როგორ დავარწმუნოთ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში?

როგორ დავარწმუნოთ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში?

ვაქცინები, რაც თანამედროვე მედიცინის უდიდეს მიღწევად ითვლება, ყოველწლიურად 2-დან 3  მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს გვინარჩუნებენ.

Covid-19-ის საწინააღმდეგოდ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის გამოგონება პანდემიის დასამარცხებლად გაწეული გლობალური ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიუხედავად ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი ვაქცინების მიმართ. ძალიან დიდი შანსია, რომ ასეთი ადამიანი ჩვენს გარემოცვაშიც იყოს, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა აუცილებლად უნდა იცოდეს გზა, თუ როგორ ესაუბროს ასეთ ადამიანს. საჭირო რჩევები კი Unicef-მა იელის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორ საად ომერისგან მიიღო.

დაუკავშირეთ მათ ღირებულებებს

მაშინაც კი, თუ იმედგაცრუებას გრძნობთ, მნიშვნელოვანია, თანაგრძნობა გამოხატოთ. აგრძნობინეთ მათ, რომ უსმენთ, – გვირჩევს დოქტორი საადი. მაგალითად, ეცადეთ, ყველაფერი დაუკავშიროთ მათ სენტიმენტებს. აუხსენით, რომ ადგილები, რომლებიც ძალიან ენატრებათ და რომელთაც ვერ სტუმრობენ პანდემიის გამო, გაიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინას გავიკეთებთ. სკეპტიკოსებთან საუბრისას აქცენტი უნდა დავსვათ დაავადების მძიმე მხარეებზე, რადგან თუ მხოლოდ ვაქცინაზე ვილაპარაკებთ, წარმატების ნაკლები შანსი გვექნება. დოქტორი იმასაც დასძენს, რომ ვაქცინაზე საუბრისას წინა პლანზე უნდა წამოვწიოთ ერთგვარად პრაგმატული მოსაზრებები:   პანდემიამ ახლობლებთან სიახლოვე და ყოველდღიური საქმიანობები დაგვაკარგვინა, რაც აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ უკან.

ნუ შეაწყვეტინებთ  

დარწმუნდით, რომ საუბრისას არ აწყვეტინებთ, არ ფარავთ მის ხმას და არ ცდილობთ საყვარელი ადამიანის გამოსწორებას. მოუსმინეთ და მიდით იქ, სადაც არიან. „თქვენ არ უნდა დაეთანხმოთ ცრუ ინფორმაციას, მაგრამ უნდა იყოთ ემპათიურები და გააგრძელოთ პროცესი მანამ, სანამ ურთიერთობას ან საუბარს არ დაასრულებთ“, – ამბობს ომერი.

დაეხმარეთ მათ, იგრძნონ თავი გაძლიერებულად

პანდემიამ ბევრი ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა და ახლა ადამიანთა უმეტესობა შეშინებულია. ომერი გვთავაზობს, ჩვენი საყვარელი ადამიანები გავამხნევოთ და შევაგულიანოთ – მაგალითად, ვუთხრათ, რომ მათ შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ დაავადებასთან ბრძოლაში და რომ ვაქცინაცია დაასრულებს პანდემიას.

არ კონცენტრირდეთ მითებზე

ფრთხილად იყავით დეზინფორმაციის პირდაპირ აღქმასთან დაკავშირებით. დისკუსია არ უნდა შეეხებოდეს კონკრეტულად ერთ ან ყველა მითს, რადგანაც ამას კიდევ და კიდევ უფრო მეტი მითის აღმოჩენა მოჰყვება. მითის ყურადღების ცენტრში მოქცევამ შესაძლოა მითი უფრო მეტად დაამახსოვროს ადამიანს, ვიდრე რეალური ფაქტი, ამის აღმოფხვრას კი თქვენ ვერ შეძლებთ.

თუ მოგიწიათ ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანთან საუბარი, ომერის რჩევით, უნდა გამოიყენოთ შემდეგი მიდგომა: ფაქტი, გაფრთხილება, ცდომილება, ფაქტი.

როგორ მუშაობს ეს:

  • დაიწყეთ ფაქტით: Covid-19-ის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია;
  • გააფრთხილეთ მითის გაჟღერებამდე, რომ ვრცელდება უამრავი მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ;
  • ახსენეთ ცდომილება (მითი);
  • დაასრულეთ ფაქტით, ახსენით, თუ რატომ არაა ეს მითი სიმართლე.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „დეზინფორმაციის სწორი ინფორმაციით ჩანაცვლებაა“,- განმარტავს ომერი.

ჩათვალეთ, რომ ისინი ვაქცინაციას აპირებენ

უბრალოდ, უთხარით თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს: „წამოდი, ავიცრათ!“. ამ მეთოდს სავარაუდო კომუნიკაციას უწოდებენ. ეს მეთოდი კლინიკებში წარმატებული აღმოჩნდა და დიდი შანსია იმისა, რომ პირად ურთიერთობებშიც კარგად იმუშავებს. თქვენ არ ართმევთ ვინმეს ავტონომიას, თქვენ უბრალოდ სიტყვიერ დეფოლტს ადგენთ.

ნუ დაითრგუნებით

ანტივაქსერის დარწმუნება ხანგრძლივი პროცესია. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის, რომელიც ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, მოსაზრებები ერთ დღეში არ შეიცვლება. და რა არის ყველაზე მთავარი? „შეინარჩუნოთ კავშირი მასთან“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *