როგორ გამდიდრდა „ვერსაჩე“?

როგორ გამდიდრდა „ვერსაჩე“?

იტალიური მოდის სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის, „ვერსაჩეს“ შემოსავალმა 2022 წელს ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. „გუჩის“ ბრენდის საბაზრო ღირებულება 2 მილიარდი დოლარია. შემოსავლით იტალიურ ბრენდებს შორის მე-6 ადგილზეა. მსოფლიო მასშტაბით 200-ზე მეტი ბუტიკი და 1,500-მდე სავაჭრო ადგილი აქვს. დასაქმებული ჰყავს 1 500 ადამიანი. დღეს „ვერსაჩე“ მსხვილ ბრიტანულ-ამერიკულ კონგლომერატს „კაპრი ჰოლდინგს“ მიეკუთვნება, რომელიც ასევე აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა „მაიკლ კორსი“ და „ჯიმი ჩუ“.

კომპანიის სრული სახელი „ჯანი ვერსაჩეა“, რომელიც 1978 წელს იტალიელმა დიზაინერმა ჯანი ვერსაჩემ დააარსა. ჯანი ვერსაჩე 1942 წელს დაიბადა იტალიაში, დედამისი ფრანჩესკა – მკერავი იყო, ძირითადად კაბებს კერავდა. ჯანი ადრეული ასაკიდან ეხმარებოდა დედას, თუმცა უფრო დიზაინი აინტერესებდა და ამ მიზნით მილანში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოდის დიზაინი ისწავლა. 1973 წელს კომპანია „ჯენიში“ დაიწყო დიზაინერად მუშაობა, სადაც 1978 წლამდე, საკუთარი კომპანიის დაარსებამდე დარჩა.

კომპანიის დაარსებაში ჯანის ოჯახის წევრები დაეხმარნენ როგორც ფინანსურად, ასევე შრომით. მისი ძმა სანტო ვერსაჩე კომპანიის პრეზიდენტი გახდა, ხოლო და, დონატელა ვერსაჩე – ვიცე-პრეზიდენტი.

ჯანი ვერსაჩეს ძალიან უყვარდა ძველი ბერძნული და რომაული კულტურა, ამიტომ კომპანიის ლოგოდ მედუზა გორგონას თავი შეარჩია.

„ვერსაჩემ“ პირველი ბუტიკი მილანში გახსნა და პირველივე წელს ქალის ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა. ის მალევე მოხვდა მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში. მისი კაბები მკვეთრი ფერებით და სითამამით გამოირჩეოდა: გამჭვირვალე ნაჭრებით, მინი-კაბებით, ღრმა დეკოლტეთი და მოღებული ზურგით.

1982 წელს „ვერსაჩემ“ სამკაულებისა და აქსესუარების წარმოებაც დაიწყო. ამავე წელს  გამოუშვა ძალიან მსუბუქი ჯაჭვის პერანგის მატერიით შექმნილი ტანსაცმელი, რაც კომპანიის მნიშვნელოვანი ნიშანი გახდა.

1980-იანი წლების ბოლოს „ვერსაჩემ“ მარკეტინგულ კამპანიებში ცნობილი ადამიანების, მათ შორის სუპერმოდელების  მოწვეევა დაიწყო. მისი სახეები გახდნენ ნაომი კემპბელი, კრისტი ტარლინგტონი და ლინდა ევანგელისტა.

1990-იანების დასაწყისში „ვერსაჩეს“ მაღაზიები გაიხსნა პარიზში, ნიუ-იორკსა  და ლონდონში, რამაც ვერსაჩეს მსოფლიო აღიარება მოუტანა. „ვერსაჩეს“ ტანსაცმელი უკვე  ძალიან ცნობილ ადამიანებს ეცვათ: ელტონ ჯონს,  მაიკლ ჯექსონს, პრინცესა დაიანასა და სხვებს.

ჯანი ვერსაჩე 1997 წელს, 50 წლის ასაკში მოკლეს. ამ დროს მისი იმპერია მილიარდ დოლარამდე ღირებულების იყო და მსოფლიო მასშტაბით 130 მაღაზია ჰქონდა გახსნილი. ჯანი აშშ-ში, მაიამის სანაპიროზე მოკლეს. მას სერიულმა მკვლელმა ენდრიუ კუნინენმა ესროლა, რომელმაც ჯანის მოკვლიდან 8 დღეში თავი მოიკლა. ვერსაჩეს მოკვლის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, სავარაუდოდ, მკვლელი განდიდების მანიით იყო შეპყრობილი და ცნობილი ადამიანის მოკვლა ამიტომ გადაწყვიტა.

1998 წელს, სიკვდილის შემდეგ, ჯანი ვერსაჩეს მოდის „ოსკარი“ გადასცეს. ჯანის გარდაცვალების შემდეგ, მისი და დონატელა კომპანიის კრეატიული დირექტორი გახდა, ხოლო ძმა სანტო – კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (CEO). სანტო და დონატელა დღემდე არიან კომპანიის მართვაში ჩართული. დონატელა ბრენდის მთავარი კრეატიული ოფიცერია.

ჯანის ოჯახმა „ვერსაჩეს“ წარმატებით გაძღოლა შეძლო და კომპანიას იმიჯი და მოდაში გავლენა შეუნარჩუნა. 2000 წელს ავსტრალიაში გაიხსნა „ვერსაჩეს სასახლე“. ეს არის სასტუმრო, რომელიც ბრენდის ძვირი აქსესუარებით არის გაწყობილი. 2015 წელს მეორე „ვერსაჩეს სასახლე“ გაიხსნა დუბაიში. მესამეს გახსნა კი ჩინეთში იგეგმება.

2014 წელს კომპანიის 20% ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ  The Blackstone Group-მა იყიდა 210 მილიონ ევროდ. 2018 წელს კი The Blackstone Group-ის 20% და ვერსაჩეს ოჯახის 80% ცნობილი დიზაინერის მაიკლ კორსის კომპანია „კაპრი ჰოლდინგმა“ შეიძინა, თუმცა დონატელა ვერსაჩე კომპანია „ვერსაჩეს“ მთავარ დიზაინერად დარჩა.