რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შვეიცარიამ რუსული ოქრო პირველად შეიძინა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შვეიცარიამ რუსული ოქრო პირველად შეიძინა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მაისში, შვეიცარიამ რუსული ოქრო პირველად შეიძინა, – ამის შესახებ Reuters-ი შვეიცარიის საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს. თავისთავად ეს სიახლე უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან შვეიცარია ოქროს უმსხვილესი სატრანზიტო ცენტრია, ხოლო რუსეთი – მისი ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი.

ამა წლის მაისში, რუსეთიდან შვეიცარიაში $200 მილიონის ღირებულების 3.1 ტონა ოქრო შევიდა, რაც შვეიცარიის მიერ იმპორტირებული ოქროს 2-3%-ს შეადგენს. საინტერესოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე შვეიცარია ყოველთვიურად საშუალოდ 2 ტონა რუსული ოქროს იმპორტს ახდენდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ოქროს კომერციულ ტრანზაქციებს პირდაპირ არ შეხებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბანკებმა და ოქროთი მოვაჭრეებმა რუსეთიდან ძვირფასი ლითონის იმპორტი შეაჩერეს.

რაც შეეხება ექსპორტს, შვეიცარიიდან ჩინეთში გატანილი ოქროს მოცულობა შემცირდა, მაგრამ ინდოეთში – გაიზარდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩინეთი და ინდოეთი ოქროს მსოფლიოს ორი უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზარია.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი რუსული ოქროს სანქცირებას გეგმავს – ამგვარი შემოთავაზება ევროკავშირში დანიის ელჩმა გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. Reuters-ი წერს იმასაც, რომ ჯერჯერობით უცნობია, ახალი სანქციები რუსული ოქროს იმპორტს შეეხება, ექსპორტს, თუ – ორივეს.

 

Photo Credits: REUTERS/Alexander Manzyuk

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *