რუსეთის ბაზარზე ჩინური ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა

რუსეთის ბაზარზე ჩინური ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ქვეყანა ისეთმა გლობალურმა ავტომწარმოებლებმა დატოვეს, როგორიც Volkswagen-ი და General Motors-ია, მის ბაზარზე ჩინური ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ერთ დროს რუსეთი ევროპისთვის ავტომობილების სარეალიზაციო ბაზრებს შორის სიდიდით მესამე ადგილს იკავებდა.

ევროპული ბიზნესასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში, რუსეთში ოთხი ყველაზე პოპულარული ბრენდიდან სამი ჩინური წარმოების იყო – Chery, Haval-ი და Geely. მიუხედავად ამისა, ამავე პერიოდში, რუსული ავტომწარმოებლის Lada-ს გაყიდვები, ჩინური სამეულის გაყიდვებს 143,618-ით ერთეულით აღემატებოდა. შედეგად, ჩინურმა მოდელებმა რუსეთის მთლიანი გაყიდვების მესამედი შეადგინა.

უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების ფონზე, ქვეყნიდან Volkswagen-ის, GM-ის, Ford-ის, Nissan-ის, Toyota-სა და Renault-ს გასვლით რუსეთში ავტომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ჩინური ბრენდების დახმარებით, რუსეთში ავტომობილების გაყიდვებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, რუსეთის მასშტაბით, ავტომობილების სრული გაყიდვები 10%-ით, 428,308 ერთეულამდე გაიზარდა.

პარალელურად კი, რუსეთში ჩინური კომპანიების სადილერო ქსელი გაფართოვდა და გასული თვის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი მაჩვენებლის 46% შეადგინა. ამჟამად, რუსეთის ბაზარზე ჩინეთიდან 19 საავტომობილო ბრენდია წარმოდგენილი, რვა მათგანს კი, 100-ზე მეტი დილერიც კი ჰყავს.

ჩინური მანქანები რუსეთის ბიზნესსექტორშიც გვხვდება. ერთ-ერთი რუსული გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ტაქსის სერვისით მომსახურების უმსხვილესმა კომპანია Yandex taxi-მ, ჩინურ ავტომწარმოებლებთან შეთანხმებას მიაღწია. გარიგების ფარგლებში, Yandex taxi, ჩინური ბრენდების, მათ შორის Chery-ის, Haval-ისა და Geely-ის ავტოპარკებს შეისყიდის.