რუსეთმა ნავალნის ძმა ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთმა ნავალნის ძმა ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმას, ოლეგ ნავალნის, სისხლის სამართლის ბრალდება ემუქრება. პარალელურად კი, ნავალნის დედა პუტინისგან მისი შვილის ცხედრის გადაცემას მოითხოვს.

სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოლეგ ნავალნი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ძებნილთა სიაში შეიყვანა. თუ რას ედავებიან ნავალნის, ამ ეტაპისთვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. სააგენტოს განცხადებით, ოლეგ ნავალნი ძებნილთა სიაში 2022 წლის იანვარში იყო და ახლა ხელახლა დააბრუნეს.

თუმცა როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება Mediazona სამინისტროს ძებნილთა სიების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ნავალნისადმი წაყენებული ახალი ბრალდებები საეჭვოა, პუტინის კრიტიკოსის ძმა ძებნილთა სიაში 2022 წლიდან აღირიცხება. ამავდროულად კი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, თუ როგორ სთხოვს ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მისი გარდაცვლილი შვილის ცხედრის გადაცემას.

ცნობისთვის, 47 წლის რუსი ოპოზიციონერი ხუთი დღის წინ, 16 თებერვალს, ციხეში გარდაიცვალა. ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ქმრის საქმიანობას და პრეზიდენტი პუტინი თავისი ქმრის მკვლელობაშიც დაადანაშაულა. თავის მხრივ, კრემლმა ბრალდებები უარყო.

თუმცა ნავალნის მხარდამჭერებზე ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელია ნავალნის მემორიალურ ღონისძიებებზე მასობრივი დაკავებები. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ შაბათ-კვირას დაკავებულთა რაოდენობამ 300 პირს მიაღწია.