ცოტა ხნის წინ QS World University Rankings-ის 2025 წლის სია გასაჯაროვდა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებია თავმოყრილი. რეიტინგის სათავეში, უმაღლესი შეფასებით, კვლავ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტია (MIT), რომელიც აშშ-ში, კემბრიჯში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ MIT სიას ზედიზედ 13 წელია, ლიდერობს.
QS World University Rankings-ის შესადგენად შემდეგი ინდიკატორები გამოიყენეს: აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობის თანაფარდობა, ციტირების მაჩვენებელი, საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო სტუდენტების წილი საერთო რაოდენობაში, მდგრადობა, დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებლის რეპუტაცია, საერთაშორისო კვლევითი ქსელი (კვლევების გლობალური მნიშვნელობა) და სხვა.
2025 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების გამოსავლენად 1500-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი შეფასდა. ამ სიაში მოხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. TSU-ში, QS World University Rankings-ის მონაცემებით, მთლიანობაში 22,076 სტუდენტი სწავლობს, აქედან 857 საერთაშორისო სტუდენტია. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის ჯამური რაოდენობა 3,094-ს შეადგენს, რომლის 99% ადგილობრივებზე მოდის. ამ და სხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, TSU სიაში #791-800 ადგილს იყოფს. ცნობისთვის, 2024 წლისთვის შედგენილ ჩამონათვალში ის #801-850 ადგილს იკავებდა.
იხილეთ ასევე: მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები 2025 წლისთვის