“როსპოტრებნადზორი” ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ბოლო წლებში რუსეთში საქართველოდან შეტანილი ღვინის ხარისხი გაუარესებულია.
რუსული უწყება წერს, რომ 2014-2018 წლებში სავალდებულო მოთხოვნებთან შეუსაბამო ქართული პროდუქციის რაოდენობა 2,9-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 203 000 ლიტრი შეადგინა.
ამასთან უწყება ასახელებს კომპანიებსაც, რომლებიც საქართველოდან რუსეთში ექსპორტს ახორციელებენ: “ბაგრატიონი 1882”, “ბოლერი ენდ კომპანი”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა”, “ბადაგონი”, “ქართული ღვინის სახლი”, კორპორაცია “ქართული ღვინო”, “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, “ბატონო”. უწყების ინფორმაციით, ღვინის აღნიშნული პარტიების რუსეთის ტერიტორიაზე დაშვება არ არის ნებადართული.
კომპანიები, რომლებსაც რუსული უწყება ასახელებს, საქართველოდან ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. კერძოდ, კი 2006 წლის ემბარგომდე. მიუხედავად, იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების რაოდენობა გაიზარდა და მსოფლიოს 55 ქვეყანას გადასცდა, დღესაც ქართული ღვინის მთავარი შემსყიდველი რუსეთია. რუსეთში დღეს მეტი ქართული ღვინო გადის, ვიდრე ერთად აღებული მთავარი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.
ღვინის ექსპორტი 2018 წელს ტოპ-5 ქვეყნის მიხედვით:
რუსეთი – 53 682 627 ბოთლი ღვინო
უკრაინა –10 687 835 ბოთლი
ჩინეთი – 6 951 019 ბოთლი
ყაზახეთი – 3 599 143 ბოთლი
პოლონეთი – 3 508 122 ბოთლი