როგორ გამდიდრდა „რენო“?

როგორ გამდიდრდა „რენო“?

„რენომ“ 2023 წელს 2.3 მლნ ავტომობილი გამოუშვა და 60 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 135 მლრდ დოლარამდეა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 20 მლრდ დოლარია. დასაქმებული ჰყავს 170 ათასზე მეტი ადამიანი. დღეს „რენოს“ გარდა მას ეკუთვნის შემდეგი ბრენდები: „ალპინი“, „დაჩია“ და „მობილიზი“.

„რენოს“ ისტორია 125 წლის წინ, 1899 წელს დაიწყო, როდესაც სამმა ფრანგმა ძმამ, ლუი, მარსელ და ფერნან რენოებმა კომპანია Société Renault Frères-ი დააარსეს. ძმებს შორის ამ საქმეში მთავარი ლუი იყო, რომელიც ავტოინჟინერი გახლდათ და უკვე ჰქონდა შექმნილი ავტომობილის რამდენიმე პროტოტიპი. რენოების ოჯახი მდიდრული პარიზული ოჯახი იყო. მარსელი და ფერნანი მამის ტექსტილის ბიზნესში იყვნენ ჩართული. როცა საავტომობილო კომპანია დააარსეს, ისინი ბიზნესის მიმართულებას ხელმძღვანელობდნენ, ავტომობილების წარმოება ანუ საინჟინრო მიმართულება ლუის ებარა.

პირველი ავტომობილი – Renault Voiturette-ი დაარსების წელსვე გამოუშვეს, რომელიც რენოების მამის მეგობარმა შეიძინა. 1903 წლიდან საკუთარი ძრავების აწყობა დაიწყეს, მანამდე კი სხვა კომპანიისგან ყიდულობდნენ. პირველი მსხვილი შეკვეთა 1905 წელს მიიღეს ტაქსის კომპანიისგან. 1907 წელს უკვე პარიზისა და ლონდონის ქუჩებში მოძრავი ტაქსის მნიშვნელოვანი წილი „რენოზე“ მოდიოდა. 1907 წელს სატვირთო ავტომობილიც გამოუშვეს. 1908 წელს კი აშშ-ში, ნიუ-იორკში დაიწყეს მანქანების გაყიდვა. ამ წელს სულ 3,575 ავტომობილი აწარმოეს, თუმცა ეს საკმარისი იყო, რომ ფრანგულ კომპანიებს შორის პირველ ადგილზე გასულიყვნენ ავტომობილების რაოდენობით.

1903 წლიდან „რენო“ ავტორბოლებში მონაწილეობდა, რაც კომპანიის სწორი მარკეტინგული სვლა გახლდათ. ლუი და მარსელი თავად იღებდნენ რბოლაში მონაწილეობას, რაც მარსელისთვის ტრაგიკულად დასრულდა – პილოტიპარიზი-მადრიდის რბოლის დროს ავტოავარიაში დაიღუპა. ფერნანიც ადრეულ ასაკში, 1909 წელს გარდაიცვალა და კომპანიის მართვა ერთპიროვნულად ლუიმ გააგრძელა.

1910 წლამდე „რენოს“ ავტომობილები ძვირი ღირდა, მათი შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. 1910-იანი წლებიდან კომპანიის სტრატეგია ავტომობილების გაიაფება გახდა. ამ მიზნით ეწვივნენ ჰენრი ფორდის კომპანიას მიჩიგანში, საიდანაც წარმოების ის პრინციპები წამოიღეს, რაც მანქანების იაფად წარმოების საშუალებას იძლეოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს „რენო“ საბრძოლო მანქანების წარმოებაზე გადაეწყო, მათ შორის გამოუშვა ტანკი Renault FT. ომის დასრულების შემდეგ, 1918 წლიდან, კომპანიამ სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორების გამოშვება დაიწყო, რაშიც ტანკების წარმოების გამოცდილება დაეხმარა.

შედარებით იაფი ავტომობილების წარმოების ხაზის გახსნამ კომპანიას 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ სირთულეები დააძლევინა.

მეორე მსოფლიო ომის დროს „რენო“ ისევ სამხედრო საშუალებების წარმოებაზე გადაერთო, თუმცა საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ წარმოება შეწყვიტა. გარდა ამისა, მისი ქარხანა ბრიტანელებმა დაბომბეს. 1944 წლის ბოლოს, პარიზის გათავისუფლების შემდეგ, „რენომ“ბიზნესი თანდათან განაახლა, მაგრამ საფრანგეთის მთავრობამ ლუი რენო ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და დააპატიმრა. ლუი დაპატიმრებიდან მალევე გარდაიცვალა. საფრანგეთის მთავრობამ კომპანია „რენოს“ ნაციონალიზაცია მოახდინა, ანუ ოჯახს ჩამოართვა.

1960-1970-იან წლებში „რენოს“ ქარხნები განახლდა და და კომპანიამ სხვადასხვა ახალი მოდელი გამოუშვა. ყველაზე წარმატებული მცირე ზომის ბიუჯეტური მოდელი 4CV იყო, რომელიც „ფოლკსვაგენ ხოჭოსაც“ კი უწევდა კონკურენციას.

1977 წელს „რენო“ ფორმულა 1-ის რბოლაში ჩაერთო, სადაც დღემდე მონაწილეობს.

1996 წელს საფრანგეთის მთავრობამ „რენოს“ პრივატიზაცია განახორციელა. კომპანიის აქციების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ მას გაფართოების საშუალება მისცა. 1999 წელს დაიწყო „რენოს“ და „ნისანის“ ალიანსი. „რენომ“ „ნისანის“ 37% იყიდა, ხოლო „ნისანმა“ „რენოს“ 15%, რომელსაც დღემდე ფლობს. საფრანგეთის მთავრობის წილი „რენოში“ 15%-მდე შემცირდა და დღემდე 15%-ია. ამავე წელს „რენომ“ რუმინული კომპანია „დაჩიას“ 51% იყიდა 400 მლნ ფრანკად.

2010 წელს „რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსმა თანამშრომლობა „დაიმლერთან“ დაიწყო. ამავე წელს, „რენომ“ ახალი დიდი ქარხანა ააშენა მაროკოში, 2012 წელს კი – ალჟირში.

2023 წელს კომპანიის შემოსავალმა 40 მლრდ ევროს მიაღწია, 2016 წელს კი 50 მლრდ ევროს გადასცდა.

2022 წელს რუსეთ-უკრაინის გამო „რენომ“ რუსეთში ავტომობილების წარმოება შეაჩერა და აქტივები გაყიდა.