ლანდშაფტი, რომელიც არ მეორდება — 60 ჰექტარზე გადაჭიმული კურორტი საირმე გამორჩეული ინფრასტრუქტურით

ლანდშაფტი, რომელიც არ მეორდება — 60 ჰექტარზე გადაჭიმული კურორტი საირმე გამორჩეული ინფრასტრუქტურით

უნიკალური მდებარეობა და ბალნეოლოგია, თანამედროვე და გამორჩეული ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი თუ გასართობი სივრცეები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში „საირმე რეზორტის“ დონისა და ხარისხის კურორტი არ არსებობს“. რა მოცულობის ინვესტიცია დაიხარჯა, როგორ განახლდა და რა შესაძლებლობებია კომპლექსში მკურნალობისთვის, დასვენებისა თუ გართობისთვის? – Forbes Infrastructure-თან „კურორტ საირმის“ დირექტორი დავით ყიფიანი საუბრობს.

კურორტი სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს. საირმე ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც სხვადასხვა სამკურნალო თვისების მქონე 5 მინერალური სასმელი წყარო და ერთი თერმული მინერალური წყალი ამოედინება. მწვანე საფარი კი 60 ჰექტარს შეადგენს.

კურორტის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო. ფართომასშტაბიანი სამუშაოები 2018 წლამდე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. კომპლექსში ამჟამად ორი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროა წარმოდგენილი.

სასტუმრო „საირმე“ 152 ნომერს აერთიანებს და მასში 390 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომერი თანამედროვე დიზაინითაა შექმნილი. გამოყენებულია ხის ნეიტრალური ფერები. ოთახების აივნებიდან იშლება განსაკუთრებული ხედი. შენობა პარკის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, მიმდებარედ კი მოწყობილია ბილიკები, მოსასვენებელი ფანჩატურები და გასართობი სივრცეები.

სიმწვანეშია ჩაფლული მეორე სასტუმროც, სახელწოდებით „ახალი საირმე“, სადაც 103 ნომერია განთავსებული. 15 მილიონი ლარის ღირებულების პროექტში გამორჩეულია ვერანდები, დაკიდებული ტერასები, თერმული აუზები, რესტორნები და კაფეები.

შენობებთან ერთად, კურორტზე განხორციელდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან დღემდე ინვესტიციების მოცულობამ 80 მილიონი ლარი შეადგინა.

„სასტუმროების გარდა, სრულიად ახალი სტანდარტით მოეწყო სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. გვაქვს 70-ზე მეტი სერვისი. საირმე ერთადერთი კურორტია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციის, ESPA-ის წევრია. კურორტმა 2021 წელს მიიღო მონაწილეობა ESPA-ის ყოველწლიურ კონკურსში და მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო ინოვაციური პროექტის“ ნომინაციაში. პროექტი გულისხმობდა კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც „ევექსი ჰოსპიტლებთან“ ერთად შემუშავდა. 2021 წელს ვიზიტორების რაოდენობით რეკორდიც მოვხსენით და 97 000 სტუმარს ვუმასპინძლეთ“, – აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი.

აქტიური დასვენების მოყვარულებს კურორტ საირმეში კომპაკ-სპორტინგი ელოდებათ. „სასროლეთი“ აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული აპარატურით. აქვეა 800 მეტრის სიგრძის ზიპლაინი, რომელიც მთებიდან პირდაპირ კურორტის პარკში ეშვება. ექსტრემის მოყვარულებს კურორტი Off-road-ტურებსა და სალაშქრო ბილიკებსაც სთავაზობს.

დავით ყიფიანი ამბობს, რომ კომპლექსი საქართველოში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, სრულად კეთილმოწყობილი შენობებითა და დასასვენებელი თუ სარეკრეაციო ზონებით.

„ამ 11 წლის განმავლობაში 60 ჰექტარზე ამიერკავკასიასა და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული დასასვენებელი და სამკურნალო სივრცე განვაახლეთ და გავაფართოვეთ. კურორტზე დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და 350 თანამშრომელს გადააჭარბა. მათ შორის 85% ადგილობრივი მოსახლეა. „საირმე“ აქტიურად ზრუნავს როგორც კურორტის, ისე რეგიონის განვითარებაზე“.

საქართველოში საკურორტო ზონებისა და დასასვენებელი სივრცეების საკმაოდ დიდი არჩევანია. რა გამოარჩევს კურორტ „საირმეს“?

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს კურორტი, რომელიც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით „საირმე რეზორტს“ კონკურენციას გაუწევს. თავად კურორტია უნიკალური, ზღვის დონიდან თავისი სიმაღლით, ფოთლოვანი და წიწვოვანი შერეული ტყით, 6 მინერალური წყლით (აქედან 5 სასმელი და 1 თერმული), განვითარებული ინფრასტრუქტურით. ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ჩვენი დონისა და ხარისხის კურორტი საქართველოში არ არსებობს – არც მასშტაბით და არც უნიკალურობით“, – აცხადებს დავით ყიფიანი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *