როგორ იზრდება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკები

როგორ იზრდება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკები

2017 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი გაუმჯობესდა და საერთაშორისო ვაჭრობა გაიზარდა, რაც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ განაპირობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა რეგიონშიც, როგორც სასაქონლო პროდუქციის ექსპორტიორ, ისე იმპორტიორ ქვეყნებში, რაც დიდწილად ნავთობზე ფასების ზრდის, ევროკავშირში გაუმჯობესებული ეკონომიკური ვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე დაფინანსების პირობების გაუმჯობესებით არის განპირობებული.

მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2017 წელს მოსალოდნელია 2.5% ზრდა, ხოლო 2018-2019 წლისათვის ეს მაჩვენებელი 2.8%-მდე გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 1.7%-ს შეადგენს. პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე გაურკვევლობა კვლავ ახდენს უარყოფით ზეგავლენას თურქეთის ეკონომიკაზე. ისევ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით , 2017 წელს ინფლაცია თურქეთში 10% იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა კი 2.5%, რაც ძირითადად ფისკალური სტიმულით და გაზრდილი ექსპორტით იქნება განპირობებული.

უფრო ოპტიმისტურია მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 3.5% იქნება, რაც 0.5%-ით მეტია იანვრის პროგნოზთან შედარებით. რუსეთის ეკონომიკა განაგრძობს გაჯანსაღებას, რაც ნავთობის ფასების სტაბილიზაციის, ექსპორტის და სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდის შედეგია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემების მიხედვით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 1.5-1.6% შეადგინა. თუმცა, რუსეთის ეკონომიკის გრძელვადიან პერიოდში ზრდა დამოკიდებული იქნება სტრუქტურული რეფორმების გატარებაზე, პროდუქტიულობისა და შრომის ბაზრის მოქნილობის გაზრდაზე.

ეკონომიკის გაუმჯობესების ტენდენციები შეინიშნება უკრაინაშიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 2%-ს გადააჭარბებს, ქვეყნის სავალუტო რეზერვები 17.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და წლის ბოლომდე მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის 10 პროცენტიანი ნიშნულის ქვემოთ შემცირება.

წელს გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა აზერბაიჯანშიც. ნავთობის ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, პოზიტიური ტენდენცია იკვეთება არასანავთობო სექტორში. თუმცა, მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, საბანკო სისტემის სისუსტესთან ერთად განაგრძობს უარყოფითი ზეგავლენის მოხდენას ეკონომიკურ ზრდაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, აზერბაიჯანში ინფლაცია 2017 წელს 10%, ხოლო ეკონომიკური ზრდა -1% იქნება.

გაუმჯობესებულია ეკონომიკური აქტივობა სომხეთში. საერთო მოთხოვნა განაგრძობს გაჯანსაღებას, რაც გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გარკვეულმა შემსუბუქებამ შეუწყო ხელი. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობის სექტორში, მაგრამ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. სომხეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2017 წლის მეორე ნახევრისთვის ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს სომხეთში მოსალოდნელია 2.9% ეკონომიკური ზრდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *