ევროპაში სტარტაპ-მიმართულება ყვავის. კორონავირუსის პანდემიის გამო, სოციალური და სხვა პრობლემების კრეატიული და ინოვაციური გზებით გადაჭრა განსაკუთრებით აქტუალური და საჭირო გახდა. შესაბამისად, ანტრეპრენიორებმა ახალ იდეებზე დაიწყეს ფიქრი და სტარტაპ-ბაზარიც სწრაფად განვითარდა.
საინტერესოა, რომელია ის ევროპული ქალაქები, სადაც სტარტაპებს განსაკუთრებით ნათელი მომავალი აქვთ. გამოცემა The Local-ი, ESCP ბიზნესსკოლასთან ერთად, რომელიც ევროპის ექვს ქალაქში (ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მადრიდი, ტურინი და ვარშავა) ფლობს კამპუსებს, შეეცადა გამოეკვლია, რომელი ადგილია საუკეთესო და პერსპექტიული სტარტაპებისთვის. ამ მხრივ რამდენიმე ქალაქი გამოიკვეთა:
ლონდონი: კვლავ წამყვანი
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ევროპაში სტარტაპ-ეკოსისტემის სიჯანსაღით და განვითარებით პირველ ადგილს ინარჩუნებს, რასაცამ ქალაქში მომუშავე სტარტაპების რაოდენობა და მათი დაფინანსების მოცულობა განაპირობებს.
ლონდონი რამდენიმე ფინტექ-გიგანტის სამშობლოა. მათ შორისაა Revolut-ი და Wise-ი, რომელთაც ფინანსური სერვისების კუთხით „გადატრიალებაში“ დიდი წვლილი მიუძღვით. თუმცა ეს ქალაქი ბევრ წარმატებულ ისტორიას აგროვებს სხვა სფეროებში შექმნილი სტარტაპების კუთხითაც.
პარიზი: ფინტექი… აქ ფანტასტიკურია
ბევრისთვის პარიზი სტარტაპ-კულტურასთან ვერ ასოცირდება. თუმცა ამ ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში სტარტაპების ბუმია. ამას ხელს მთავრობის მხარდაჭერა და გარკვეული შეღავათების დაწესებაც უწყობს, მაგალითად, ვიზების გაცემა ახლა უფრო სწრაფად ხდება უცხოელი ტალანტების მისაზიდად. გარდა ამისა, პარიზში ყოველწლიურად ტარდება ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ლიდერებს, მათ შორის მარკ ცუკერბერგსაც კი იზიდავს.
ქალაქი კარგად არის წარმოდგენილი ფინტექ-მიმართულებითაც. ბრექსითის შემდეგ პარიზი უფრო კონკურენტული გახდა და უფრო მეტად არის შანსი, რომ მან ევროპის ფინტექ-დედაქალაქის სტატუსიც მოიპოვოს.
პარიზშია ასევე დაფუძნებული გაერთიანება Femmes Business Angels-ი. ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქალს აერთიანებს, რომლებიც სტარტაპების მხარდასაჭერად ინვესტიციებს ახორციელებენ.
გარდა ამისა, ამ ქალაქში მოქმედებს სტარტაპ-ინკუბატორი The Blue Factory, რომელიც 200-იან წლებში ESCP-ის კურსდამთავრებულებმა შექმნეს. ის სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების, დასაქმების, კვებისა და მოდის ინდუსტრიაში იდეების დახვეწასა და პროექტების განვითარებაში ეხმარება.
ბერლინი: მსოფლიო ტალანტების სამიზნე
ბერლინი ევროპაში სტარტაპ-ეკოსისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. ამ ქალაქის კულტურა, ისტორია და ენერგია მსოფლიო ტალანტებს იზიდავს, რომელთაც სურთ, დედამიწა თავიანთი იდეებით უკეთესობისკენ შეცვალონ.
არსებობს ასეთი სტატისტიკაც, რომ ყოველ 20 წუთში ბერლინში ერთი სტარტაპი მაინც იქმნება. ქალაქში მრავლადაა წარმოდგენილი ე.წ. ქოვორქინგ-სივრცეები, ჰაბები, რაც კრეატიულ ატმოსფეროს ქმნის, ეხმარება ინოვატორებს იდეების განხორციელებასა და ახალი კავშირების დამყარებაში.
სხვა ევროპული ქალაქები:
ესპანეთში სტარტაპ-შესაძლებლობები ნელა ვითარდებოდა, თუმცა მადრიდს ბევრი წინსვლა აქვს. შვიდიდან ერთ-ერთი Google-ის სტარტაპ-კამპუსი სწორედ ესპანეთის დედაქალაქში მდებარეობს. ეს ქალაქი ასევე არაერთი „უნიქორნის“ სამშობლოა, რომელთა საბაზრო ღირებულება $1 მილიარდს აჭარბებს. მათ შორის არის აპლიკაცია Cabify და სახლების გაქირავების სტარტაპ-კომპანია Spotahome-იც.
როდესაც ევროპულ სტარტაპ-ცენტრებზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს იტალიის ტექნოლოგიური ეკოსისტემაც, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიაზე ითქმის. თანდათან უფრო მეტ საერთაშორისო ინვესტორს უჩნდება ინტერესი ამ რეგიონისადმი, უფრო მეტიც, ჩრდილოეთი იტალია მეწარმეებისთვის უფრო და უფრო ხელსაყრელ რეგიონად ყალიბდება.
თუ ჩრდილოეთ ევროპაში გადავინაცვლებთ, სტოკჰოლმი უდავო ლიდერია. ეს ქალაქი არაერთ ტექნოლოგიურ კომპანიას მასპინძლობს, რის შედეგადაც შვედეთი ერთ სულ მოსახლეზე სტარტაპებში ინვესტირებული კაპიტალის მიხედვით გლობალურად პირველ ადგილზეა. სწორედ ამ ქალაქში გაჩნდა ინიციატივა „იმოქმედე კორონას წინააღმდეგ“. ეს გაერთიანება მხარს უჭერს სტარტაპებს, რომლებიც კორონავირუსისა და პანდემიის შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
აღმოსავლეთ ევროპაშიც არაერთი სტარტაპ-ტალანტია თავმოყრილი. მაგალითად, ვარშავაში მდებარეობს ევროპის პირველი ვენჩურული კაპიტალის ფონდი Experior Venture Fund-ი, რომელიც ქალებმა შექმნეს და მას თავადვე მართავენ.