აშშ საბერძნეთს $162 მლნ-ის შვეულმფრენებს მიჰყიდის

აშშ საბერძნეთს $162 მლნ-ის შვეულმფრენებს მიჰყიდის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისათვის ვერტმფრენების პოტენციურად მიყიდვის შესაძლებლობა განიხილა. საუბარია S-70 ტიპის შვეულმფრენებზე, რომელთა საერთო ღირებულებაც 162 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

შტატების თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საბერძნეთის მთავრობამ აშშ-საგან მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში S-70 ტიპის ვერტმფრენების, მათი სათადარიგო ნაწილების, შეკეთების მომსახურების, საფრენი აპარატის სისტემის განახლებებისა და რადარების შესყიდვის შესახებ უფლება ითხოვა.

უფრო კონკრეტულად, საუბარია ამერიკულ საზღვაო ფლოტში არსებული ამერიკული წარმოების Sikorsky SH-60 Seahawk-ის ტიპის ვერტმფრენების საექსპორტო ვარიანტზე, Sikorsky S-70B Seahawk-ზე.

საინტერესოა, რომ ბოლო დროს საბერძნეთმა პარტნიორებთან სხვადასხვა სახის საფრენი აპარატების შეძენის თაობაზე რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. უკანასკნელ პერიოდში დადებული შეთანხმებების თანახმად, ბერძნები ისრაელისაგან დრონებს, ხოლო საფრანგეთისაგან Rafale-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენენ. გარდა ამისა, მოხდება უკვე არსებული ამერიკული F-16-ების საჰაერო ფლოტის მოდერნიზება და გაუმჯობესებაც.

სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბერძნეთი 20 ერთეული მეხუთე თაობის ამერიკული სტელს გამანადგურებლის, F-35-ების შეძენასაც შეეცდება. პოტენციურ გარიგებას ვაშინგტონში უკვე განიხილავენ. აღნიშნული საკითხი რამდენიმე კვირის წინ Lockheed Martin-სა და პენტაგონს შორის დადებული ახალი შეთანხმების დროსაც დაისვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.