საქართველოს ეკონომიკა საგარეო სექტორიდან მზარდ ზეგავლენას განიცდის, რისი გადმოცემაც, ძირითადად, საექსპორტო შემოსავლების, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გზით ხდება.
2018 წლის მე-3 კვარტალში გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით წლიური ზრდა 3.7%- ით განისაზღვრა, ხოლო იმავე პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო შემცირდება და 3.5% იქნება.
ბოლო პერიოდში მაღალი ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა IMF-ის შეფასებით, აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 2.9%-ით განისაზღვრა, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 2.5%-ია, რაც წინა პროგნოზებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
საქართველოს ეკონომიკა თურქეთზე და იქ მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო დროს განვითარებული უარყოფითი მოვლენებიდან გამომდინარე, თურქეთიდან კვლავ შემცირებულია სავაჭრო და სხვა ფინანსური შემოსავლები. 2018 წლის აგვისტოს სავალუტო კრიზისის შემდეგ თურქეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც თან დაერთო უარყოფითი სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობა. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება მეოთხე კვარტალშიც. შემცირებულია როგორც კერძო მოხმარება, ასევე ინვესტიციები. წლიური ინფლაცია დეკემბერში შემცირდა, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი – 20.3% – რჩება, რაც დაახლოებით 5%-ით დაბალია სექტემბრის შესაბამის მაჩვენებელზე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, თურქეთში შენარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდში არსებული გამოწვევები, რის გამოც რეალური მშპ-ის ზრდა 2018 წელს 3.5%-ით, ხოლო 2019 წელს კი 1.6%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, იმავე პროგნოზით , 2019 წელს წლიური ინფლაცია 15-16%-ის ფარგლებში იქნება.
დადებითი დინამიკა გრძელდება უკრაინის ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების პროცესში. შიდა მოთხოვნა სწრაფი ტემპებით იზრდება, რაც, ძირითადად, განპირობებულია შრომის ბაზრის გაუმჯობესების შედეგად გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯებითა და გაზრდილი ფულადი გზავნილებით. ზრდის ტემპებს ოდნავ აფერხებს ექსპორტის შემცირებული მოცულობა. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, მსოფლიო ბანკის შეფასება 2018 წლის უკრაინის რეალური მშპ-ს ზრდისთვის 3.5%, ხოლო 2019 წელს კი – 2.9%-ია. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ის დეკემბერში საკმაოდ მაღალი – 9.8% – იყო, ხოლო 2019 წლის პროგნოზი კი 7.3%-ია.
რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2018 წლის მესამე კვარტალში 1.5% იყო, რაც მოსალოდნელ მაჩვენებელზე მაღალია. მიუხედავად ამისა, გაჯანსაღების პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რაც განპირობებულია რუბლის გაუფასურებით, გაზრდილი დღგ-ს გამო კერძო მოხმარების შემცირებული დინამიკითა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის შესუსტებული აქტივობით. რთულ ვითარებას ასევე ნავთობის ფასების საგრძნობი შემცირება დაემატა, თუმცა აღნიშნული, ნაწილობრივ, დაბალანსებულია რუსეთ-ოპეკის შეთანხმებით ნავთობის მოპოვების შეკვეცის შესახებ. წლიური ინფლაცია კი გაიზარდა და 2.9% შეადგინა. რაც შეეხება დადებით მხარეს, აშშ რამდენიმე რუსული კომპანიისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს. სსფ-ს შეფასებით რეალური მშპ-ს ზრდა 2019 წელს 1.6% იქნება, ხოლო ინფლაცია კი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2018 წლის მესამე კვარტალში შემცირდა და 2.7% შეადგინა. მიუხედავად ამისა, სტაბილური ფულადი გზავნილები რუსეთიდან და შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას დადებით მუხტს აძლევს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2018 წლის რეალური მშპ-ს ზრდა 5.3%, 2019 წელს 4.3%, ინფლაცია კი 4%-ის ფარგლებში იქნება.
აზერბაიჯანის ეკონომიკა ზომიერ გაჯანსაღებას განაგრძობს, რაც გამოწვეულია მზარდი ფისკალური დანახარჯებითა და არასანავთობო სექტორის მაღალი აქტივობით. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის სექტორზე, რუსეთ-ოპეკის მიერ გამოშვების შეკვეცამ ნაწილობრივ დააბალანსა ნავთობის ფასების შემცირების ეფექტი. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მშპ-ს წლიური ზრდა 2018 წელს 1.1%, ხოლო 2019 წელს – 3.6% იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.3% შეადგინა, ხოლო 2019 წელს პროგნოზი კი 3.3%-ია. ეკონომიკური ზრდის შენელება ევროზონის ქვეყნებში ძირითადად განაპირობა გაუარესებულმა სამომხმარებლო განწყობამ და ექსპორტის ზრდის ტემპების შენელებამ. ამასთანავე, ფინანსურ ბაზრებზე უარყოფით მოლოდინებს ქმნის ე.წ BREXIT ირგვლივ არსებული გაურკვევლობა. ბოლო შეფასებით, ევროზონის 2018 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი13 სსფ-მ 1.8%-მდე შეამცირა, ხოლო 2019 წლის ზრდის პროგნოზი კი 1.6%-ია.