როგორ გამდიდრდა „მასტერქარდი“?

როგორ გამდიდრდა „მასტერქარდი“?

ფინანსური მომსახურების კომპანია Mastercard Inc-ი ყველაზე მეტად პლასტიკური ბარათებით არის ცნობილი. მისი საბანკო ბარათები, „ვიზას“ ბარათებთან ერთად, ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

კომპანია „მასტერქარდმა“ 2022 წელს 22 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მოგება 10 მილიარდ დოლარამდე იყო. კომპანიის აქტივები – 39 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 400 მილიარდი დოლარია. კაპიტალიზაციით ის მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. დასაქმებული ჰყავს 30 ათასამდე ადამიანი.

ამერიკულმა ბანკებმა საბანკო ბარათების გამოშვება 1940-იან წლებში დაიწყეს. 1960-იან წლებამდე უამრავი ბარათი გამოიცა, ყველა ბანკი თავის ბარათს გამოსცემდა. 1966 წელს ბარათების გამომცემლები გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს Interbank Card Association-ი (ICA), რომელიც მოგვიანებით „მასტერქარდი“ გახდა. გაერთიანების ინიციატორი Marine Midland Bank-ის ვიცე-პრეზიდენტი კარლ ჰინკე იყო.

1968 წელს ICAმა ალიანსი შექმნა ევროპულ „ევროქარდთან“. ამავე წელს ალიანსს იაპონური ბანკებიც შეუერთდნენ.

„მასტერქარდის“ ბარათის წინამორბედმა „ინტერბანკმა“ 1969 წელს ახალი ბრენდი – Master Charge-ი გამოუშვა, რომელზეც გამოსახული იყო დღეს ყველასათვის კარგად ნაცნობი წითელი და ყვითელი წრეები.

1970-იან წლებში ICA-ს აფრიკული და აზიური ქვეყნების ბანკებიც შეუერთდნენ და 1979 წელს The Interbank Card-ს „მასტერქარდი“ ეწოდა.

1983 წელს „მასტერქარდი“ გახდა პირველი კომპანია, რომლის ბარათებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჰოლოგრამები გამოჩნდა. 1985 წელს „მასტერქარდმა“ Cirrus-ის ბანკომატების მსხვილი ქსელი შეისყიდა.

1987 წელს „მასტერქარდის“ ბარათი იყო პირველი, რომელიც ჩინეთში გამოჩნდა, მანამდე ჩინეთში გადახდებისთვის ბარათები არ გამოიყენებოდა. 1988 წელს „მასტერქარდის“ ბარათები საბჭოთა კავშირშიც გამოუშვეს.

2002 წელს „მასტერქარდი“ Europay International-თან გაერთიანდა, 2006 წელს კი საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციები გამოუშვა. აქციები პირველად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განათავსა. ერთი აქციის ფასი $39 იყო და კომპანიამ აქციების გაყიდვით 650 მლნ დოლარი მოიზიდა. დღეს „მასტერქარდის“ ერთი აქციის ფასი 400 დოლარზე მეტია.

2005 წელს „მასტერქარდის“ შემოსავალი 3 მილიარდ დოლარამდე იყო, 2012 წელს კი 7.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2009-2012 წლებში კომპანიამ რამდენიმე მსხვილი კომპანია შეისყიდა საფინანსო ტექნოლოგიების სფეროდან, მათ შორის, Orbiscom-ი (რომელიც „მასტერქარდის“ ლაბორატორია და ახალი იდეების ინკუბატორი გახდა), DataCash-ი (ელექტრონული კომერციის კომპანია), Travelex-ი, Trevica და Truaxis-ი. კომპანიების შესყიდვები მომდევნო წლებშიც გააგრძელა და 2020 წელს მისმა შემოსავალმა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

2015 წლისთვის „მასტერქარდის“ ბარათები მსოფლიოს 210 ქვეყანაში და ტერიტორიაზე გამოიყენებოდა. ამ დროს კომპანიაში 10,000 ადამიანი მუშაობდა, ანუ დაახლოებით იმის მესამედი, რაც დღეს მუშაობს.

2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, „მასტერქარდმა“ რუსეთში თავისი ბარათების გამოშვება და მოხმარება შეაჩერა. რუსეთის ბაზარს კომპანიის შემოსავლებში 4% ეკავა. თუმცა 2022 წელს „მასტერქარდის“ შემოსავალი მაინც გაიზარდა 22 მილიარდ დოლარამდე.

„მასტერქარდის“ შემოსავლის ძირითადი წყარო საკომისიოებია, რომელთაც მას ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები და სავაჭრო ობიექტები უხდიან. ის ასევე შემოსავალს გამოიმუშავებს სხვა სერვისებიდან, როგორიცაა ტრენინგი, კონსულტაცია და მარკეტინგული მხარდაჭერა.