Variety-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი მსახიობი, რომლებმაც ფრანკო ძეფირელის რეჟისორობით 1968 წელს გადაღებულ ფილმში „რომეო და ჯულიეტა“ თინეიჯერობისას ითამაშეს, Paramount Pictures-ს უჩივის. ისინი კინოსტუდიას სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ ფილმში შიშველი სცენის გამო, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი ნებართვის გარეშეა გადაღებული. მსახიობებმა სარჩელი პარასკევს სანტა-მონიკას უზენაეს სასამართლოში წარადგინეს.
ეს მსახიობები ოლივია ჰასი და ლეონარდ უაიტინგი არიან, რომლებიც ფილმის გადაღებისას, შესაბამისად, 15 და 16 წლისები იყვნენ. კინოვარსკვლავების განცხადებით, აწ გარდაცვლილმა ძეფირელიმ მათ უთხრა, რომ ფილმში შიშველი სცენები არ მოხვდებოდა. როგორც მსახიობები აღნიშნავენ, რეჟისორის დაპირებით, კამერას კადრი სხვა კუთხიდან უნდა გადაეღო, რის შედეგადაც ამის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი.
„რომეო და ჯულიეტას“ მონაწილეების თქმით, ფილმში შიშველი სცენის გამოჩენამ მათ კარიერაზე იმოქმედა, ვინაიდან მსახიობებმა განიცადეს ფსიქიკური ტანჯვა და ემოციური დისტრესი, რისთვისაც $500 მილიონის ოდენობის კომპენსაციას ითხოვენ.
ფრანკო ძეფირელის ფილმი შექსპირის პიესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოადაპტაციაა. აღსანიშნავია, რომ „რომეო და ჯულიეტაში“ მონაწილეობის შემდეგ, ოლივია ჰასიმ ითამაშა ფილმებში „Lost Horizon“, „Black Christmas“ და „Death On The Nile“, ხოლო უაიტინგი გამოჩნდა ფილმებში „War is War“ და „Say Hello To Yesterday“. გარდა ამისა, ორივემ მიიღო მონაწილეობა 2015 წლის კინოსურათში „Social Suicide“.
რაც შეეხება ძეფირელის, ის ფილმისთვის „რომეო და ჯულიეტა“, საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ოსკარზე იყო ნომინირებული.