რომელ სიტყვას „გუგლავდნენ“ 2022 წელს ყველაზე ხშირად?

რომელ სიტყვას „გუგლავდნენ“ 2022 წელს ყველაზე ხშირად?

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ის სიტყვები და ტერმინები გამოავლინა, რომელთაც მომხმარებლები 2022 წელს ყველაზე ხშირად „გუგლავდნენ“. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წელს არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ გლობალურადაც მოსახლეობა “Wordle”-ს ეძებდა, New York Times -ის საკუთრებაში არსებულ თამაშს.

“Wordle”-მა Google-ის საძიებო ქსელში პირველობა ისეთ სიტყვებსა და ტერმინებს არ დაუთმო, როგორიცაა „არჩევნების შედეგები“, „დედოფალი ელიზაბეტი“, „უკრაინა“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თამაშის პოპულარობამ გავლენა Google-ის სხვა ტოპ-ტენდენციებზეც იქონია. 2022 წელს მოძიებული სიტყვების განმარტებების ათეულიდან შვიდი Wordle-ის მომხმარებლების მიერ თამაშისას მოძიებული პასუხი იყო.

ონლაინძიებებზე 2022 წლის ძირითადმა მოვლენებმაც იმოქმედა. ასეთი იყო, მაგალითად, სექტემბერში, დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალება, რომელიც  გლობალური ძიების ტოპ-ხუთეულში მოხვდა. „უკრაინა“ Google-ში მიმდინარე წელს მესამე, ყველაზე ფართოდ მოძიებული სიტყვა გახდა. ახალი ამბების კატეგორიას სწორედ „უკრაინა“ ლიდერობს, მას მოსდევს „დედოფალ ელიზებეტის გარდაცვალება“ და „არჩევნების შედეგები’’.

რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, ტექნოლოგიური გიგანტის მომხმარებლებში 2022 წელს ყველაზე დიდი ინტერესით ზაფხულში, ემბერ ჰერდის ცილისწამების საკითხის შემდეგ, მსახიობი ჯონი დეპი ლიდერობდა. დეპს ასევე მსახიობი უილ სმიტი მოჰყვება, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროში განსაკუთრებით „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მოექცა, როდესაც სმიტმა სცენაზე, პირდაპირ ეთერში, კომიკოს კრის როკს სახეში გაარტყა.

კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, აშშ-ის მოსახლეობის ყურადღების ცენტრში ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მოექცა, რომელიც აშშ-ში, Google-ის საძიებო სისტემაში მეორე, ხოლო გლობალურად მესამე ყველაზე ხშირად მოძიებული სპორტსმენი გახდა. გლობალური მასშტაბით, პირველ და მეორე ადგილს, ასევე ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი იკავებენ.

გლობალურად, ყველაზე ხშირად მოძიებული სიტყვების ათეული ასე გამოიყურება:

  1. Wordle
  2. India vs England
  3. Ukraine
  4. Queen Elizabeth
  5. Ind vs SA
  6. World Cup
  7. India vs West Indies
  8. iPhone 14
  9. Jeffrey Dahmer
  10. Indian Premier League
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *