რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში VPN-სერვისების აკრძალვის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს. ამ ეტაპზე შეზღუდვა შეეხება Proton VPN-ს, Outline VPN-სა და Lantern-ს. საინტერესოა, რომ რუსული მხრიდან რეგულაციების შემოღების თაობაზე ეჭვები პირველად მას შემდეგ გაჩნდა, რაც Proton VPN-ის მრავალმა მომხმარებელმა პროგრამის შეფერხებით მუშაობის შესახებ განაცხადა.
„ინტერნეტკავშირის შესახებ კანონის თანახმად, ის საშუალებები, რომლებიც უკანონო კონტენტის ბლოკირებას გვერდს უვლის – საფრთხედაა მიჩნეული. საყოველთაო კავშირის მონიტორინგისა და ხელმძღვანელობის ცენტრი შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იმ VPN-სერვისების წვდომა შეზღუდოს, რომლებიც რუსეთის კანონმდებლობას არღვევენ“, – ვკითხულობთ „როსკომნადზორის“ მიერ „ინტერფაქსისთვის“ გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში VPN-სერვისების აკრძალვის შესახებ პირველად რუსეთის სახელმწიფო დუმის ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ხინშტეინმა ისაუბრა, ჯერ კიდევ 15 მარტს. იმ დროს, აკრძალული VPN-სერვისების რიცხვმა 20 შეადგინა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მალე, ეს რიცხვი რადიკალურად გაიზრდება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ საინფორმაციო აგრეგატორის, Top10VPN.com-ის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთში 400 გამოცემა, 138 ფინანსური ვებგვერდი, 93 ომის საწინააღმდეგო სოციალური პლატფორმა და 3 მსხვილი სოციალური ქსელი – Twitter-ი, Facebook-ი და Instagram-ი აკრძალეს. პროექტ „როსკომსვობოდას“ ინფორმაციით, საერთო ჯამში დაბლოკილია 741 ვებგვერდი.