ფოტო: Igor Ivanko/AFP/Getty Images
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ერთი თვით, ამჯერად ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა. როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, მოსკოვის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გლობალურად დიზელის მიწოდებაზე არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავოს. სწორედ ამ პრობლემის გამო ვაშინგტონი რუსეთსა და უკრაინას ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდებს.
კრემლმა დიზელის ექსპორტზე შეზღუდვა მიმდინარე წლის ივლისში, მას შემდეგ დააწესა, რაც უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქვეყნის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები დაზიანდა. ამ თავდასხმების გავლენით, რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საწვავის ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მოქალაქეებს საწვავის მისაღებად საათობით უწევდათ რიგში დგომა.
შექმნილი დეფიციტის შესამსუბუქებლად, რუსეთს საწვავის იმპორტიც კი დასჭირდა ინდოეთიდან, რომელიც რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ექსპორტის აკრძალვის გაგრძელების გადაწყვეტილება საწვავის ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღეს. განსაკუთრებით კი ამ პერიოდში, რადგან მოსავლის აღების სეზონზე ქვეყანაში საწვავზე მოთხოვნაც მკვეთრად იზრდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდასხმებით შექმნილ დეფიციტამდე, რუსეთი დიზელის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი იყო. Kpler-ის მონაცემებით, რუსეთმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ექსპორტზე დაახლოებით 4.6 მილიონი ბარელი დიზელი გაიტანა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 40%-ით ნაკლებია.













