რომელმა ქვეყნებმა გაუგზავნეს უკრაინას სამხედრო დახმარება?

რომელმა ქვეყნებმა გაუგზავნეს უკრაინას სამხედრო დახმარება?

რუსეთის უკრაინაში შეჭრა მთელი სამყაროსათვის რეზონანსული გამოდგა. კონფლიქტის საწყის ეტაპზე დასავლეთის პასიურობას თითქმის მთელი მსოფლიო ნეგატიურად აფასებდა. სამხედრო ანალიტიკოსები თუ საგარეო პოლიტიკის ექსპერტები უკრაინული გამარჯვების ნაპერწკალს მხოლოდ სამხედრო დახმარებაში ხედავდნენ. პირველ საათებში კი სამხედრო დახმარების სურვილს არავინ გამოთქვამდა.

ბუნებრივია, რუსულმა აგრესიამ დასავლეთი გააერთიანა. მათმა შეშფოთებამ  კი ეკონომიკური ბერკეტების ამოძრავება განაპირობა. რუსული აქტივებისათვის სანქციების დაწესებას ქვეყნები ერთიმეორის მიყოლებით უერთდებოდნენ. რუსული სამხედრო ნაწილები კი საკუთარ შეტევებს მშვიდობიან მოსახლეობაზე არ აჩერებდნენ.

როგორც ჩანს, ამ გარემოებამ დასავლეთს უფრო მკაცრი ზომების მიღებისაკენ უბიძგა. რუსული კომპანიებისა და პუტინის უახლოესი გარემოცვისადმი მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს სულ მალე უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის სურვილი შეემატა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ამ ქვეყნების სიაში ისეთი სახელმწიფოებიც ერთიანდებიან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტისაკენ იხრებოდნენ.

Forbes Georgia წარმოგიდგენთ იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალს, რომელთაც უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნეს:

  • 25 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უბრძანა, რომ უკრაინისათვის 350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება გამოყოს. უკრაინა ამერიკისაგან ძირითადად Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო გამშვებებსა და Stinger-ის რაკეტებს ითხოვს. სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის განმარტებით უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსაც მიიღებს.
  • ჯერ კიდევ იანვარში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მსუბუქი წონის ჯავშანსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებით მოამარაგებდა. ამჯერად კი დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებასაც დაჰპირდა.
  • საფრანგეთი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო და ციფრული იარაღით მოამარაგებს. გარდა ამისა, მისთვის გამოყოფს საწვავსაც.
  • ნიდერლანდების მთავრობა უკრაინაში საკმაოდ მსუყე შეიარაღებას გზავნის. ისინი უკრაინელებს 200 ერთეულ Stinger-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტასა და 50 გამშვებ ტანკსაწინააღმდეგო Panzerfaust-ს მიაწვდიან 400 რაკეტასთან ერთად.
  • ძალიან საინტერესო ცვლილება მოხდა გერმანიის პოზიციაში. თუკი იგი აქამდე არათუ საკუთარ შეიარაღებას არ გზავნიდა, არამედ სხვა ქვეყნებსაც უკრძალავდა გერმანული წარმოების იარაღის მიწოდებას, ამჯერად ის 1000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და Stinger-ის მიწა-ჰაერის ტიპის 500 რაკეტას გზავნის.
  • ლეტალური შეიარაღების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო კანადამაც. გარდა ამისა, ის უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად.
  • ისტორიული ნეიტრალიტეტი დაარღვია შვედეთმაც. ოფიციალური სტოკჰოლმი 1939 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ფინეთში შეჭრის შემდეგ სამხედრო დახმარებას საგარეო კონფლიქტში პირველად გზავნის. შვედეთი უკრაინას 5000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, საკვებ რაციონსა და ჯავშანჟილეტებს გაუგზავნის.
  • ბელგია უკრაინას 3000 ავტომატური შაშხანით, 200 ტანკსაწინააღმდეგო სისტემითა და 3800 ტონა საწვავით დაეხმარება.
  • პორტუგალია უკრაინას ღამისხედვის სათვალეებით, G3 ავტომატური შაშხანებით, ხელყუმბარებითა და ჩაფხუტებით მოამარაგებს.
  • ჯერჯერობით დაუდგენელ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის საბერძნეთიც.
  • მოსაზღვრე რუმინეთი საკუთარ საავადმყოფოებში დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს მიიღებს. გარდა ამისა, სამხედრო დახმარების სახით საწვავი, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები გაიგზავნება.
  • ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას 4000 ნაღმმტყორცნით, 30 000 პისტოლეტით, 7000 საბრძოლო შაშხანით, 3000 ტყვიამფრქვევით, სნაიპერული შაშხანებითა და მილიონი ტყვიით დაეხმარება.
  • ბოლოს კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისტორიული გადაწყვეტილება, ევროკავშირმა ორგანიზაციის სახელით მიაწოდოს უკრაინას სამხედრო შეიარაღება. ევროკავშირი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს მიაწვდის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ საფრენ აპარატთან შეგუებას დიდი ხანი სჭირდება, დახმარების სახით მიწოდებული თვითმფრინავები არა უახლესი ტექნოლოგიის მქონე, მეხუთე თაობის გამანადგურებლები, არამედ უკრაინელი პილოტებისათვის კარგად ნაცნობი აპარატები იქნება. კერძოდ, უკრაინა მიიღებს 3 ერთეულ MiG-29-ს პოლონეთისგან, სლოვაკეთისგან და ბულგარეთისგან და ასევე 1 ერთეულ Su-25-ს ბულგარეთისაგან.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *