COVID-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითოეული ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედა. ბევრი კითხულობს და ბევრს აინტერესებს თუ რომელი ეკონომიკები დაიწყებენ მალე ზრდას და რომელს პირიქით დიდი მარცხი ელოდებაღ. ამის გასაანალიზებლად, თავდაპირველად საჭიროა რომ გლობალური გარემო გავითვალისწინოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გავიგოთ თუ რომელი ნაბიჯები იქნება გადამწყვეტი პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში. ამის შესახებ indiatimes-ი წერს.
ამჟამად წამყვანი ქვეყნები, რომლებიც გლობალიზაციის უმსხვილესი მოსარგებლეები იყვნენ, მათ შორის ჩინეთი და ინდოეთი, უკვე ცდილობენ თვითკმარობის მიღწევას, რათა სხვებზე დამოკიდებულება შეამცირონ. ამ მიზანს ნაწილობრივ უკვე მიაღწია დანარჩენი ქვეყნებისგან იზოლირებულმა ჩრდილოეთ კორეამ.
ამასთან, მთავრობები სულ უფრო ცდილობენ გაზარდონ კონტროლი ეკონომიკაზე, იღებენ გადაწყვეტილებებს ე.წ შათდაუნის შესახებ და ახდენენ ბიზნესების ნაციონალიზაციას, რაც ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა თუნდაც ნახევარი წლის წინ. ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტს უამრავი ქვეყანა განიცდის. გლობალიზაციის კიდევ ერთი ციტადელი ვირტუალური ეკონომიკა გახდა, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა „ლოკდაუნების“ პერიოდში. მოსახლეობა უკვე სახლიდან მუშაობს, თამაშობს, ყიდულობს, სწავლობს და ა.შ. ეს უკვე თანამედროვე ადამიანის ახალი ჩვევა გახდა, რაც კიდევ უფრო იკიდებს ფეხს. ეს კი „ვირტუალურ საწარმოებს“ უფრო მეტი ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
ქვეყნების წარმატებაზე უდიდესი გავლენა ექნება ინვესტიციებს, სახელმწიფოს კომპეტენციებს, ვალის კუთხით არსებულ ვითარებას და ვაჭრობას.
იმის განსასაზღვრად თუ ვინ იქნება პოსტ-პანდემიური პერიოდის გამარჯვებული, indiatimes-ი ოთხ მთავარ კრიტერიუმს ასახელებს: ძლიერი შიდა ბაზარი; კომპეტენტური მთავრობა, რომელიც დღესდღეობით განისაზღვრება ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორით და ეს არის მილიონ მოსახლეზე კოვიდ-ინფიცირებულთა და გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობით; ასევე რამხელაა სამთავრობო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი; და ბოლოს ციფრული კომპეტენტურობა.
ამ პარამეტრების მიხედვით, აშშ-სა და ჩინეთს ვერ დავასახელებთ ძლიერ ქვეყნებად, და ამისთვის ყველაზე ნათელი არგუმენტი ისაა, თუ როგორ ვერ შეძლო ამ ორმა ქვეყანამ პანდემიასთან სათანადოდ გამკლავება. „გამარჯვებულ ქვეყნებში“ ვერ მივათვლით ინდოეთსაც. ინდოეთი მთავრობის კომპეტენციების კუთხით მე–13–ზეა, ვინაიდან ამ ქვეყანას მილიონ მოსახლეზე 3 300 დაინფიცირებული და 55 გარდაცვლილი ჰყავს, რაც არ არის კარგი პოზიცია და ა.შ.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე მეტი პოტენციალი აქვთ გახდნენ პოსტ-პანდემიური მსოფლიოს გამარჯვებულები, შემდეგია:
გერმანია: ამ ქვეყანაში „ლოკდაუნი“ დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანამ საკმაოდ სწრაფი რეაგირება და კოორდინირება მოახდინა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, რათა პანდემიის მართვა გაიოლებულიყო. ამასთან, გერმანია იყო იმ იშვიათ ქვეყანათა შორის, რომელთაც პანდემიის კრიზისში შესვლა ვალის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით მოუწია.
ფინეთი: შესაძლოა Nokia ისეთი წარმატებული ვეღარ არის, როგორც ადრე, თუმცა, ამ კომპანიის სამშობლო ახლა Microsoft-ის სახლიცაა. ფინეთი აგრძელებს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების „მფარველობას“, როგორიცაა მაგალითად Rovio – ცნობილი თამაშის Angry Birds-ის შემქმნელი. ამასთან, ეს ქვეყანა გამოირჩევა კომპეტენტური ბიუროკრატიით, ვალის დაბალი დონით და მართვადი საჯარო ვალით. ამიტომაც ამ ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა არ იქნება პოსტ-პანდემიური პერიოდი.
შვეიცარია: ამ ქვეყნის მთავრობა ევროპაში შესაძლოა ყველაზე ნაკლებად ცენტრალიზებულია, ამასთან ამ ქვეყანამ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის შეფარდება ძალიან დაბალ დონემდე შეინარჩუნა. შვეიცარიაში შეიქმნა ეკონომიკური აღდგენის სამსახური, რომელიც მცირე ბიზნესებს სესხებს რამდენიმე საათში სთავაზობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მოსახლეობა სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში იმაზე მეტი ევროპული მსხვილი კომპანიაა თავმოყრილი, ვიდრე სკანდინავიის ქვეყნებში ერთად.
ვიეტნამი: ამ ქვეყანას სათავეში პოსტ-კომუნისტური ეფექტური მთავრობა უდგას სათავეში, მან უდიდეს წარმატებას მიაღწია პანდემიის შეკავების პროცესში. ამ დროისთვის ვიეტნამში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა კორონავირუსს. მაშინ როდესაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იმიგრაციასა და ვაჭრობის სიხშირეს ამცირებს, ვიეტნამი პირიქით ინარჩუნებს ღიაობას. ბოლო ათწლეულში ამ ქვეყანამ დაახლოებით 15 შეთანხმებას მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს ვიეტნამი დაასრულებს როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.
ტაივანი: სამხრეთ კორეასთან ერთად ტაივანი ერთ-ერთია ქვეყნებს შორის, რომელსაც შეუძლია ზედიზედ ხუთი ათწლეულის მანძილზე ზრდა. ტაივანი ისევე როგორც სამხრეთ კორეა, ბევრ ინვესტიციას დებს ტექნოლოგიებში და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ციფრულ ქვეყანასაც წარმოადგენს. ასევე ტაივანს ვალის და დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამასთან, ქვეყანაში მილიონ მოსახლეზე კოვიდ-ინფიცირების დონე 0.3-ს შეადგენს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის.
რუსეთი: ამ ქვეყნის ფინანსები ახლა საკმაოდ მყარია. რუბლი ნავთობზე დამოკიდებული სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით, უფრო ნაკლებად რეაგირებს ნავთობის ფასზე. ამასთან, რუსეთს განვითარებული აქვს ციფრული ეკონომიკაც, ცნობილია ისიც რომ რუსეთმა საკუთარი შიდა ინტერნეტ-კომპანიის შექმნაც კი გადაწყვიტა.