საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს მოწინავე ეკონომიკების ამავე სექტორებისგან სამი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს. პირველი ესაა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის დაბალი დონე, სამთავრობო დახმარების მაღალი მაჩვენებელი და დასაქმებაში მაღალი კონტრიბუცია. წარმატებული ქვეყნებისთვის კი დაბალი საბიუჯეტო დახმარება, მაღალი პროდუქტიულობა და დასაქმების დაბალი წილია დამახასიათებელი.
საქართველოში არსებული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ეკონომიკის მაღალპროდუქტიული დარგების დაბეგვრას და რესურსების არაეფექტიან სოფლის მეურნეობაში გადანაწილებას გულისხმობს. ამგვარი პოლიტიკის შედეგი კი განვითარების შესაძლებლობის დანაკარგია. სამთავრობო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებს და კონვენციურ სუბსიდიებს გულისხმობს. ეს ორია ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელთა გამოყნებით სექტორი იღებს სამთავრობო მხარდაჭერას, რომელიც ბოლო წლებში მზარდია.
სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დაფინანსება
სოფლის მეურნეობაში საბიუჯეტო სუბსიდიების თვალსაჩინო ზრდა 2012 წლიდან იწყება, რომელიც კიდევ უფრო მეტად 2019 წლიდან გაფართოვდა. მაგალითად, ბოლო ათწლიან პერიოდში სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დახმარება, რეალურ გამოხატულებაში, 74.6%-მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში საჯარო დანახარჯები მზარდია, ამ სექტორის რეალური წარმოება ასეთ ტენდენციას არ იზიარებს. ამგვარ არაეფექტიან და დაბალპროდუქტიულ სექტორში რჩება დასაქმებულთა 17.9%, რომელთა ხელფასების დონე ქვეყნის საშუალო ხელფასია მაჩვენებელს 1/3-ით ჩამორჩება.
სოფლის მეურნეობის მთლიანი წარმოება (მუდმივ ფასებში, მლნ დოლარი)
გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობა დაბალპროდუქტიულია, ასეთ სექტორში საქმიანობა დაბალ შემოსავლებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სოფლად სამუშაო ძალის დარჩენა პირველ რიგში მათი სიღარიბის მიზეზია და შემდეგ, მთლიანად ეკონომიკისთვის დაკარგული შესაძლებლობა. სოფლის მეურნეობის საჯარო პოლიტიკა კი პირიქით, ადამიანებისთვის სოფლად, დაბალპროდუქტიულ მუშახელად დარჩენის სტიმულს ქმნის.
არსებული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, კერძოდ, საბიუჯეტო სუბსიდიები წარმოების მხარდაჭერას გულისხმობს, რაც ამახინჯებს საბაზრო პრინციპებს. ამგვარი პოლიტიკა ახალი არ არის, რადგან ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იან წლებამდე, მაშინ როცა პროტექციონისტული და ინტერვენციონისტული პოლიტიკის პარადიგმა დომინირებდა, მთელი რიგ ქვეყნებში არსებობდა. ასეთი პოლიტიკა კი კრიზისების მიზეზი გახდა, რამაც დღეს უკვე სოფლის მეურნეობაში წარმატებულ რიგ ქვეყნებს რადიკალური და მასშტაბური რეფორმებისკენ უბიძგა.
ასეთს შორის იყო ევროპის კავშირი, რომლის სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობის დინამიკა ბოლო ათწლეულებში გამოკვეთილად მზარდია, ხოლო მთლიან ეკონომიკაში სექტორის წილი დაბალია. უფრო სწორად, რაც უფრო განვითარებულია შემოსავლების დონე, მით უფრო დაბალია ეკონომიკაში აგრარული სექტორის კონტრიბუცია.
აგროსექტორის დამატებული ღირებულება მშპ-სთან და ერთ სულზე მშპ, 2019-2020 წლები
განსხვავებით ეკონომიკის სხვა დარგებისგან, სოფლის მეურნეობა ის სექტორია, სადაც ევროპის კავშირს საერთო პოლიტიკა აქვს. ევროპის კავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ჯერ კიდევ 1962 წლიდან არსებობს, რომლის რეფორმირება 90-იან წლებში განხორციელდა.
როგორც სხვა ბევრი რეფორმა მსოფლიოში, ეს რეფორმაც კრიზისით იყო ნაკარნახები. სწორედ ამ პერიოდში პრინციპულად შეიცვალა პოლიტიკის მიდგომა. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა პროტექციონისტული მიდგომიდან კონკურენტული – საბაზრო ორიენტაციისკენ გადაიხარა. გატარებული რეფორმები კი სუბსიდიების, საბაზრო ინტერვენციების და სხვა ფასების მხარდამჭერი ინსტრუმენტების გაუქმებას ან მკვეთრად შემცირებას გულისხმობდა. მომდევნო რეფორმებიც ამავე მიდგომის გაფართოება იყო.
ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის მთლიანი დახმარება მშპ-სთან (%)
განხორცილებული რეფორმების შედეგებიც თვალსაჩინო იყო. სოფლის მეურნეობის საჯარო დახმარება 3.5-ჯერ შემცირდა, ხოლო სექტორის პროდუქტიულობა გაიზარდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში შრომის პროდუქტიულობამ 41.8%-ით იმატა. ამასთან, გამოიკვეთა ფერმის გამსხვილების ტენდენცია. მაგალითად, 2005-2020 წლებში 100 და მეტი ჰექტარის ზომის ფერმების რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა, ხოლო უფრო ნაკლები ზომის მეურნეობების რაოდენობამ იკლო. ამ პერიოდში 2 ჰექტარზე ნაკლები ფერმების რაოდენობა 47%-ით შემცირდა.
საბოლოოდ, ევროპის კავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ჩამოყალიბდა, როგორც საბაზრო ორიენტაციის მქონე, სადაც ძირითადი მიმართულება ნაცვლად წარმოების სუბსიდირებისა, ფერმერის პირდაპირი მხარდაჭერაა. აღნიშნული მიდგომის განხორციელება კი საბაზო დახმარების საშუალებით ხორციელდება, რომელიც წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულოა. ასეთი მიდგომა კი ნაკლებად ამახინჯებს საბაზრო სიგნალებს, რაც აუცილებელია.
საქართველოში არსებული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ზუსტად ისაა, რომელზეც განვითარებულმა მსოფლიომ ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლო ათწლეულებში თქვა უარი. ამდენად, სოფლის მეურნეობის ხსნა ევროპული გამოცდილების გაზიარებაშია, რაც ევროპულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში გაწევრების შეთხვევაში სავალდებულოც კი არის.