ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2019 და 2020 წლებში საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ბანკის განახლებული შეფასებით, საქართველოში მშპ-ს ზრდა აღმოსავლეთ ევრიპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას და რა ასპექტებს უნდა მიაქციონ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა ყურადღება – Forbes Georgia-ს კითხვებს EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა სერგეი გურიევმა უპასუხა.
როგორ უნდა შევაფასოთ არსებული ეკონომიკური ზრდა, თუკი ერთ-ერთ საზომად ავიღებთ ინკლუზიურობას? ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კვლავ გვაქვს ინკლუზიურობის პრობლემა…
ეს ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ გარკვეულწილად შევცვალეთ გარდამავალი ეკონომიკებისთვის დანიშნულების წერტილი. EBRD-ის დირექტორთა საბჭომ ეს ახალი კონცეფცია მიიღო. ჩვენ გვსურს რომ შევქმნათ ისეთი საბაზრო პირობები, რომელიც ერთდროულად იქნება, ინკლუზიური, მწვანე პრინციპებზე დაფუძნებული, სწორი მმართველობის ქვეშ მყოფი, ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებზე და სტაბულური. ინკლუზიურობა ჩვენთვის დღეს მთავარია, იმისთვის რომ მივაღწიოთ მდგრად განვითარებად ქვეყანას. ჩემი მოვალეობაც როგორც მთავარი ეკონომისტის არის ის რომ გავიგოთ თუ როგორ იზომება ინკლუზიურობა. არათანაბარი შესაძლებლობები არ შემოიფარგლება მხოლოდ უთანასწორობით შემოსავლებში, არამედ ის მოიცავს წვდომას ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ამ კუთხით საქართველო არც თუ ისე კარგად პოზიციონირებს. ასე მაგალითად საქართველოში შემოსავლების უთანაბრობის უკან ხშირ შემთხვევაში დგას კონკრეტული პირის გენდერი ან საცხოვრებელი ადგილი. ამ კუთხით მთავრობას ბევრი სამუშაო აქვს და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროთ საქართველოს.
1990-იანი წლების დასაწყისში საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელმაც ეკონომიკის 70-80% დაკარგა. ჩვენ ეკონომიკურ ისტორიას ხელახლა ვერ დავწერთ, თუმცა არსებობს გზები უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ?
ეს კითხვა ისმის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანაში. საქართველომ ბოლო 16 წლის განმავლობაში შეძლო სტაბილური ეკონომიკის შექმნა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა. თქვენ წინაშე ძალიან დინამიური ევროპული ბაზარია. თუკი შევხედავთ ისეთ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო წლებში მოახდინეს ევროპის ბაზარზე ინტეგრაცია – მაგალითად, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია – მათ საკმაოდ კარგ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს. თუმცა ბოლო კრიზისებიდან გამომდინარე ეს ქვეყნები ისეთივე კონკურენტულები აღარ არიან. ჩვენ ჩვენი მხრივ ვცდილობთ დავეხმაროთ ქვეყანას შემდეგი მიმართულებებით: ინკლუზიურობის ზრდა, ლარში დენომინირებული ინსტრუმენტების ზრდა, ასევე გამოვყოფდი ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, სწორედ გამართული ინფრასტრუქტურით უნდა შეძლოთ სხვადასხვა ბაზრებზე გასვლა. განახლებადი ენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კლიმატის ცვლილება დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მსოფლიოში და მასთან გასამკლავებლად განახლებად ენერგიაზე გადასხვლა ერთადერთი პასუხია.
გულისხმობთ თუ არა ამ შემთხვევაში ჰიდროელექტროსადგურებს, თუ მხოლოდ მზის და ქარის ენერგიას?
ორივეს. საქრთველო ელექტროსადგურების კუთხით კარგად ვითარდება, მაგრამ კვლავაც არის გამოწვევები. ასე მაგალითად ჩვენ ჩართულები ვართ ენგურის რეაბილიტაციის პროცესში. თუმცა მზის და ქარის ენერგიების ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის ქვეყნებზე და იქ განვითარებულ მოვლენებზე. როგორ უნდა მოვიპოვოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მაშინ როდესაც ასე ვართ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორებიც არიან?
ძალიან კარგი შეკითხვაა. მდგრადი ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის სტაბილურობა და ინტეგრირება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მაგალითად თუკი საგარეო ფაქტორები არ არის სახარბიელო ქვეყნის საფინანსო სექტორი კვლავ რჩება სტაბილურ პოზიციაზე. ამისთვის გჭირდებათ ადგილობრივი ფინანსური ბაზრის განვითარება და განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტები. რაც შეეხება ინტეგრირებას, იმისთვის რომ არ იყოთ დამოკიდებულები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უნდა მოახდინოთ ექსპორტის დივერსიფიკაცია. როგორც ვახსენთ სწორედ ევროკავშირთან ვაჭრობა და ინტეგრირება დაგიცავთ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე დამოკიდებულებისგან, ვგულისხმობ რუსეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს. თურქეთის ეკონომიკაში დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. EBRD-ის ქვეყნებს შორის ის ერთადერთია სადაც წელს რეცესიას ვპროგნოზირებთ და ეს სიტუაცია წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შემდეგაც ჩვენი პროგნოზით ზრდა არ იქნება მყისიერი. საქართველოს ჰყავს მსგავსი მეზობლები, თუმცა თუკი ეკონომიკას მდგრადი და დივერსიფიცირებული წყაროები ექნება, თქვენ ამ გამომწვევებს გაუმკლავდებით.
საქართველოში მედიის მხრიდან მთავარი კრიტიკა, რომელიც მთავრობის მიმართ ისმის კვლავ უკავშირდება გადაწყვეტილებების მიღების დროს. ბოლო წლებში კრიტიკა უკავშირდება გადაწყვეტილებების მიღების და რეფორმების განხორციელების ტემპს. თვლით, რომ ეს ტემპი საკმარისია?
თუკი გავიხედებით 10 წლის უკან, ვნახავთ რომ ტემპი იმ დროს იყო უფრო სწრაფი. თუ შევხედავთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ამ შემთხვევაში საქართველო კვლავ ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორია. მე ევრ გეტყვით რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი. ეს უნდა გადაწყვიტოს ამომრჩევლმა. მე შემიძლია გითხრათ რა გჭირდებათ უფრო სწრაფი ზრდისთვის – ეს არის ინვესტირება განათლებაში, ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში.