რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის.  ამას CNBC სერგეი ლავროვის იმ ინტერვიუს ფრაგმენტზე დაყრდნობით წერს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

ინტერვიუში სერგეი ლავროვი ამბობს:  „ჩვენ კვლავ ვხედავთ სანქციებს, რომლებსაც ცალკეულ სექტორებს უწესებენ, ეს კი ჩვენს ეკონომიკას რისკების წინაშე აყენებს, მათ შორის – ყველაზე სენსიტიურ სფეროებში“.

„ჩვენ არ გვსურს გლობალური ცხოვრებისგან იზოლირება, თუმცა  მზად ვართ ამისთვის. თუ მშვიდობა გსურს – ომისთვის უნდა მოემზადო“, –  – განაცხადა ლავროვმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით CNBC-მ სცადა ევროკომისიის წარმომადგენლებსაც დაკავშირებოდა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა  არც ერთ უწყებას  კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, გასულ კვირას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მოსკოვში რუს კოლეგას შეხვდა. ვიზიტის პერიოდში ლავროვმა აღნიშნა: „ევროკავშირი არ არის სანდო პარტნიორი, სულ მცირე – ამ ეტაპზე“. ბორელმა ამ კომენტარს იქვე ვერ უპასუხა, რამაც ევროპელ კანონმდებლებში გაღიზიანება გამოიწვია.

ამას გარდა, ბორელმა მხოლოდ „ტვიტერით“ შეიტყო მოსკოვში ვიზიტის დროს, რომ რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი ნავალნის მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე დასწრების გამო ქვეყნიდან გააძევა.

ვიზიტის შემდეგ რამდენიმე დღეში კი ჯოზეფ ბორელმა თავის ბლოგში აღნიშნა:

„ჩემი ვიზიტის დროს აგრესიულად დაგეგმილი პრესკონფერენცია და სამი ევროპელი დიპლომატის გაძევება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მთავრობას არ სურს, გამოიყენოს შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგისთვის“.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.  ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი მოსკოვს სანქციებს დაუწესებს. ცნობისთვის, მხარეებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა.

ანალიტიკოსების თქმით, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ერთგვარი ზეწოლა იქნება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელებაზე, რომელმაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება რუსეთიდან გერმანიამდე უნდა უზრუნველყოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *