როგორ გამდიდრდა „Airbnb“?

როგორ გამდიდრდა „Airbnb“?

“Airbnb“ ყველაზე პოპულარული ვებსაიტია ბინის დაქირავების მსურველებს შორის, განსაკუთრებით – უცხოელ ტურისტებს შორის.

2022 წელს “Airbnb“-მა 8.4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 2 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. მისი აქტივები 16 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 68 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 7,000-მდე ადამიანი. დღეს “Airbnb“-ის მომსახურების მიღება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი.

2007 წელს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში ერთად იქირავეს ბინა დიდი ხნის ნაცნობებმა, 26 წლის ბრაიან ჩესკიმ და 26 წლის ჯო გებიამ. ისინი თანაკურსელები იყვნენ, ერთად სწავლობდნენ გრაფიკულ და ინდუსტრიულ დიზაინს. სან-ფრანცისკოში მაღალშემოსავლიანი სამსახურები არ ჰქონდათ და ბინის ქირის გადახდაც კი უჭირდათ. 2007 წლის ოქტომბერში სან-ფრანცისკოში ამერიკის „ინდუსტრიული დიზაინის საზოგადოებამ“ დიდი კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციაზე ჩამოსულმა სტუმრებმა ქალაქის სასტუმროები სრულად დაჯავშნეს. ჩესკის და გებიას ფული სჭირდებოდათ და გადაწყვიტეს, რამდენიმე დღით სტუმრები თავიანთ ბინაში მიეღოთ. იყიდეს სამი დიდი მატრასი და ღამის გათენების მსურველებს „საწოლი და საუზმე“ (“Airbed and Breakfast”) შესთავაზეს. ასე მიიღეს პირველი სამი სტუმარი თავიანთ ბინაში.

ამ შემთხვევამ მათ დაანახა, რომ ასეთი სახის მომსახურებაზე მოთხოვნა იქნებოდა და ამ იდეით დიდი ფულის შოვნის გზას დაადგნენ. 2008 წლის თებერვალში მათ შეუერთდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნათან ბლეჰარჩიკი რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იყო და ჩესკის და გებიას ახალი ვებპორტალის გაკეთებაში დაეხმარა. ახალი საიტის მისამართი თავიდან airbedandbreakfast.com იყო. დღევანდელი airbnb.com-ი წინა ვერსიის შემოკლებული ვარიანტია, სადაც “bnb“ არის “bed and breakfast“- ის აბრევიატურა. საიტი ოფიციალურად 2008 წლის აგვისტოდან გაეშვა და იმ ადამიანებს, ვისაც სასტუმროს ქირაობა არ შეეძლო, ღამის გათევის ადგილსა და საუზმეს სთავაზობდა.

2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს “Airbnb“-ის დამფუძნებლებმა ფულის შოვნის მიზნით კიდევ ერთი მცირე ბიზნესი წამოიწყეს, მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატების, ობამასა და მაქკეინის გამოსახულებით გაფორმებული სურსათის (მარცვლეულის ფანტელები) გაყიდვა დაიწყეს. ამ გზით 30 ათასი დოლარი იშოვეს, რაც “Airbnb“-ის განვითარებისთვის სჭირდებოდათ. ამავე დროს, ისინი სტარტაპ-ინკუბატორმა – “Y Combinator“-მა მიიწვია თანამშრომლობისთვის, სადაც მათ ტრენინგები ჩაუტარეს და 20 ათასი დოლარის დაფინანსებაც გამოუყვეს “Airbnb“-ის 6%-იანი წილის სანაცვლოდ. ინკუბატორისგან მიღებული ფული პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის გამოიყენეს და 2009 წლის მარტში საიტზე უკვე 2,500 განცხადება იყო განთავსებული. 2009 წლიდან საიტის მისამართი “Airbnb“ გახდა. გარდა იმისა, რომ მოკლე სახელი უფრო მარტივად დასამახსოვრებელია, შეთავაზებები გასცდა „საწოლსა და საუზმეს“, გამოჩნდა დიდი სახლების გაქირავების განცხადებებიც.

კომპანიამ პირველი მსხვილი ინვესტიცია – 600 ათასი დოლარი – ვენჩურული კაპიტალის კომპანიისგან, “Sequoia Capital“-ისგან 2009 წელს მიიღო. 2010 წელს ისევ ვენჩურული კაპიტალის კომპანიისგან, “Greylock Partners“-ისგან მიიღო 7.2 მლნ დოლარი. ინვესტიციების მიღების წინაპირობა “Airbnb“-ში დიდი პოტენციალის დანახვა იყო.

2010 წელს საიტზე 700 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა. 2011 წელს “Airbnb“-მა პირველი საერთაშორისო ოფისი გახსნა ლონდონში, რასაც შემდეგ მოჰყვა უამრავი ოფისი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. 2013 წლის ბოლოს კომპანიას უკვე 9 მლნ მომხმარებლისთვის ჰქონდა მომსახურება გაწეული. მხოლოდ 2013-წელს საიტზე 250,000 განცხადება განთავსდა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ 2014 წელს კომპანიამ 450 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიღო „TPG Capital“-ისგან.

2015 წელს “Airbnb“ გახდა ერთ-ერთი პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც მომსახურების მიწოდება აშშ-ისგან სანქცირებულ კუბაში დაიწყო.

წარმატების პარალელურად არ წყდებოდა “Airbnb“-ში ინვესტიციების ჩადება და 2017 წელს უკვე თავად “Airbnb“-მა განახორციელა მსხვილი ინვესტიცია, როდესაც 13 მლნ დოლარად რესტორნების დასაჯავშნი აპლიკაცია იყიდა.

2020 წელს დაწყებულმა კოვიდპანდემიამ “Airbnb“ ძალიან დააზარალა, რადგან ბინების დაქირავება 90%-ით შემცირდა. კომპანიას 250 მლნ დოლარის კომპენსაციების გადახდაც მოუწია იმ გამქირავებლებისთვის, რომელთა ბინების ჯავშნები კლიენტებმა გააუქმეს. დაფინანსების მოსაზიდად 2020 წლის დეკემბერში “Airbnb“ საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციები გამოიტანა გასაყიდად და 3.5 მილიარდი დოლარი მოიზიდა, კომპანია კი 100 მილიარდ დოლარად შეფასდა.

პანდემიის დასრულების შემდეგ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ისევ ზრდას დაუბრუნდა. 2022 წლის მარტში “Airbnb“-მა უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთსა და ბელარუსში საქმიანობა შეაჩერა.

დღეს “Airbnb“-ზე 7 მლნ-მდე განაცხადია განთავსებული მსოფლიოს 100 ათასზე მეტი ქალაქიდან და ტერიტორიიდან. საიტის გაშვების დღიდან ბინების გამქირავებლებმა 180 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს.