როგორ აღმოაჩინა და გაანადგურა CIA-მ ალ-კაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი

როგორ აღმოაჩინა და გაანადგურა CIA-მ ალ-კაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი

2 აგვისტოს, დილით, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ CIA-მ დრონით თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის, ალ-კაიდას ამჟამინდელი ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი გაანადგურა. აღნიშნული ოპერაცია შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ქაბულში, ავღანეთში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში განახორციელა.

ამერიკული დრონის მიერ გაშვებული ორი Hellfire ტიპის უცნობი მოდიფიკაციის რაკეტამ სამიზნემდე ზუსტად მიაღწია. იერიშის შედეგად აიმან ალ-ზავაჰირის გარდა არავინ დაშავებულა. ალ-კაიდასთვის ეს 2011 წელს უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ყველაზე დიდი დანაკარგია. ბინ ლადენის შემდეგ ტერორისტულ ორგანიზაციას სწორედ ეგვიპტელი ფიზიკოსი, აიმან ალ-ზავაჰირი ხელმძღვანელობდა.

დასავლური სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურების საზოგადოებისათვის ზავაჰირის ლიკვიდაცია კიდევ ერთი წარმატების ინდიკატორია. თუმცა, საინტერესოა როგორ აღმოაჩინა CIA-მ ზავაჰირის ადგილსამყოფელი და რას ნიშნავს მისი ლიკვიდაცია ავღანეთის და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების გარემოსთვის.

როგორც აღვნიშნეთ, აიმან ალ-ზავაჰირი წარმოშობით ეგვიპტელი ფიზიკოსი გახლდათ, რომელმაც სამშობლოში მეოცე საუკუნის მიწურულს ეგვიპტის ისლამური ჯიჰადის (EIJ) მოძრაობა დააფუძნა. 1998 წელს აიმან ალ-ზავაჰირი ალ-კაიდას რიგებს შეუერთდა და გლობალურ ჯიჰადში იმ დროს ყველაზე ძლიერ და რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ერთად ჩაერთო.

მას 2001 წლის ტერაქტის დაგეგმვის გარდა, 1998 წლის 7 აგვისტოს, ტანზანიასა და კენიაში შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმის მოწყობაში ედებოდა ბრალი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს კი ზავაჰირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოც ჰქონდა დაწესებული.

აიმან ალ-ზავაჰირი წლების განმავლობაში წარმატებით იმალებოდა. შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა და ლიკვიდაცია კონტრ-ტერორისტული და სადაზვერვო სამსახურების ფრთხილი, ზომიერი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგია.

სადაზვერვო ორგანოების მიერ ზავაჰირის ადგილსამყოფელის ოფიციალურად დადასტურებამდე, ჭორები მისი პაკისტანსა და ავღანეთში ყოფნის შესახებ ვრცელდებოდა. მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ ანონიმური პირი მედია-სააგენტო Reuters-ს ესაუბრა. მისი მტკიცებით, სადაზვერვო ორგანოები ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ალ-კაიდას აქტიურობის კვალს განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებოდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შეიტყო, რომ ზავაჰირის ოჯახი – ცოლი, ქალიშვილი და მისი შვილები ქაბულში უსაფრთხო სახლში დასახლდნენ. მოგვიანებით კი იმავე ადგილას თავად ზავაჰირის კვალსაც მიაკვლიეს. ზავაჰირის ადგილსამყოფელის დასადასტურებლად ამერიკულ სპეცსამსახურებს რამდენიმე თვე დასჭირდათ. აპრილიდან კი უკვე შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ.

ოპერაციის წარმატებით განსახორციელებლად CIA-მ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელისა და სხვა დეტალების შესახებ რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროსაგან მიიღო. ზავაჰირის ქაბულში, უსაფრთხო სახლში მისვლის შემდეგ, საბოლოოდ მისი იდენტიფიცირება აივანზე გასვლისას მოხერხდა. დრონით შეტევა კი სწორედ მაშინ განახორციელეს, როდესაც აიმან ალ-ზავაჰირი აივანზე იმყოფებოდა.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, CIA ზავაჰირის ადგილსამყოფელი შენობის არქიტექტურასა და მასში მცხოვრები სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა. მათ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ზავაჰირის ოჯახის წევრებისათვის ზიანის მიყენების რისკის მინიმუმამდე შემცირება სურდათ.

ბოლო კვირების განმავლობაში კი ოპერაციის დეტალები უკვე უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ ბაიდენსა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბარნსს შორის განიხილებოდა. ეს უკანასკნელი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვითარების შესახებ განახლებებს პირადად აწვდიდა.

საინტერესოა ისიც, რომ ოპერაციის საბოლოოდ დადასტურებამდე სადაზვერვო ინფორმაცია უწყებათაშორისმა უფროსი იურისტების საკმაოდ მჭიდრო წრემ შეისწავლა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აიმან ალ-ზავაჰირი ალ-კაიდას მუდმივი ხელმძღვანელობის საფუძვლით კვლავ კანონიერ სამიზნეს წარმოადგენდა.

უკვე 25 ივლისს კი, ჯო ბაიდენმა კაბინეტის წევრებისა და მრჩევლებისაგან საბოლოო ბრიფინგის ბრძანება გასცა. გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი ითხოვდა კაბინეტის წევრებთან ერთად განეხილათ, როგორ შეიძლებოდა ასახულიყო ზავაჰირის მკვლელობა აშშ-თალიბანის სამომავლო ურთიერთობაზე. ყველანაირი დეტალის შეთანხმების შემდეგ კი თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Hellfire ტიპის ორი რაკეტით თავდასხმა 30 ივლისს, საღამოს 9:48 საათზე განხორციელდა. ზავაჰირის უსაფრთხო სახლი ქაბულის ცენტრში, შერპურის რაიონში, ყოფილ მწვანე ზონასთან ახლოს მდებარეობდა.

Reuters

აიმან ალ-ზავაჰირის მკვლელობა გარდა „სამართლიანობის აღსრულებისა“ კიდევ რამდენიმე საკითხის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. უსაფრთხოების მკვლევარებსა და დარგის ექსპერტებში, რეალურ სურათზე დაყრდნობით, უკვე წლებია არსებობს მოსაზრება, რომ ალ-კაიდა ავღანეთში დასუსტდა და ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ აიმან ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციამ ეს მოსაზრება უკვე საბოლოოდ დაადასტურა.

ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს ხორასანის პროვინციის“ გამოჩენისა და თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კი ალ-კაიდა უკვე ყველაზე დიდი არასახელმწიფოებრივი აქტორიც კი აღარ გახლავთ. შესაბამისად, აიმან ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციით კიდევ უფრო განმტკიცდა მოსაზრება, რომ ავღანეთში გავლენებისათვის ბრძოლას ალ-კაიდა სრულიად გამოეთიშა. ეს ამბავი ავღანეთში შექმნილი ახალი უსაფრთხოების გარემოს შესახებ კიდევ ერთ დამადასტურებელ ინფორმაციას წარმოადგენს.

საინტერესოა ისიც, თუ რა გამოხმაურება მოჰყვა შეერთებული შტატების მიერ ავღანეთის მიწაზე განხორციელებულ ოპერაციას თალიბანის, ქვეყნის მმართველი პარტიის მხრიდან. თალიბანის სპიკერმა ქაბულის ცენტრში განხორციელებული დრონით თავდასხმა საერთაშორისო პრინციპების დარღვევად შეაფასა. შეერთებულმა შტატებმა კი თალიბანი ალ-ზავაჰირისათვის თავშესაფრის მიცემის გამო დოჰას შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

მართლაც, რთული წარმოსადგენია თალიბანს დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში მცხოვრები ალ-კაიდას ლიდერის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. თუმცა, შესაძლოა ამის შესახებ არც არაფერი იცოდა. ალ-ზავაჰირის ადგილსამყოფელისა და თალიბების ინფორმირებულობის შესახებ რამდენიმე სცენარის გამოყოფა შეგვიძლია, რომელთაგან ყველა თალიბანისათვის არასახარბიელო შედეგებს მოასწავებს.

  1. თუკი თალიბანმა ალ-ზავაჰირის ქვეყანაში ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა, ეს კიდევ ერთი ინდიკატორია ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სისუსტისა. თუკი ქვეყნის სპეცსამსახურებს ალ-კაიდას ლიდერის ავღანეთში შესვლა და ქაბულის ცენტრში დასახლება გამორჩათ, ეს ფაქტორი თალიბანის ISKP-სთან დაპირისპირებაში უდიდეს სისუსტეს წარმოადგენს. თუმცა, ეს ბუნებრივიცაა. უწინ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები წარმატებას დასავლელ პარტნიორებთან სადაზვერვო და სხვა სახის ინფორმაციების გაცვლით აღწევდნენ. ქვეყნიდან კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ კი ავღანეთს საინფორმაციო მომარაგება შეუწყდა.
  2. თუკი თალიბანი ალ-ზავაჰირის ქვეყანაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და მას უსაფრთხო თავშესაფარს აძლევდა, ეს მისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მინიჭების პროცესს კიდევ უფრო გააჭიანურებს. თუმცა, თალიბანისათვის თავშესაფრის მიცემა, მისი იდეოლოგიის ნაწილია. პაშტუნების ეთიკურ-მორალური კოდექსი, „პაშტუნვალი“ თალიბანს სტუმრისათვის თავშესაფრის მიცემას ავალდებულებს. ასეთ გარემოებასთან საქმე 21 წლის წინაც გვქონდა. 2001 წელს თალიბანის მაშინდელმა ლიდერმა მულა ომარმა, უსამა ბინ ლადენი აშშ-ს სწორედ ამ საბაბით არ გადასცა. შესაბამისად, ამ სცენარის შემთხვევაში თალიბანს საქმე საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო უფუჭდება, რაც ბოლო დროს მის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
  3. შესაძლებელია ისიც, რომ თალიბანი ალ-ზავაჰირის ქვეყანაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და მისი ადგილსამყოფელი CIA-ს სწორედ მათ გაუზიარეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკუთრივ თალიბანისთვის ყველაზე ცუდ სცენარს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთი მხრივ ამყარებს თანამშრომლობას დასავლეთთან, ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო მეტ მტერს იჩენს. ყველაზე მეტად კი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ISKP-ს გაძლიერების გათვალისწინებით, თალიბანს ამჟამად სწორედ ქვეყნის შიგნით უჭირს.

ნებისმიერი შემთხვევაში, აიმან ალ-ზავაჰირის ლიკვიდაცია რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას ბევრ ეჭვს ამართლებს და აზუსტებს, თუმცა კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *