რუსეთი შავი ზღვის შეთანხმებას ტოვებს - მსოფლიოს სასურსათო მარაგი საფრთხის ქვეშაა

რუსეთი შავი ზღვის შეთანხმებას ტოვებს - მსოფლიოს სასურსათო მარაგი საფრთხის ქვეშაა

გასულ უქმეებზე რუსეთმა გაეროს შუამდგომლობით მიღწეული, შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა. რუსეთის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, დააზარალებს იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში გადაზიდვებს და არსებულ გლობალურ სასურსათო კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

შაბათს რუსეთმა გაეროს მარცვლეულის შეთანხმებაში მისი მონაწილეობა „განუსაზღვრელი ვადით“ შეაჩერა, ზუსტად მას შემდგომ, რაც უკრაინული მხარე ყირიმში, შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა. რუსეთის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლით, ეჭვქვეშ დგება ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისთვის განკუთვნილი ასიათასობით ტონა ხორბლის მიწოდების საკითხი, ამასთან ერთად კი ვარაუდობენ, რომ ევროპაში უკრაინული სიმინდის ექსპორტიც შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს სურსათის უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის არიან. შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვების ბლოკადა, მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე, გლობალური სასურსათო კრიზისის გამომწვევ მიზეზად იქცა. შეთანხმებიდან რუსეთის გასვლისთანავე, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსების ფასმა 5%-ზე მეტით, ხოლო სიმინდმა 2%-ით მოიმატა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი, შეთანხმების დატოვების გამო, „მსოფლიოს შიმშილობით შანტაჟში“ დაადანაშაულა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბლოკილია 218 გემი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა, რაც გლობალურ შიმშილობას უფრო მეტად გაამწვავებს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთი საკვების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *