მილიარდ ლარზე დიდი კონტრაქტით კომპანია JV “Polatyol & Mapa” აშენებს. გიორგი წერეთლის განცხადებით, ამ კომპანიამ წერილობითი შენიშვნა უკვე მიიღო.
„ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ კონტრაქტორებმა მათზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს და, სამწუხაროდ, დეპარტამენტს მოუწია როგორც პირველ, ასევე მეორე და მესამე მონაკვეთებზე კონტრაქტის გაწყვეტა და, შესაბამისად, ახალი პროცედურების დაწყება, ახალი კონტრაქტების გაფორმება.
ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სუსტი პროგრესი აქვს კომპანიას (JV „Polatyol & Mapa”-ს). მას შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა, მას კონტრაქტის პირობითაც აქვს ვადები, რომ ეს ტემპი გამოასწოროს და დაგვიანებული სამუშაოები შეასრულოს. ვნახოთ, ველოდებით. სუსტი პროგრესის მიზეზი ალბათ გარკვეულწილად არის ფინანსური რესურსების უქონლობა. ჩვენც მათ გადაწყვეტილებებს ველოდებით, ვნახოთ, როგორ იმოქმედებენ. შეასრულებენ თუ არა იმ ვალდებულებებს, რაც მათ წერილით და შესაბამისი შეტყობინებით გაეგზავნათ მათი საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ. თუ არ შეასრულებენ, ჩვენ კონტრაქტის შესაბამისად ვიმოქმედებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
„დღეს აღმოსავლეთდასავლეთის მაგისტრალის სიგრძე 460 კილომეტრია, ახალი ავტობანით მისი სიგრძე 430 კილომეტრამდე მცირდება. ამ 430 კილომეტრიდან 209 კილომეტრის გზა უკვე გახსნილია, 118 კილომეტრზე კი მუშაობა გრძელდება.“
არის კონტრაქტები, სადაც გვჭირდება ტექნოლოგიური ცვლილებების შეტანა პროექტებში და ამაზე გადაწყვეტილებების მიღება. ეს ხდება ხოლმე როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში. 2020-2021 წლებში რთული ვითარება იყო, თუმცა არცერთი პროექტი არ გაჩერებულა. რაღაც პრობლემები იყო, მაგრამ ჩვენ იმ გეგმებსა და ვადებში, რასაც ყოველთვის ვაცხადებდით, რომ 2022 წელს გარკვეული მონაკვეთები დასრულდებოდა და 2023 წელს სრულად რიკოთის მონაკვეთი დასრულებული იქნებოდა, ამ გეგმებში ვრჩებით და მივყვებით. კიდევ ვიმეორებ, არის გარკვეული სუბიექტური და ობიექტური გარემოებები, რომელთა გამოც პროექტებს და უფრო მეტად ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებს ექმნებათ პრობლემები და გვიწევს გადავადებები და ვადის გაგრძელება”, – ამბობს გიორგი წერეთელი.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი 2024 წელს გაიხსნება
ჩრდილოეთ-სამხრეთის განახლებული მაგისტრალის მშენებლობა 1.2 მილიარდი ლარი ჯდება, საიდანაც 909 მილიონი ლარი საქართველოში ყველაზე გრძელი, 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე იხარჯება. პროექტს ჩინური კორპორაცია China Railway Tunnel Group-ი აშენებს.
გზების დეპარტამენტის უფროსი მოელის, რომ 2024 წლისთვის ეს მაგისტრალი ექსპლუატაციაში იქნება შესული, ხოლო ამჟამად გვირაბის 3.3 კილომეტრი უკვე გაჭრილია.
„ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბიდან 3.3 კმ უკვე გაჭრილია და მისი მოსახვა მიმდინარეობს. მასვე მიჰყვება 9-კილომეტრიანი საევაკუაციო გვირაბი, რომელიც 3.3 კმ-ზე არის გაბურღული. გვირაბის დიამეტრი უნიკალურია, ის 15 მეტრის იქნება, თავად მჭრელი აპარატიც, TBM-იც, ათეულში შედის პარამეტრებით.
ახალი გზით გუდაურს უკვე ახალი დაერთება ექნება, არა ის, რომელიც დღეს აქვს, როდესაც სოფელ მლეთის გავლით ადიხართ, არამედ ახალი მონაკვეთიდან ასასვლელი გზა, რომელიც უფრო კარგი და კომფორტული იქნება. კურორტ გუდაურში არანაირი ტრანზიტული მოძრაობა აღარ გაივლის.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე 2024 წლისთვის ეს გზა უკვე იქნება ექსპლუატაციაში შესული და ეს მოხსნის იმ პრობლემას, რაც რეგიონს უდგას, რადგანაც წელიწადში 98 დღე მოძრაობა დაკეტილია”, – ამბობს გიორგი წერეთელი.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში 23 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი აშენდება.
ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს დამატებითი ზოლი ექნება. აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
2-მილიარდიანი საგზაო პროექტები კახეთში
კახეთის ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყო. ამჟამად კონტრაქტები გაფორმებულია 35 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, რომლის მშენებლობაც 527 მილიონი ლარი ჯდება. მათ შორის უმსხვილესი 313-მილიონიანი ხელშეკრულება China Road and Bridge Corporation-თან არის გაფორმებული, ხოლო 64 მილიონი ლარის ღირებულების მონაკვეთს ქართული კომპანია New Road-ი აშენებს. პარალელურად გრძელდება 295-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საგარეჯოდან ბადიაურამდე ახალი გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
4-ზოლიანი მაგისტრალების ტენდერებში კონტრაქტები ძირითადად უცხოურ კომპანიებთან არის გაფორმებული. გიორგი წერეთლის განცხადებით, სულ სამი გამონაკლისი იყო, როდესაც ასეთი ხელშეკრულება ქართულ კომპანიასთან დაიდო, მათ შორის ერთ-ერთი – სწორედ კახეთის მაგისტრალის მშენებლობისას.
„კახეთში 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა დავიწყეთ და ამჟამად პირველ 35-კილომეტრიან, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთს ვაშენებთ, რომელიც სამ ლოტად არის დაყოფილი. პირველ ლოტზე ქართული კომპანიაა გამარჯვებული. ქართული კომპანია პირველად ახორციელებს ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას და ეს ძალიან სასიხარულოა. ზოგადად ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართულ კომპანიებს და სამტრედია-გრიგოლეთის პირველ ლოტსაც ქართული კომპანია აშენებს. ქუთაისის შემოვლითი გზაც თავის დროზე ქართულმა კომპანიამ ააშენა და ძალიან გვიხარია, რომ ქართული კომპანიები ვითარდებიან და მათ უკვე შეეძლებათ, ამ გამოცდილებით სხვა ქვეყნებშიც განახორციელონ პროექტები. საერთაშორისო ტენდერებში მხოლოდ ეს სამი შემთხვევა გვქონდა ქართული კომპანიის მიერ პროექტის განხორციელების, ხოლო ზოგადად დიდ ტენდერებში, სამწუხაროდ, ქართული კომპანიების გამოცდილება მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ხოლმე, თუმცა არადონორულ და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ტენდერებში 99%-ით ქართული კომპანიები იმარჯვებენ და ისინი ახორციელებენ ყველა მშენებლობასა თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
კახეთში ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლის დასაწყისში პირველი 3-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებული იქნება. სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს ასევე დამატებით 17-კილომეტრიან მონაკვეთზე კონტრაქტორის ასარჩევად. მთლიანობაში თბილისი-ბაკურციხის მონაკვეთი 87-კილომეტრიანია, რომელზეც მთლიანად ავაშენებთ 4-ზოლიან მაგისტრალს. ასევე სამუშაოები მიდის ბაკურციხეწნორის მონაკვეთზე, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, სადაც ამჟამად ორღობეში უწევს სატრანსპორტო და სატვირთი ნაკადს მოძრაობა. ეს ძალიან საფრთხიანი მონაკვეთია. სწორედ ამიტომ უკვე მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა. უკვე დაგეგმილია მომავალში ასევე წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით განვითარება ამ მაგისტრალის და ასევე თქვენ იცით, რომ გურჯაანის შემოვლითი მაგისტრალი გავხსენით 2021 წელს და გურჯაანითელავის გზის მშენებლობაც დაგეგმილია.
მთლიანობაში კახეთის მიმართულებით დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვაპირებთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
პირველი 52-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 35 კილომეტრი უკვე დასრულებული იქნება 2024 წლისთვის, ხოლო 17-კილომეტრიანი გზის დასრულება ნავარაუდებია კონტრაქტორის შერჩევიდან 24 თვეში. შესაბამისად, მომდევნო წლის დასაწყისში დავიწყებთ და 24 თვეში დასრულდება ეს გზა”,- ამბობს გიორგი წერეთელი.
სტატია მომზადებულია 2022 წლის 22 სექტემბერს BMGTV-ის ეთერში, გადაცემა „საქმის კურსში” გასული ვიდეოინტერვიუს საფუძველზე.