როგორ მიიღო Nvidia-მ 2024 წელს $131 მილიარდის შემოსავალი?

როგორ მიიღო Nvidia-მ 2024 წელს $131 მილიარდის შემოსავალი?

ჩიპების მწარმოებელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia მოცემული დროისთვის მსოფლიოს მესამე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2.87 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგეს და ამ მაჩვენებლით Apple-სა ($3.27 ტრილიონი) და Microsoft-ს ($2.9 ტრილიონი) ჩამორჩება.

ხელოვნური ინტელექტის ბუმისა და ჩიპებზე მაღალი მოთხოვნის გავლენით, ბოლო ფისკალურ წელს, Nvidia-ს შემოსავალი 114%-ით გაიზარდა და რეკორდულ 130.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კონკრეტულ მომხმარებლებზე ინფორმაციას არ ამჟღავნებს, ცნობილია, რომ მისი პროდუქციის სამ ძირითად მყიდველზე Nvidia-ს წლიური შემოსავლის მესამედზე მეტი მოდის – სავარაუდოდ, მათ შორის არიან ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა Meta, Alphabet-ი ან Tesla.

Nvidia-ს შემოსავლების დაყოფა ბიზნესსეგმენტის მიხედვით

Nvidia-ს შემოსავლების უმეტესობა მის გამოთვლით და ქსელურ განყოფილებაზე მოდის, რომელიც AI-პროცესორებსა და მონაცემთა ცენტრებში გამოყენებულ არქიტექტურას მოიცავს. მისი წყალობით გასულ ფისკალურ წელს ტექნოლოგიურმა კომპანიამ $116.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს ძირითადად AI-მოდელებისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

Meta-სა და ილონ მასკის xAI-ის განცხადებით, ისინი თავისი AI-მოდელების მუშაობის სისწრაფის გასაუმჯობესებლად სწორედ Nvidia-ს ჩიპების სუპერკლასტერებს იყენებენ. ეს კლასტერები კი, რომლებიც 100,000-მდე AI-ჩიპს აერთიანებს, მაღალსიჩქარიანი ქსელის კაბელებით არის დაკავშირებული. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს მსხვილმა ტექნიკურმა კომპანიებმა 300,000 ჩიპისგან შემდგარი კლასტერები მოითხოვონ.

მზარდია მოთხოვნა Nvidia-ს Blackwell-ჩიპებზეც, რომელიც გასული წლის მარტში გამოვიდა. ამ დროისთვის Nvidia-ს ყველაზე მოწინავე ჩიპად აღიარებული Blackwell-ის ღირებულება $30,000-ს შეადგენს, რაც 100,000 ჩიპისგან შემდგარი კლასტერისთვის $3 მილიარდს უტოლდება.

კატეგორიაშემოსავლები (ფისკალური წელი
დასრულდა 2025 წლის 26 იანვარს)
წილი შემოსავლებში
გამოთვლითი და ქსელური მიმართულება$116.2 მილიარდი89%
გრაფიკული მიმართულება$14.3 მილიარდი11%
წლიური შემოსავალი$130.5 მილიარდი100%

რაც შეეხება ბაზრებს, შემოსავლებში ამერიკის შეერთებული შტატების წილი 47%-ს შეადგენს და $61.3 მილიარდს უტოლდება. Nvidia-სთვის მეორე ყველაზე მსხვილი ბაზარი სინგაპურია, 18%-იანი წილითა და $23.7 მილიარდით. მესამე და მეოთხე ადგილს კი ტაივანი და ჩინეთი (ჰონგ-კონგის ჩათვლით) იკავებს, შესაბამისად, 16%-იანი წილითა და $20.6-მილიარდიანი შემოსავლით და 13%-იანი წილითა და $17.1-მილიარდიანი შემოსავლით. დანარჩენ ქვეყნებზე Nvidia-ს შემოსავლების 6% მოდის, რაც $7.9 მილიარდს უტოლდება.