თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი მიზეზიც, მისივე განმარტებით, პანდემიით გამოწვეული მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა. შედეგად, 2021 წელს დედაქალაქის შემოგარენში მიწის ნაკვეთის გაყიდვების 39%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, თიბისი კაპიტალის ცნობით, პირველ ექვს თვეში მიწის ნაკვეთის ყველაზე მეტი ტრანზაქცია ლისზე დაფიქსირდა, შემდეგ კი – საგურამოში.
ამავე პერიოდში ფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით წყნეთი გამოირჩა, სადაც კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულებამ $228-ს მიაღწია. ამის შემდეგ მიწის ნაკვეთი ყველაზე ძვირი ოქროყანასა და თხინვალში ღირდა, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულებამ, შესაბამისად, $117 და $110 შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ივნისში თბილისის შემოგარენში 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები მიწის ნაკვეთის გასაყიდი საშუალო ფასი:
წყნეთი $220/კვ.მ
წავკისი $102/კვ.მ
ლისი $86/კვ.მ
კოჯორი $71/კვ.მ
ტაბახმელა $68/კვ.მ
საგურამო $65 /კვ.მ
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში 2019 წლიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართობზე სამშენებლო ნებართვა წავკისშია (27%) გაცემული, შემდეგ კი წყნეთი (18%) და ტაბახმელა (13%) მოდის.