რუს მილიარდერს ყოფილი მეუღლე $7 მილიარდს სთხოვს - პოტანინის განქორწინება

რუს მილიარდერს ყოფილი მეუღლე $7 მილიარდს სთხოვს - პოტანინის განქორწინება

რუსი მილიარდერის ვლადიმერ პოტანინის მეუღლე განქორწინების შემდეგ ქმრისგან ქონების მესამედს ითხოვს. მას შემდეგ რაც ნატალია პოტანინამ რუსეთში სასამართლო ვერ მოიგო, გადაწყვიტა საქმე გაერთიანებული სამეფოს სასამართლო სისტემისთვის გადაეცა. ეს კი ბრიტანეთში ყველაზე მსხვილი განქორწინების საქმეა, რომლის განხილვაც კი აქამდე მომხდარა.

ნატალია პოტანინა ყოფილი მეუღლისგან $6.9 მილიარდს ითხოვს, რაც მისი მთლიანი ქონების თითქმის მესამედია. დაახლოებით ასეთივე იყო მისი მოთხოვნა რუსულ სასამართლოშიც, თუმცა მაშინ პოტანინამ დავა წააგო.

Forbes-ს ვლადიმერ პოტანინის ქონება 19.1 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული და ამ თანხით ის რუსეთში ნომერ მეექვსე ყველაზე მდიდარი ადამიანია. დღეს პოტანინის მფლობელობაშია კომპანია Norilsk Nickel –ის მესამედი და საინვესტიციო კომპანია Interros–ი.

პოტანინების წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა, ნატალია პოტანინა კი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ მას ქონების წილი არ მიუღია, რადგან მისი მეუღლე რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოვებული პირია. 2016 წლიდან ნატალია პოტანინა ბრიტანეთის მოქალაქე გახდა და სწორედ ამიტომ საქმის განხილვას ლონდონის სასამართლოში ითხოვს.

თუკი ნატალია პოტანინა მოთხოვილ თანხას მიიღებს, ეს მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მსხვილი განქორწინება იქნება. თუმცა, ის კვლავ ჩამოუვარდება ჯეფ ბეზოსის განქორწინებას, როდესაც პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა განაცხადა, რომ ყოფილ მეუღლეს Amazon-ის 25%–ს, დაახლოებით 35 მილიარდი დოლარის ქონებას გადაუფორმებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *